ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2010 წლის ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების შეჯამება


2010 წლის ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების შეჯამება
2010 წლის ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების შეჯამება

სტარტის ხელშეკრულებასთან დაკავშირებულმა მოლაპარაკებებმა, ისევე როგორც, დოკუმენტის რატიფიცირების პროცესმა, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში სხვა დადებითი ძვრები დაჩრდილა.

2010 წლის ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების შემაჯამებელი მიმოხილვა

როგორც "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი ანდრე დე ნეშნერა ვაშინგტონიდან გვაცნობებს, 2010 წელი ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში უაღრესად ნაყოფიერი აღმოჩნდა.

რასაკვირველია, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა დეკემბრის მიწურულს შეერთებული შტატების სენატის მიერ ახალი სტარტის ანუ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების რატიფიცირება გახლდათ.

რატიფიცირების შემდეგ შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც სენატის სხდომას თავჯდომარეობდა, სენატში მიცემული ხმები საბოლოოდ გადათვალა:

„71 სენატორმა ხელშეკრულებას მხარი დაუჭირა, 26 სენატორი დოკუმენტის რატიფიცირების წინააღმდეგ გამოვიდა. ვინაიდან ხელშეკრულებას სენატის ორმა მესამედმა მხარი დაუჭირა, რატიფიცირების რეზოლუცია მიღებულია “ - განაცხადა ვიცე პრეზიდენტმა სხდომის დროს.

სენატის მიერ ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მედიის წარმომადგენლებთან პრეს კონფერენცია გამართა:

„ორი ათწლეულის მანძილზე ეს ხელშეკრულება შეიარაღების შემცირების სფეროში, ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება გახლავთ. ამ დოკუმენტის მიღებით, ჩვენ რუსეთთან ერთად ბირთვულ არსენალს შევამცირებთ, რაც ჩვენ უსაფრთხოებას გააძლიერებს “ - აღნიშნა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

სენატის მიერ ხელშეკრულების რატიფიცირება პრეზიდენტ ობამასთვის მნიშვნელოვან გამარჯვებას ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი გახადა.

ახალი სტარტის ხელშეკრულების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დისლოცირებული გრძელი რადიუსის მოქმედების ბირთვული ქობინების რიცხვი 1,550-მდე შემცირდება. ამას გარდა, დისლოცირებული სტრატეგიული ბირთვული რაკეტების მიწოდების საშუალებები, სატყორცნი დანადგარებისა და მძიმე ბომბდამშენების ჩათვლით, 700-მდე შემცირდება. ხელშეკრულება აგრეთვე შეიცავს დებულებას, რომელიც ხელშეკრულების შესრულების შემოწმებასთან დაკავშირებული ზომების განხორციელებას ითვალისწინებს.

ახლა ხელშეკრულების რატიფიცირება რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ანუ სახელმწიფო დუმამ უნდა მოახდინოს. შემდეგ კი პარლამენტის ზედა პალატამ ანუ ფედერაციის საბჭომ. ექსპერტების აზრით, რუსეთში ხელშეკრულების რატიფიცირება თითქმის გარანტირებულია.

ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის თანამშრომელი ჯონ პარკერი, რომელიც პირად მოსაზრებებს გამოხატავს, აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ახალი სტარტის ხელშეკრულებას იმავე მნიშვნელობას ანიჭებს, როგორც ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა:

„ვინაიდან მედვედევი პრეზიდენტ ობამასთან ერთად ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პირადად იყო ჩართული, ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მან ამ პროცესს ხომ ბევრი დრო დაუთმო და როცა დუმა და ფედერაციის საბჭო ამ დოკუმენტის რატიფიცირებას მოახდენენ, მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი ამით ბევრ პოლიტიკურ ქულას მოიგებს" - აღნიშნა პარკერმა.

ბევრი ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ სტარტის ხელშეკრულებასთან დაკავშირებულმა მოლაპარაკებებმა, ისევე როგორც დოკუმენტის რატიფიცირების პროცესმა, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში სხვა დადებითი ძვრები დაჩრდილა.

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ ლეგვოლდი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ ამგვარ ფაქტორს ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით, მოსკოვთან მზარდი თანამშრომლობა წარმოადგენს:

„ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი ავღანეთში მიმავალი სამხედრო აღჭურვილობის ტრანზიტის მხარდაჭერა გახლავთ. წარსულში ავღანეთში დისლოცირებული სამხედრო ძალებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის ორ მესამედზე მეტი პაკისტანის დასავლეთ რეგიონიდან იგზავნებოდა, რასაც საფრთხეს მეამბოხეები უქმნიდნენ. ამას გარდა, ამ ბერკეტს შეერთებულ შტატებზე ზეწოლის მოხდენის მიზნით, ზოგჯერ ამერიკელი სამხედროების გარკვეული მოქმედებებით გაღიზიანებული პაკისტანის მთავრობა იყენებს. ამდენად თვით ის ფაქტი, რომ რუსებმა ჩვენ სახმელეთო და საჰაერო მარშრუტების გამოყენებით ავღანეთში სამხედრო და არასამხედრო აღჭურვილობის ტრანზიტის უფლება მოგვცეს უაღრესად მნიშვნელოვანია იქ შეერთებული შტატებისა და ნატოს საბრძოლო მოქმედებების წარმართვისთვის “- აღნიშნა ლეგვოლდმა.

ექსპერტებმა შენიშნეს ისიც, რომ მოსკოვმა ირანთან მიმართებაში პოზიცია აშკარად გაამკაცრა, რაც უწინარეს ყოვლისა გამოიხატა იმაში, რომ რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში ირანის წინააღმდეგ ახალი და უფრო მკაცრი სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა. ამას გარდა, რუსეთმა ირანისთვის S-300-ის ტიპის ანტი-სარაკეტო სისტემების მიწოდებაზე უარი განაცხადა.

რუსეთმა აგრეთვე ევროპაში ანტი-სარაკეტო სისტემის შექმნის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა. თავდაპირველად წლების მანძილზე ამ სფეროში შეერთებული შტატების გეგმების კრიტიკის შემდეგ, მოსკოვი ნატოსთან ანტი-სარაკეტო სისტემის შექმნასთან დაკავშირებულ თანამშრომლობაზე დათანხმდა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ შემდგომში მოსკოვმა და ვაშინგტონმა ურთიერთობები 2010 წელს მიღწეულ პროგრესზე დაყრდნობით უნდა განავითარონ. მომავალ წელს ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თხოვნის განხილვა იქნება, რასაც ობამას ადმინისტრაცია ემხრობა.

XS
SM
MD
LG