ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2010 - რესპუბლიკელების წელიწადი


2010 - რესპუბლიკელების წელიწადი
2010 - რესპუბლიკელების წელიწადი

რეიტინგის ვარდნის მიუხედავად პრეზიდენტი ობამა იმედს არ კარგავს

კონგრესის არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ანალიტიკოსები არჩევნების შედეგების მიახლოებითი პროგნოზების შექმნას ცდილობენ. მათი თქმით, არჩევნებზე ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქონიებს გავლენას. პირველი, ეს არის ქვეყნის ეკონომიკა და ამომრჩევლის უარყოფითი განწყობა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისადმი, რაც პრეზიდენტ ობამას და მის დემოკრატებს დიდ დარტყმას მიაყენებს. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი მოსახლოებაში კონსერვატიული განწყობების გაძლიერებაა, რაც ასევე რესპუბლიკელ კანდიდატებს დაეხმარება წარმატების მიღწევაში. ამ ფაქტორის შექმნაში კი უდიდესი წვლილი „ჩაის სმის მოძრაობას“ ეკუთვნის. ჯულია მაკლაუდი ამ სახალხო მოძრაობის მხარდამჭერია. მან ვაშინგტონში რამდენიმე დღის წინ გამართულ მიტინგშიც მიიღო მონაწილეობა.

„ჩვენ გვაწუხებს ის, რასაც კონგრესი და ობამა აკეთებენ. ჩვენ ნაკლები მმართველობა გვჭირდება. არ გვინდა რომ ამდენ გადასახადს ვიხდიდეთ,“ - ამბობს ჯულია.

ქუინიპიაკის უნივერსიტეტის მკვლევარი პიტერ ბრაუნი ამბობს, რომ კონსერვატიული განწყობების გაძლიერებას ხელს უწყობს შრომის ბაზრის შესუსტებაც

„129 საკითხიდან ეკონომიკა პირველ ადგილზე დგას. და ეკონომიკაში კი ხალხი პირველ რიგში უმუშევრობას ხედავს. ვიდრე უმუშევრობის მაჩვენებელი მაღალია, ამომრჩეველთა ოპტიმიზმი ეკონომიკის გაუმჯობესებისადმი დაბალი იქნება, რაც პრეზიდენტ ობამას სასარგებლოდ ვერ იმუშავებს,“ - ამბობს ბრაუნი.

შესაბამისად რესპუბლიკელებიც კონგრესში უმრავლესობის მისაღებად ემზადებიან.

„მე ვფიქრობ წამყვანი მომენტი არჩევნებში იქნება ის, რომ ოპოზიციურ ძალებს - რესპუბლიკელებს და ჩაის სმის მოძრაობას არ მოსწონთ თუ საით მიდის ქვეყანა. ისინი ფიქრობენ, რომ ეკონომიკა გაუარესებულია და მთავრობა კი უზომოდ გაზრდილი,“ - ამბობს ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის ანალიტიკოსი ჯონ ფორტერი.

კონსერვატიული ძალებიდან კი კვლავ თვალსაჩინოა ალასკას ყოფილი გუბერნატორი სარა პალინი. ის „ჩაის სმის მოძრაობის“ ფავორიტი და ორი წლის შემდეგ პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატია.

მან რამდენიმე დღის წინ აიოვაში რესპუბლიკელების შეხვედრაზე ისაუბრა. პალინმა განაცხადა, რომ 2012 წლამდე მოცდა და შემდეგ ქვეყნის უკან, სწორ რელსებზე დაყენება არ შეიძლება. მან რესპუბლიკელებს ძლიერი ლიდერების არჩევისკენ მოუწოდა, რომლებსაც რყევების არ შეეშინდებათ.

მართალია პრეზიდენტ ობამას რეიტინგი უკანასკნელი თვეების მანძილზე საგრძნობლად დაცემულია, თუმცა ის იმედოვნებს, რომ დემოკრატებს მთელ ქვეყანაში კამპანიის სწორად წარმართვის შემთხვევაში წარმატების შანსები აქვთ. თუმცა, პრეზიდენტის ოპტიმიზმს არ იზიარებენ ანალიტიკოსები და დემოკრატებს დამარცხებას უწინასწარმეტყველებენ.

„ისტორიულად პარტია, რომელიც აკონტროლებს თეთრ სახლს, ის მარცხდება კონგრესის არჩევნებში და წელს თუ დემოკრატები კონგრესში ადგილებს არ დაკარგავენ ეს ნამდვილად შოკი იქნება. საკითხავია, თუ რამდენ ადგილს დაკარგავენ. ბევრი ფიქრობს იმას, რომ ეს წელი რესპუბლიკელებისთვის ძალიან კარგი წელი იქნება,“ - ამბობს ანალიტიკოსი ბრაუნი.

ანალიტიკოსი ჯონ ფორტერი ამბობს, რომ არჩევნების შედეგებს უდიდესი გავლენა ექნება პრეზიდენტ ობამას მართვის სტილზე და მის შემდგომ შესაძლებლობებზე. რესპუბლიკელებს წარმოამდგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად 39 ადგილი სჭირდებათ, ხოლო სენატში კი 10 მანდატი. შეძლებენ თუ არა რესპუბლიკელები დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას, ნოემბერში გახდება ცნობილი. მანამდე კი მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეიძლება.

XS
SM
MD
LG