ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეალობა გორში და მოლაპარაკებები


რეალობა გორში და მოლაპარაკებები
რეალობა გორში და მოლაპარაკებები

„გასული კვირის განმავლობაში 9 ადამიანი დააკავეს, აქედან ოთხი გაათავისუფლეს, ხუთი ისევ მათ ტყვეობაში რჩება, ყველა მათგანი ახალგორელია. მიუხედავად დე–ფაქტო ადმინისტრაციის განცხადებისა, რომ ახალგორის რაიონი უსაფრთხოა, კარგად ვხედავთ, რომ ეს ასე არაა“, – განაცხადა შოთა უტიაშვილმა შსს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა. დღეს დვანში, ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში მიმდინარე შეხვედრის დაწყებამდე. ქართული მხარე შეხვედრაზე დღეს ორ ძირითად საკითხზე ისაუბრებს, მოითხოვს გატაცებულთა დაბრუნებასა და უსაფრთხოების დაცვას.

სიახლეა დევნილთათვის საცხოვრებლების გადაცემის კუთხითაც, თუმცა ამ ინფორმაციის შესახებ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში საუბარი უჭირთ. შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე რევაზ კახნიაშვილმა ჩვენთან საუბრისას დაადასტურა, რომ დევნილთა სამინისტრო გორის მუნიციპალიტეტიდან შვიდი საბავშვო ბაღის გადაცემას ელის, რათა ისინი დევნილების საცხოვრებლად გადააკეთოს.

საბავშვო ბაღებში გორში დღემდე რჩებიან დევნილები, მათ შორის ეგრეთ წოდებული, უსტატუსო დევნილები, რომლებიც სახელმწიფოსგან ამ ეტაპზე მხოლოდ სოციალურ შემწეობას იღებენ, რაც თვეში დაახლოებით, 30 ლარია. მათთვის სტატუსის მინიჭების საკთხი ღიადაა დარჩენილი, რადგან ამ ოჯახების უმეტესობა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებიდანაა დევნილი, ანუ იმ ადგილებიდან, რომლებიც ოფიციალურად, ოკუპირებულად არ ითვლება, თუმცა იქ ცხოვრება უსაფრთოების არარსებობის გამო, შეუძლებელია რეალურად. შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე რევაზ კახნიაშვილი ამბობს, რომ შვიდ საბავშვო ბაღში, რომლის რეაბილიტაციას მომავალში ოკუპირებული ტერიოტრიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო გეგმავს, დაახლოებით, 130 ოჯახი გადანაწილდება. ეს გადაწყვეტილება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ გორში არსებული დაახლოებით, 15 მოქმედი საბავშვო ბაღიდან 7 გაუქმდება. რევაზ კახნიაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ დასაქმების საკთხი დღეს დევნილების წინაშე არსებული მთავარი გამოწვევაა. რაც შეეხება პრინციპს, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს დევნილთათვის საბავშვო ბაღების საცხოვრებელი ფართების გადანაწილება მომავალში, ამის შესახებ ინფორმაციას რევაზ კახნიაშვილი არ ფლობს, შესაბამისად არ იცის, დაკმაყოფილდებიან თუ არა სტატუსის არმქონე დევნილები საცხოვრებლით.

ირინა მეტრეველის ოჯახი დევნილია, მხოლოდ სტატუსის გარეშე. იგი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზიდანაა, მისი სახლი დაზიანებულია და 2008 წლიდან გორის ერთ–ერთ საბავშვო ბაღში ცხოვრობს უმუშევარ მეუღლესთან და ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად, რომელთაგან ერთი დიალიზის პროგრამაშია ჩართული. ირინამ იცის, რომ ომის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების ვალდებულება სახელმწიფოს აკისრია. იგი დევნილად ოფიციალურად არ ითვლება, შესაბამისად, სამინისტრო მის საკითხს ვერ განიხილავს, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია კი საბავშვო ბაღის ფართების გადანაწილებაში მონაწილეობას ვერ მიღებს, ირინასთვის უცნობია, ვინ უნდა მოაგვაროს მისი საცხოვრებლის პრობლემა.

XS
SM
MD
LG