ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკონომიკური უსაფრთხოება როგორც კონფლიქტის პროვოკატორი


ორგანიზაცია „უსაფრთხო მსოფლიომ“ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან ერთად შიდა ქართლში კვლევა ჩაატარა და შედეგების პრეზენტაცია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გორში მოახდინა.

მათი მიზანი იყო ცხინვალის რეგიონთან, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მოსაზღვრე სოფლებში უსაფრთხოებისა და დაუცველობის აღქმის ტენდენციები შეეფასებინათ. კვლევის არეალი ოთხ ზონად დაიყო. ესენია: ატოცი-დირბის, ნიქოზი-მერეთის, ფლამისმან-ბერშუეთისა და წითელუბან- ლამისყანის თემები. ზემოთხსენებული ტიპის კვლევა უკვე მესამედ ტარდება ომით დაზარალებულ სოფლებში.

მიუხედავად იმისა, რომ ომის შემდეგ თითქმის ოთხი წელი გავიდა, მისი კვალი ჯერ კიდევ მძაფრად გასდევს ადგილობრივი მცხოვრებლების ყოველდღიურობას. კვლევამ სასაზღვრო სოფლებში მაცხოვრებელი ადამიანების შეხედულებებიც ასახა კონფლიქტის განახლების რისკების თაობაზე. „ნიქოზი-მერეთი რჩება ერთადერთ ჯგუფად, რომელშიც რესპოდენტების ნახევარზე მეტი ელოდება დაძაბულობის ზრდას. აქ გამოკითხულთა 51 პროცენტი მიიჩნევს, რომ სიტუაციის დაძაბვა ძალიან, ან საკმაოდ მოსალოდნელია, ხოლო დანარჩენ სამ ჯგუფში ამავე აზრს გამოკითხულთა საშუალოდ 12 პროცენტი იზიარებს.

ეს ცვლილება მიუთითებს, რომ გასულ წელთან შედარებით, კონფლიქტით დაზარალებული თემების მიერ რისკის აღქმა შესუსტებულია. რესპონდენტების ორ მეამედზე მეტი ფიქრობს, რომ დაძაბულობის ზრდა და კონფლიქტის განახლება შეიძლება საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკურმა დაძაბულობამ გამოიწვიოს. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ დაძაბულობის ზრდის მეორე ყველაზე სერიოზული გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, თბილისსა და ცხინვალს შორის ურთიერთობის დაძაბვა იქნება.

ისე, როგორც წინა კვლევაში, ამ კვლევის შედეგებიც ადასტურებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის დაძაბულობის ზრდის მიზეზები მათი თემებისა და გავლენის ზონის გარეთაა და ამავე დროს, განსხვავებით ქართული ოფიციოზის პოზიციისგან, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა ცხინვალს ცალკე აქტორად მიიჩნევს“,- ნათქვამია კვლევაში.
შედეგების პრეზენტატორმა ტაბიბ ჰუსეინოვმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის უსაფრთხოების განცდას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ბუნდოვანებაც აძლიერებს.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მოსახლეობა კონფლიქტის ესკალაციის ერთ-ერთ სერიოზულ მიზეზად სათბობ რესურსებზე ხელმიუწვდომლობასა და ტყეებში შეშის შეგროვების შეუძლებლობას ასახელებს. დაძაბულობის განახლება აღნიშნული ზიზეზით შესაძლებლად 90 პროცენტს მიაჩნია. 80 პროცენტი კი სარწყავ წყალთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებს პოტენციური ესკალაციის წყაროდ.
შეხვედრას ომით დაზარალებული პირებიც ესწრებოდნენ. მათთვის კვლევები საინტერესოა, თუმცა მიაჩნიათ რომ ზოგჯერ ის სრულყოფილ სურათს არ აჩვენებს. ლია ჩლაჩიძე, ერგნეთის მკვიდრი ამბობს, რომ ხშირად, ადამიანები რეალურ მდგომარეობას სტუმრების წინაშე შელამაზებულად წარმოადგენენ და პრობლემებზე ხმამაღლა არ საუბრობენ. ამის მიუხედავად, კვლევაში 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გაუარესდა ეკონომიკური მდგომარეობა. რაც შეეხება უსაფრთხოების შეგრძნებას, მისი ხარისხი გაზრდილია. ლია ჩლაჩიძე ამბობს, რომ ეკონომიკური სიტუაცია, მართლაც, უკიდურესად მძიმეა, იგი საფრთხის კოეფიციენტის კლებას ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ უბრალოდ, ადამიანები შეეგუვნენ რისკის ქვეშ ცხოვრებას, ამიტომაც კვლევაში ეს, ზოგიერთ კლასტერში პირველი კატეგორიის პრობლემად არ დასახელდა.

შეხვედრაზე ცხარე დისკუსია ომით დაზარალებულ სოფლებში ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების საკმარისობა-არასაკმარისობის საკითხს მოჰყვა. მიმდინარე წელს, იანვრის თვეში ხელისუფლებამ სათბობის გარეშე დარჩენილი მოსახლეობისთვის სამი კუბური მეტრი შეშა გამოყო.

კვლევამ გამოკვეთა ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხების განსაკუთრებული მნიშვნელობა. წინა წლის მონაცემებთან შედარებით, ორჯერ მეტი რესპონდენტი ასახელებს ფულის შოვნის ნაკლებ შესაძლებლობას, როგორც მათი თემების წინაშე მდგარ ყველაზე მწვავე პრობლემას. „უფრო მეტიც, ყველა რესპონდენტი მიუთითებს, რომ მათ თემებში მდგომარეობა გაუარესდა, ამის მიზეზად ეკონომიკურ პრობლემებს ასახელებს, რომლებიც დაკავშირებულია კონფლიქტის შედეგებსა და გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილ რესურსებზე ხელმისაწვდომობასთან,“- ნათქვამია კვლევაში.

სიუჟეტი ამერიკის ხმის რადიო პროგრამაში პირველად ეთერში გავიდა 2012 წლის 24 მაისს.

XS
SM
MD
LG