ცხინვალის ციხეში მყოფ ქართველ პატიმრებს გუშინ კიდევ 10 ადამიანი დაემატა. ყველა მათგანი ონის რაიონის სოფელ ღარის მკვიდრია. ისინი სოფლის სალოცავში მიდიოდნენ, რათა შვილის დაბადება ტრადიციული რიტუალის მიხედვით აღენიშნათ. სალოცავი, რომელსაც საჯვარეს უწოდებენ საერთოა ოსებისთვის და ქართველებისთვის. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მოსალოცად მისვლა აქამდე პრობლემას არ წარმოადგენდა.
სოფელი ღარა დე–ფაქტო ადმინისტრაციის ჯავის რაიონს ესაზღვრება. მომლოცველებიდან ჯერ ოთხი გაუჩინარდა. შემდეგ კი მათ საძებნად წასული 6 ადამიანიც დაიკარგა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი ცხინვალის ციხეში იმყოფებოდნენ, როგორც საზღვრის უკანონოდ გადამკვეთი.
დაკავებული ბესო ჯელიძის დედა ამბობს, რომ მისი შვილი სალოცავში სანთლის დასანთებად წავიდა და ამ დრომდე არ გამოჩენილა.
ვასილ მარკოიშვილი გაუჩინარებულების მოსაძებნად გაემგზავრა და თავადაც ცხინვალის ციხეში აღმოჩნდა. მისი მამა, თეზიკო მარკოიშვილი ამბობს, რომ ახალშობილის მამას სავარაუდოდ გზა აებნა და ოსური სოფლის მიმართულებით გადაუხვია. მათ მოსაძებნად წასულმა ექვსკაციანმა ჯგუფმა კი დროულად ვერ მიუსწრო.
შოთა უტიაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ ეს დაკავება კავშირში არაა გართულებულ მოლაპარაკებებთან ქართველებსა და ოსებს შორის, რომელიც ჟენევასა და დვანში იმართება. ბოლო რაუნდი ჟენევაში, რომელიც ორიოდე კვირის წინ გაიმართა, ისე დასრულდა, რომ მოლაპარაკებათა გაგრძელების საკთხი კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა. ქართული მხარე რუსეთის ფედერაციისგან ითხოვს აღიკვეთოს მათ მიერ პროვოცირებული ტერორისტული აქტები საქართველოს ტერიტორიაზე. იგივე მოითხოვა ქართულმა მხარემ დვანში გამართულ შეხვედრაზეც რამდენიმე დღის წინ.
შოთა უტიაშვილი ამბობს, რომ გასულ წელს საჯვარეს მოლოცვა ქართველებისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. წელს კი მათ უკვე გაავრცელეს ცნობები იმის შესახებ, რომ სალოცავში წასვლა სახიფათოა.
მომხდარი ფაქტის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემაც გააკეთა. მან განაცხადა, რომ მსგავსი ტენდენციის გაგრძელებას უნდა ველოდეთ.
ამ თემასთან დაკავშირებით, 22 ივნისს ელექტრონული პორტალი სივილ.გე იუწყებოდა, რომ "ცხინვალში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ათი ქართველი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც 22 ივნისს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ჯავის რაიონულმა სასამართლომ მათი რეგიონიდან „გაძევების“ შესახებ გადაწყვეტილება მიიღო."