ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აღორძინება და რეფორმები ყირგიზეთში


აღორძინება და რეფორმები ყირგიზეთში
აღორძინება და რეფორმები ყირგიზეთში

როგორც უკვე არაერთხელ მოგახსენეთ, გასული კვირის მიწურულს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში გაიმართა ევრაზიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი ერთდღიანი კონფერენცია, რომელიც ექვსი თემატური დისკუსიისგან შედეგებოდა. ერთ-ერთი ამგვარი დისკუსიის თემას „ყირგიზეთში აღორძინება და რეფორმები“ წარმოადგენდა და მასში ჩიკაგოში მდებარე ჩრდილოდასავლური უნივერსიტეტის სოციოლოგიის ასოცირებული პროფესორი გეორგი დერლუგიანი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ დერლუგიანის მოხსენების სათაური „შუა აზიური რუანდის თავიდან აცილება“ გახლდათ. საკუთარი პრეზენტაციის თემასთან დაკავშირებით დერლუგიანმა აღნიშნა:

„ჩვენ ვცხოვრობთ იმ მოლოდინით, რომ ადრე თუ გვიან დემოკრატია დამკვიდრდება მთელ კავკასიასა თუ შუა აზიაში. ბევრს იმის იმედი აქვს, რომ ეს ადრე მოხდება, მაგრამ ასე თუ ისე არსებობს მკაფიოდ გამოკვეთილი შეხედულება, რომ ჩვენ დემოკრატიის მიმართულებით ვმოძრაობთ. ჩემს მოხსენებაში მე ვცდილობდი იმის დანახვას, რომ ევროპის ნაცვლად ჩვენ შეიძლება უფრო აფრიკისკენ ვმოძრაობთ. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სახელმწიფოთა განვითარების სპექტრი, სადაც ერთ ბოლოში შვედეთია, ხოლო მეორეში კი ავღანეთი და ჩვენ სადღაც შუაში ვიმყოფებით, მაგრამ აბსოლუტურად არაფერი მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენ მაინც და მაინც ევროპისკენ ვიღწვით. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ბევრს გააღიზიანებს საქართველოს, სომხეთისა თუ ყირგიზეთის შედარება აფრიკულ სახელმწიფოებთან, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება ის, რომ როცა 1960 წელს კონგო ბელგიისგან დამოუკიდებელი გახდა მოსახლეობის 40 პროცენტმა წერა-კითხვა იცოდა და მამაკაცების 80 პროცენტი სამრეწველო სექტორში იყო დასაქმებული. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ იმ პერიოდისთვის ეს საკმოად განივთარებული ქვეყენა გახლდათ. ამის მსგავსად ნიგერიას ოდესღაც დიდი და კარგად განათლებული საშუალო ფენა ჰყავდა. ალბათ გაგოცებთ როცა გეტყვით იმას, რომ დღემდე შეერთებულ შტატებში ყველაზე განათლებულ ემიგრანტთა ჯგუფს სწორედ ნიგერიელები შეადგენენ. შეერთებულ შტატებში მცხოვრები ნიგერიელების 80 პროცენტს უმაღლესი განათლება აქვს მიღებული. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ 1960-იან წლებში აფრიკის ქვეყნებს სწრაფ განვითარებას უქადიდნენ, მაგრამ იმავდროულად იმასაც აღნიშნავდნენ, რომ კორუფცია და სამოქალაქო საზოგადოების ნაკლებობა ამ ქვეყნების განვითარებას ხელს უშლის. მაგრამ 20-30 წლის შემდეგ ამ ქვეყნების ერთმა ნაწილმა სახელმწიფოებრიობა დაკარგა. ამ მხრივ ყველაზე აშკარა მაგალითს კონგო წარმოადგენს.“

დერლუგიანის თქმით, გარკვეული აფრიკული ქვეყნების წარუმატებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებას ხელს უწყობდა ახალგაზრდებისგან შემდგარი შეიარაღებული დაჯგუფებების ფორმირება. ამ დაჯგუფებებს არც ტომთა უხუცესები აკონტროლებდნენ და არც მთლიანად კორუმპირებული და სუსტი ეროვნული მთავრობები. შედეგად სომალის, რუანდისა და სიერა ლეონეს ფენომენი მივიღეთ. დერლუგიანმა მაგალითად ყოფილი იუგოსლავიაც მოიყვანა, რომელიც წარსულში კომუნისტური ბანაკის ქვეყნებთან შედარებით გაცილებით უფრო დემოკრატიულად ითვლებოდა. ამ ქვეყანას ნახევრადსაბაზრო ეკონომიკა, შესანიშნავი კინემატოგრაფია, აკადემიკოსები და მსოფლიოში განთქმული ფილოსოფოსები ჰყავდა, მაგრამ ყოველივე ამან შემდგომში ბოსნია-ჰერცეგოვინაში დატრიალებული სისხლიანი ტრაგედია არ შეაჩერა. ჩამოთვლილი ქვეყნების მსგავსად ყირგიზეთში გამეფებული კორუფციის გამო პოლიცია და შეიარაღებული ძალები უძლურები აღმოჩდნენდ როცა ეკონომიკური სიდუხჭირით შეწუხებულმა უმუშევარმა ახალგაზრდებმა არეულობა მოაწყვეს.

კითხვაზე თუ რამდენად წარმატებული იქნება ყირგიზეთის საპარლამენტო სისტემის მოდელი შუა აზიის რეგიონში, დერლუგიანმა შემდეგი პასუხი გაგვცა:

„სწორედ იმის გამო, რომ ბოლო ოცი წლის მანძილზე ყირგიზეთის ისტორია საკმაოდ საინტერესო და იმავდროულად მშფოთვარე აღმოჩნდა, ამ ქვეყანაში თვითმყოფადი პოლიტიკური ელიტა მომწიფდა. მაგალითად როზა ოტუნბაევა და ბევრი სხვა ყირგიზი პოლიტიკოსი. ისინი პოლიტიკაში პირველად ჯერ კიდევ პერესტროიკის წლებში ჩაერთვნენ მაგრამ მას შემდეგ მათ დიდძალი გამოცდილება შეიძინეს. აქ აღსანიშნავია ისიც, რომ მათ მუშაობა ძალადობით აღსავსე ატმოსფეროში მოუხდათ რადგან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ყირგიზეთი პოლიტიკური მკვლელობების რიცხვით სხვებს უსწრებს. ბოლო 5-6 წლის მანძილზე პოლიტიკური ატმოსფერო ყირგიზეთში განსაკუთრებულად კრიმინოგენური გახდა. მიუხედავად ამისა, ყირგიზეთის ელიტა ამჟამად ძალაუფლების განაწილების დაბალანსებული სისტემის შექმნას ცდილობს. ეს ძალიან საინტერესო პროცესია რადგან მათ ამერიკიდან, ევროპიდან ან მსოფლიოს ნებისმიერი სხვა რეგიონიდან დემოკრატიული მოდელის იმპორტი არ სურთ. ეს არ არის უცხოური მთავრობების დაფინანსებით აღჭურვილი არასამთავრობო ორგანიზაციების კოლექტიური საქმიანობის შედეგი. ყირგიზეთის ელიტა ამაზე მიდის საკუთარი გადარჩენის მიზნით.“

რაც შეეხება ყირგიზეთის სამხრეთში მომხდარი ეთნიკური ძალადობის პოლიტიკურ მნიშვნელობას დერლუგიანმა აღნიშნა:

„უზბეკებისთვის ძნელი იქნება იმის ახსნა, რომ მათ ყირგიზეთში საფრთხე არ ემუქრებათ. ეს ყირგიზეთისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს და ვფიქრობ ბიშკეკში ეს ბევრს კარგად ესმის. თუ ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ სამხრეთ რეგიონებში პოგრომებისა და უზბეკების განდევნის ფონზე ძალაუფლებაში ყირგიზებისგან შემდგარი ელიტა მოვა, ამ ელიტას ცენტრი ვერ გააკონტროლებს. ამდენად მათ იციან, რომ ამ მხრივ რაღაც უნდა გაკეთდეს. ამიტომ საპარლამენტო რესპუბლიკა სადაც უზბეკების ინტერესები სათანადოდ დაცული იქნება ამ მიზნის მიღწევის ერთადერთ გზას წარმოადგენს.“

ინტერვიუს დასასრულს ყირგიზეთის მიმართ შეერთებული შტატების პოლიტიკის მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად დერლუგიანმა ავღანეთი დაასახელა.

„სწორედ ეს ფაქტორი ყირგიზეთს მნიშვნელოვანს ან შედარებით მნიშვნელოვანს ხდის და მე იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანას ამერიკის გარდა რუსეთი და ჩინეთი აქცევენ ყურადღებას რუანდასგან განსხვავებით, როცა იქ მიმდინარე მასობრივი ხოცვა-ჟლეტვისთვის არც ამერიკელებს და არც ფრანგებს სათანადო ყურადღება არ მიუქცევიათ ვინაიდან პოლიტიკური მიზეზების გამო იქ ჯარის გაგზავნა არავის სურდა. ყირგიზეთში ძლიერი სახელმწიფოებრიობის მხარდაჭერა ამერიკელების ინტერესებში შედის და საბიუჯეტო შეზღუდვების შესაბამისად შეერთებული შტატები იქ სახელმწიფოებრიობის აღდგენაში თავის წვლილს შეიტანს. ყირგიზეთში მთავარი პრობლემა სახელმწიფო სტრუქტურების ნაკლებობაა, რაც ისეთ კითხვებს უკავშირდება როგორიც არის პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების შემადგენლობა, ან იმას თუ როგორ შეასრულებენ ბიშკეკის ბრძანებებს ყირგიზეთის პერიფერიაში, მაგალითად ოშსა თუ ჯალალაბადში. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ არც ამერიკას, არც რუსეთს და არც ჩინეთს ყირგიზეთში სახელმწიფოებრიობის ახლიდან აშენება არ ძალუძს.“

XS
SM
MD
LG