რა ისტორიული დატვირთვა შეიძინა ამ დღემ? რას ნიშნავს 9 აპრილი ქართველებისათვის? ამ დღის მნიშვნელობაზე ჩვენი გადაცემის სტუმრები ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბატონი სერგო ვარდოსანიძე და 9 აპრილის უშუალო მონაწილე, ლიტერატურათმცოდნე, ბატონი გიორგი ალიბეგაშვილი საუბრობენ;
-„მოგეხსენებათ ვეებერთელა საბჭოთა იმპერია, რომელიც 1922 წლიდან არსებობდა თითქოს გაკეთილშობილდა გორბაჩოვის პერესტროიკისა და გლასნოსტის პირობებში და დასავლეთში შეიქმნა ერთგვარი წარმოდგენა იმის შესახებ, რომ აი ხდება ძირეული ცვლილებები და საბჭოთა კავშირი ინანიებს იმ ცოდვებს რაც წინა ხელმძღვანელობამ ჩაიდინა საკუთარი ხალხის წინაშე. მაგრამ ეს ასე არ იყო ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ გარეგნულ სახეს ატარებდა და 9 აპრილს 22 წლის წინ თბილისში დატრიალებულმა მოვლენებმა მთელს მსოფლიოს დაანახა ეს. ეს იყო პირველი შემთხვევა საბჭოთა იმპერიის სივრცეში, როდესაც თავისუფლების მოყვარე ქართველმა ხმა აღიმაღლა იმპერიული პოლიტიკის წინააღმდეგ და ხმამაღლა გამოაცხადა, რომ მას სურს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. მართალია 9 აპრილს ეს არ მოხდა, 9 აპრილს საბჭოთა სისტემამ ამ მომიტინგეებს, ამ მშვიდობიან მომიტინგეებს დაუპირისპირა იარაღი. დაიღუპნენ ადამიანები, მაგრამ 9 აპრილი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ აზროვნების წესი შეიცვალა საქართველოში. 10 აპრილს უკვე ის ადამიანებიც კი ვისაც მანამ სჯეროდა გულუბრყვილოდ კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოსი-ესენიც კი იქცნენ შეურიგებელ ოპონენტებად არსებული სისტემისა. მე მახსოვს, როგორ წვავდნენ ქუჩებში პარტიულ ბილეთებს. აი ეს ნიშნავდა სწორედ იმ აზროვნების წესის შეცვლას. 1989 წლის 9 აპრილმა წარმოშვა 1991 წლის 9 აპრილი, როდესაც საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. სწორედ ამიტომ 9 აპრილი არის ტრაგედიაც ქართველი ხალხისათვის და ამაღლებაც. დაცემას მოჰყვა დიდი ამაღლება“- აღნიშნა ბატონმა სერგო ვარდოსანიძემ.
აი რა თქვა ბატონმა გიორგი ალიბეგაშვილმა:
-„9 აპრილი მნიშვნელოვანი დღე არის მთელი საქართველოსთვის იმიტომ, რომ მაშინ ბევრი რამ გაირკვა ჩვენი ერის ისტორიაში. გაირკვა იმ კუთხით, თუ რა გვინდოდა, როგორ გვინდოდა და რანაირად გვინდოდა. აი ეს კონტურები რაღაცნაირად გამოკვეთილი იყო, თუმცა როგორი მსვლელობა და როგორი განვითარება მიეცა ეს ყველას კარგად მოეხსენება ვინც აი ამის შემდგომ თვალს ადევნებს საქართველოს უახლეს ისტორიას. მაგრამ ერთი რამ რაღაცნაირად ცხადად და ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ როგორც მაშინ იყო ქართველი ერი შეკავშირებული ასეთი, რამ ალბათ საოცნებო და ყოველთვის სანუკვარი იქნება. როდესაც ეს უბედურება დაატყდა საქართველოს, როდესაც რუსული არმია ნიჩბებით და კეტებით დაუპირისპირდა უბრალო , მშვიდობიან მოსახლეობას სამწუხაროდ ჩვენ და უმეტესობამ პატრიარქის კურთხევა არ გავითვალისწინეთ, რომელიც მან თავის გამოსვლის დროს ბრძანა, რომ საქართველოს წინაშე მაშინ მართლა ძალიან დიდი საფრთხე იყო აღმართული და ჩვენ უნდა გველოცა ქაშუეთთან უნდა ჩავსულიყავით და დავშლილიყავით, მაგრამ ეს დაშლა არ ნიშნავდა რაღაცნაირად საბოლოო დაშლას. პირიქით უფრო გონზე მოსვლას, დაფიქრებას ნიშნავდა, იმისათვის რათა შემდგომ სწორი განვითარება მოეძებნა ალბათ ყველას, ვინც აი ამ პროცესებს აკვირდებოდა და ვისაც სურდა, რომ ქართველი ერი სწორ გზაზე დამდგარიყო.“