ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ნატო 21 საუკუნისთვის “


„ნატო 21 საუკუნისთვის “
„ნატო 21 საუკუნისთვის “

დასავლური პრესის მიმოხილვა.

უცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ ენ ეპლბაუმის სტატიით სათაურით „ნატო 21 საუკუნისთვის,“ რომელიც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ 22 ნოემბერს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„როცა საერთაშორისო უსაფრთხოების ძალები ავღანეთიდან 2014 წელს გავლენ, როგორც ეს გასულ შაბათ-კვირას ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრაზე გადაწყდა, ნატოს ჯარისკაცები შინ დაბრუნდებიან. თავისი დაბრუნებით ისინი დაამტკიცებენ, რომ დასავლეთის სამხედრო ალიანსი კვლავინდებურად არსებობს.

მომავლის ისტორიკოსები ნატოს ავღანეთის მისიას აშკარა წარმატებას არ მიუწერენ, რადგან ნატო ავღანეთში ბრძოლისთვის მზად არ იყო და ალიანსს იქ არც ეფექტური ხელმძღვანელობა ჰყავდა და არც ნათლად განსაზღვრული ამოცანები გააჩნდა. წევრი სახელმწიფოების ერთმა ნაწილმა ავღანეთში დიდი რაოდენობის ჯარი გაგზავნა და მტერს შეუპოვრად ებრძოდა, მაშინ როცა სხვები ეროვნული "შეზღუდვების" მიღმა იმალებოდნენ, რომლითაც ისინი ფაქტობრივად საბრძოლო მოქმედებებში საკუთარი სამხედრო ძალების გამოყენებას თავს არიდებდნენ.

სხვაგვარად რომ ვთქვათმ ნატო არ დამარცხებულა, მაგრამ არც გაბრწყინებულა გამარჯვებით. ალიანსის ღირსების შენარჩუნებისა და ალბათ მისი გადარჩენის მიზნითაც, წევრი სახელმწიფოების ჯარისკაცები შინ უნდა დაბრუნდნენ და შემდეგ მისიას - ევროპაში დემოკრატიის დაცვას - უნდა შეუდგნენ.

ალიანსმა ახალი ხანისთვის სამხედრო გეგმები უნდა მოამზადოს. ევროპელები და ამერიკელები ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობასთან დაკავშირებით თანამშრომლობენ. ახლახან მათ მტერთა ერთობლივ სიაში კიბერ-ტერორისტებიც შეიყვანეს. ნატოს ახლა ახალი წევრი სახელმწიფოების და კერძოდ, პოლონეთისა და ბალტიის პირეთის ქვეყნების დასაცავად, სამხედრო გეგმები უკვე შემუშავებული აქვს. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ ბალტიის პირეთის ქვეყნების დაცვის გეგმა შემუშავდა წელს, როცა ამ საკითხს ობამას ადმინისტრაციამ, როგორც იქნა, ყურადღება დაუთმო.

მაგრამ, ალიანსს სერიოზული სამხედრო წვრთნები, ათლწეულზე მეტი ხნის განმავლობაში არ ჩაუტარებია. წარსულში ამგვარი მანევრების ჩატარება რუსეთის დაშინებას ითვალისწინებდა. ახლა მსგავსი ღონისძიებები უნდა განახლდეს არა რუსეთის დაშინების მიზნით, არამედ იმის გამო, რომ ალიანსის სამხედრო სტრუქტურების ინტეგრაცია შენარჩუნებული იქნას, რათა ამერიკელმა გენერალებმა ევროპელი კოლეგები გაიცნონ და პირიქით. რათა ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა და ალიანსის მეზობელმა ქვეყნებმა იცოდნენ, რომ ალიანსი ნამდვილად არსებობს. ალიანსის სიმტკიცე ხომ სიძლიერის, თვითდაჯერებულობისა და ინტეგრაციის იმიჯის გავრცელებასა და ხსენებული თვისებების შენარჩუნებაში მდგომარეობს.“

უცხოური პრესის მიმოხილვას ვასრულებთ ჩარლზ კრაუთჰამერის სტატიით სათაურით „სტარტის შეუსაბამობა,“ რომელიც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ 26 ნოემბერს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„ეროვნული უშიშროების გამოწვევებს შორის სტარტი ანუ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ახალი ხელშეკრულება პრიორიტეტების სიაში ბოლო ადგილს იკავებს. გასული საუკუნის 20-იან წლებში გაფორმებული საზღვაო ხელშეკრულებებიდან მოყოლებული დღემდე, შეიარაღებათა კონტროლის მნიშვნელობა, უაღრესად მავნებულარ საქმიანობამდე მერყეობს. თუმცა, როგორც წესი, მას ზოგადი შეუსაბამობა ახასიათებს.

ამის მიზეზი ცხადია. თვით შეიარაღება კი არ წარმოადგენს პრობლემას, არამედ იმ რეჟიმის ხასიათი, რომელიც ამ შეიარაღებას აკონტროლებს. სწორედ ამიტომ, არავინ დარდობს ბრიტანეთის ბირთვული შეიარაღების შესახებ, მაშინ როცა ირანის ბირთვული შეიარაღება ყველას ადარდებს.

რუსები ეგზისტენციალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენენ. ბირთვული ომი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის წარმოუდგენელია. რა მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენ ატომურ ბომბს შეიძენს რუსეთი? თუ მათ ბირთვული არსენალის გაფართოების მეოხებით გაკოტრება სურთ, ჩვენ რატომ უნდა შეუშალოთ ხელი?

პრეზიდენტი ობამა გამუდმებით აცხადებს, რომ ახალი სტარტი მნიშნველოვანია როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისი ოცნების, ატომური შეიარაღებისგან თავისუფალი სამყაროს მისაღწევად. სინამდვილეში ატომური შეიარაღებისგან თავისუფალი სამყარო კოშმარი იქნება. თუ ჩვენ ნებაყოფლობით ატომური შეიარაღებისგან განვთავისუფლდებით, მაშინ როცა მსოფლიოს თაღლითი და ფსიქოპატები ფარულად ატომურ იარაღს განავითარებენ, ჩვენ მართლაც საშინელ მდგომარეობაში აღვმოჩნდებით.

გასულ კვირას ჩვენთვის ცნობილი გახდა ჩრდილოეთ კორეის ახალი ურანის გამამდიდრებელი ობიექტის არსებობა, რომლის შესახებაც ადრე არც ვიცოდით. ატომური შეიარაღებისგან თავისუფალ სამყაროში, ამგვარი შეიარაღება რადიკალური რეჟიმების კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება და მას ჩვენს წინააღმდეგ თვალის დახამხამების გარეშე გამოიყენებენ.

ობამას ახალი სტარტის ხელშეკრულება 90 პროცენტით გამოუსადეგარია და 10 პროცენტით პრობლემატური. ერთი პრობლემა ის გახლავთ, რომ ამ ხელშეკრულების თანახმად, ატომური შეიარაღების მიწოდების საშუალებები უნდა შემცირდეს. მაგრამ ვინაიდან ამგვარი საშუალებები ორმაგ დანიშნეულებას ემსახურება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გრძელი რადიუსის ჩვეულებრივი შეიარაღების მიწოდების საშუალებებიც შეიზღუდება, რაც შეერთებული შტატების მნიშვნელოვან სტრატეგიულ უპირატესობას წარმოადგენს.

გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეის ახალი ურანის გამამდიდრებელი ქარხნის აღმოჩენამ, ბირთვული უსაფრთხოებისთვის ახალი სტარტის სრული შეუსაბამობა თვალნათლივ დაგვანახა. ამ ობიექტის მნიშვნელობამ ამერიკის ლოს ალამოსის ეროვნული ლაბორატორიის ყოფილი უფროსი, მისივე თქმით, "გააოცა." არ არის გამორიცხული, რომ ხსენებული ქარხანა გამავრცელებლობის მთავარი ცენტრი გახდება. ფხენიანი ხომ ისედაც ცნობილია, როგორც სერიული გამავრცელებელი. მას ხომ გასაყიდი სხვა არაფერი გააჩნია. ხოლო ირანს, სირიას და ალ ყაიდას შეიარაღების შესაძენად სახსრები უხვად აქვთ.“

XS
SM
MD
LG