ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატიული რეფორმების ალბათობა იორდანიაში


დემოკრატიული რეფორმების ალბათობა იორდანიაში

ვიდრე ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების ტალღამ ახლო აღმოსავლეთის რეგიონი მოიცვა, იორდანიის ქუჩებში აქტივისტები ხელისუფლებისგან დემოკრატიული ცვლილებების ჩატარებას ითხოვდნენ. იორდანიის დედაქალაქ ამანში გამართულ დემონსტრაციებზე სხვა არაბულ ქვეყნებში სახალხო ამბოხებებთან შედარებით ბევრად უფრო ზომიერი მოთხოვნები ისმოდა.

ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჰეთერ მერდოკი ამანიდან იუწყება, რომ ბევრი იორდანელი შიშობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური რეფორმების განხორციელებამ შეიძლება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დამყარებული მყიფე უსაფრთხოების ბალანსი დაარღვიოს და ქვეყნის ეროვნული იდენტურობა ახლებურად განსაზღვროს.

ბოლო ორი თვის მანძილზე პლაკატებით, დროშებითა და მეგაფონებით აღჭურვილი იორდანელები მთავრობას საკუთარ მოთხოვნებს უყენებენ. ჟურნალისტები დემონსტრაციებს აშუქებენ და ისმენენ, როგორ გამოთქვამენ აქტივისტები უკმაყოფილებას. სხვები კი მეფეს ერთგულებას უცხადებენ.

თავდაპირველად დემონსტრანტები მხოლოდ ეკონომიკურ სამართლიანობას ითხოვდნენ. მთავარი მოთხოვნები დაბალ ხელფასებს, სამომხმარებლო საქონელზე ფასების მატებასა და მაღალ გადასახადებს უკავშირდებოდა. მეფე აბდულამ დემონსტრანტების მოთხოვნებს მინისტრთა კაბინეტისა და პრემიერ მინისტრის დათხოვნით უპასუხა. მეფე დემონსტრანტების მოთხოვნებს დათანხმდა და მათ რეფორმების ჩატარების დაპირება მისცა.

მაგრამ როცა რეგიონი სახალხო რევოლუციებმა მოიცვა, ბევრმა იორდანელმა მოთხოვნები შეცვალა. დემონსტრანტებმა დემოკრატიული არჩევნების გამართვა და კონსტიტუციური რეფორმის ჩატარება მოითხოვეს. აქტივისტების თქმით ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებს ფართოდ გავრცელებული კორუფცია იწვევს. ისინი ხალხის მიმართ პასუხისმგებელი მთავრობის შექმნას ითხოვენ.

იორდანიის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორი ჰასან ბარარი აღნიშნავს, რომ სახალხო დემონსტრაციები გაგრძელდება ვიდრე მთავრობა რეფორმებს გაატარებს ან ხალხი ცვლილებების მოლოდინში დაიღლება. ბარარის აზრით, თუ ხელისუფლება მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ძალიან დიდ ხანს დაიკავებს, მაშინ ხალხის უკმაყოფილება უფრო დაჟინებული გახდება და შეიძლება რადიკალურ მოძრაობაშიც გადაიზარდოს.

„ისინი დროის მოგებას ცდილობენ. მათ რეფორმებზე ლაპარაკი სურთ და არა რეფორმების ჩატარება. მათ იმის იმედი აქვთ, რომ ახლო აღმოსავლეთში ცვლილების ცუნამი მალე ჩაწყნარდება და ყველაფერი ძველებურ ყაიდას დაუბრუნდება,“ აღნიშნა იორდანელმა პროფესორმა.

იორდანელების უმრავლესობის მსგავსად, ბარარი არსებულ პრობლემებში ქვეყნის მონარქს არ ადანაშაულებს. მეფე აბდულა საზრიან და პროგრესულ ფიგურად ითვლება და ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობს. აღსანიშნავია ისიც, რომ მართალია იორდანიაში პოლიტიკური უკმაყოფილების გამოხატვა კანონით დაიშვება, მეფის კრიტიკა იკრძალება.

იორდანიაში დემოკრატიის დამკვიდრების იდეას ხალხი ერთხმად მხარს არ უჭერს. რეფორმების მომხრეთა ბანაკშიც კი ეს საკითხი არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს. ნიშანდობლივია, რომ დემონსტრანტები მეფის გადადგომას არ ითხოვენ და ბევრი შიშობს, რომ თუ მოსახლეობა ქვეყნის ყველა ლიდერს აირჩევს, ეს მთავრობაში პალესტინელთა მონაწილეობას მნიშვნელოვნად გაზრდის, რაც ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულებას ისევე როგორც იორდანიის ეროვნულ იდენტურობას საფრთხეში ჩააგდებს.

სხვები კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან და ხაზს უსვამენ იმას, რომ პალესტინელები იორდანიის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს შეადგენენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ სხვებთან ერთად ქვეყნის ბედ-იღბლის განსაზღვრის უფლება უნდა ჰქონდეთ.

XS
SM
MD
LG