ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ორ დამკვირებელს ირანში შესვლა აუკრძალეს


ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ირანის მთავრობამ გაეროს ორ დამკვირებელს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა იმის გამო, რომ ისინი ირანის ბირთვულის საქმიანობის შესახებ „ყალბ ინფორმაციას“ ავრცელებდნენ.

ირანელი სტუდენტების საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალი აკბარ სალეჰიმ დღეს განაცხადა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ორ დამკვირებელს, რომლებიც ირანში ბირთვული ობიექტების დათვალიერებას აპირებდნენ, ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ.

სალეჰიმ ხსენებული დამკვირებლები ოფიციალურად დაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებასა და ყალბი მოხსენების მომზადებაში დაადანაშაულა. მან ამ ბრალდებებთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ გაამხილა.

ირანის მთავრობის ხსენებული გადაწყვეტილების ფონზე გაეროს უშიშროების საბჭომ თეირანის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე რაუნდი დააწესა იმის გამო, რომ დასავლეთის ქვეყნების ეჭვი ეპარებათ, რომ ირანის საქმიანობა ატომური ენერგიის სფეროში ბირთვული შეიარაღების შექმნის მიზანს ემსახურება. ირანი ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ თეირანის ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

გასულ პარასკევს ირანის უზენაესმა უსაფრთხოების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც გაეროს ახალი სანქციები უკანონოდ გამოცხადდა.

XS
SM
MD
LG