ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსალოდნელი მოულოდნელობა


რვაფეხა პაული და „პროექტი ლუკაშვილი“

რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების პარალელურად, ბელარუსი საქართველოს პრეზიდენტის სახით ახალ მოკავშირეს იძენს. ლუკაშენკოსა და სააკაშვილს შორის დაძაბული ურთიერთობა ყველასთვის ცნობილი იყო. თუმცა, პოლიტიკაში არც მუდმივი მეგობრები არსებობენ და არც მუდმივი მტრები. „საქართველო მოსკოვიმინსკის პროპაგანდისტულ ომში ჩაება. ხუთშაბათს საღამოს, ბელრუსის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ გავიდა. სააკაშვილი მის ბელრუსელ კოლეგა ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსული ტელევიზიების თავდასხმისგან იცავდა,“ - წერს გერმანული გამოცემა „ფრანკფურტერ რუდშაუ“ (სტატიის თარგანი აღებულია http://foreignpress.ge/). როგორ შეიძლება შეფასდეს თბილისისა და მინსკის პოლიტიკური დაახლოება და როგორ აფასებენ ამ ფაქტს თავად მინსკში. ჩვენ ამ საკითხზე ბელარუს პოლიტიკურ მიმომხილველს რომან იაკოვლევსკის ვესაუბრეთ.

„მე ვფიქრობ იდეოლოგიური უთანხმოება რჩება. როგორც არ უნდა იყოს, საქართველოს ხელისუფლება პროდასავლურად ითვლება, რასაც ვერ ვიტყვით ლუკაშენკოსა და მის რეჟიმზე. თუმცა, რუსეთ-საქართველოს შორის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოსა და ბელარუსს შორის დაახლოებას უფრო მეტად პრაგმატული საფუძველი აქვს. ეს განპირობებულია იმით, რომ ოფიციალურ დონეზე, ბელარუსმა არ აღიარა ომის შედეგები და არ ცნო ოკუპირებული ქართული ტერიტორიების - აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა. საქართველოში ყოფნის დროს მე დავრწმუნდი, რომ ამ ფაქტისადმი საქართველოს ხელისუფლებასაც და ქართულ ოპოზიციასაც დადებითი დამოკიდებულება აქვს,“ - განაცხადა რომან იაკოვლევსკიმ. მისი თქმით, ბელარუსმა ასევე შეინარჩუნა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა. გარდა ამისა, ბატონი იაკოვლევსკის თქმით, აღსანიშნავია ის მომენტიც, რომ საქართველო ბელარუსისთვის მესამე მსხვილ სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს, რუსეთისა და უკრაინის შემდეგ, რაზეც არავინ საუბრობს. აღსანიშნავია, რომ ლუკაშენკოს დასავლეთი „ევროპის უკანასკნელ დიქტატარს“ უწოდებს, მაშინ როდესაც სააკაშვილს პრეტენზია აქვს იყოს „დემოკრატიის შუქურა.“ საინტერესოა, თუ როგორ შეფასდება დასავლეთის მიერ „შუქურასა“ და „დიქტატორის“ ალიანსი და როგორი იქნება ამაზე ბელარუსის პროდასავლური ოპოზიციის რეაქცია.

„რაც შეეხება ბელარუსის პროდასავლურ ოპოზიციას, ისინი სააკაშვილის გამოსვლას ბელარუსის ტელევიზიაში სინანულით შეხვდნენ და ამას მათი მხრიდან კრიტიკაც უკვე მოყვა. განსაკუთრებული კრიტიკა სააკშვილმა თავის გამოსვლაში დაშვებული შეცდომის გამო დაიმსახურა. კერძოდ, სააკაშვილი გარკვეულწილად ბელარუსის ხელისუფლების ადვოკატად გამოვიდა, როდესაც შეეხო ბელარუსში დაკარგული ადამიანების და პოლიტიკური მკვლელობების თემას.მე ვფიქრობ, ეს მისი მხრიდან დაუფიქრებელი ნაბიჯი და ძალიან უხეში შეცდომა იყო,“ - განაცხადა ჩვენთან საუბარში რომან იაკოვლევსკიმ.

რაც შეეხება ლუკაშენკო-სააკაშვილის მიმართ დასავლეთის შეფასებას, ბელარუსი მიმომხილველი ფიქრობს, რომ ამ ურთიერთობას დასავლეთი ხელს არ შეუშლის და ამ ალიანსს ის ლუკაშენკოსთან ურთიერთობის ერთ-ერთ არხად გამოიყენებს. ბატონი იაკოვლევსკი ფიქრობს, რომ ლუკაშენკოს და სააკაშვილის ერთ სკამზე დაჯდომას, კრემლის პოლიტიკამ შეუწყო ხელი. ჩვენს შეკითხვაზე, თუ რას მოიმოქმედებს რუსეთი ლუკაშენკოს წინააღმდეგ და შესაძლებელია თუ არა მინსკში „უკრაინული სცენარის“ განმეორება, იაკოვლევსკიმ განაცხადა:

„უკრაინული სცენარი ბელარუსში არ გამოვა, რადგან მოსკოვი იუშჩენკოს წინააღმდეგ ნებისმიერი ალტერნატიული პოლიტიკოსით თამაშობდა. და ეს ნებისმიერი პოლიტიკოსები, უკრაინაში იყვნენ კონკრეტული პოლიტიკური და ოლიგარქიული ძალები. ასეთები კი ბელარუსში არ ჩანან. ისინი უბრალოდ არ არიან. ბელარუსში მხოლოდ ერთი ოლიგარქია. ეს ლუკაშენკოა,“ - დასძინა იაკოვლევსკიმ.თუ როდემდე მოითმენს მოსკოვი ლუკაშენკოს ბელარუსი პრეზიდენტად, ბატონმა იაკოვლევსკიმ განაცხადა:

„ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს ნებისმიერი რამ. ამჟამად, ბელარუსში ძალიან პოპულარულია ხუმრობა,რომელიც ცნობილ წინასწარმეტყველ რვაფეხა „პაულს“ უკავშირდება. როდესაც მას საკვებით სავსე ორი ჯამი დაუდეს, ერთზე ბელარუსის, ხოლო მეორეზე რუსეთის დროშით, „პაულმა“ მას შემდეგ ჭამა შეწყვიტა. ასე რომ, ვიმეორებ მოულოდნელობა ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი. აქვე აღსანიშნავია, რომ ლუკაშენკოს შესახებ გახმაურებულ ფილმში ბევრი მოელოდა, რომ მოსკოვი გამოაჩენდა ბელარუსიდან გაქცეულ გენერლებს, რომლებიც მოსკოვში სხედან. ესენი არიან „კაგებეს“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელები. მაგრამ ეს ხალხი ჩვენ ამ ფილმში ვერ ვიხილეთ. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი მათ სარეზერვო ვარიანტად განიხილავს. ამდენად, მე ვფიქრობ, რომ ბელარუსში არა უკრაინულს, არამედ პუტინისეულ ვარიანტს უნდა ველოდეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოხდება ტრანსფორმაცია სასახლეში შიდა გადატრიალებით. აქვე უნდა ვთქვათ, რომ სპეციალისტების თქმით, რვაფეხა პაულს მხოლოდ ექვსი თვის სიცოცხლე დარჩა. ეს ვადა კი ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებს ემთხვევა. ეს ისე, რასაკვირველია ხუმრობით,“ - განაცხადა რომან იაკოვლევსკიმ „ამერიკის ხმასთან“ საუბარში. და ბოლოს, ბელარუსულმა პროდასავლურმა ოპოზიციამ და მისმა ლიდერმა იაროსლავ რომანჩუკმა სააკაშვილი-ლუკაშენკოს ალიანსს უკვე უწოდეს „პროქტი ლუკაშვილი“. რომანჩუკი, რომელიც მოახლოებულ არჩევნებზე ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება ამბობს: „ლუკაშენკომ სააკაშვილი კრემლთან თავის პირადი გარჩევებისთვის გამოიყენა.“

XS
SM
MD
LG