გუშინ, 20 მაისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც მოუწოდებს ევროკავშირს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. გარდა ამისა ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს, ცხინვალს და სოხუმს - შეწყვიტონ ევროკავშირის მისიის მანდატის სრული განხორციელების ბლოკირება.
პოლიტოლოგ ვაჟა კეშელავას აზრით ის, რომ ევროკავშირის დამკვირვებლებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სეპარატისტები არ უშვებენ, მოულოდნელი არ არის :
” ეს არის ჩაფიქრებული რუსეთის მიერ, აღადგინოს თავისი ძლიერება, რომელიც მან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაკარგა. პუტინმა 2007 წლის თებერვალში მიუნხენში მე-20 საუკუნის ყველაზე გლობალურ კატასტროფად საბჭოთა კავშირის დანგრევა დაასახელა. ეს ნიშნავს იმას,რომ რუსეთი მსოფლიო პოლიტიკის არენაზე ცენტრის როლის დაკარგვას განიცდის და ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს სტატუსი დაიბრუნოს, რაც მოსკოვის საგარეო პოლიტიკის ძირითად ამოცანას წარმოადგენს. ასე რომ, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში რუსეთის როლი და 2008 წლის აგვისტოს ომი არის იმ გეგმის ნაწილი, რომლის მეშვეობით აპირებს რუსეთი თავისი ძლიერების აღდგენას” .
ევროპარლამენტის რეზოლუციაში რუსეთის მიმართ უცვლელი დარჩა პუნქტები, სადაც ევროპარლამენტი მოუწოდებს მოსკოვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებები განახორციელოს.
საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მიერ რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ნათქვამია, რომ რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა რუსულ-ქართული ურთიერთობების მოწესრიგება გამოცდილ დიპლომატს ევგენი პრიმაკოვს დაავალა. შევარდნაძის განცხადებით, ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესების მოლოდინი ნაადრევია :
”რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით უხეში შეცდომა დაუშვა. თუ აფხაზეთი ან სამხრეთ-ოსეთი იმსახურებენ დამოუკიდებლობას, რატომ არ იმსახურებს ჩეჩნეთი, რომლის მოსახლეობა 3 მილიონ ადამიანს შეადგენს ან დაღესტანი,რომელშიც 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს....
ვფიქრობ, ადრე თუ გვიან რუსეთის ეს შეცდომა გამოსწორებული იქნება.. ან თავად რუსეთი გამოასწორებს, ან გარემოებები შეიცვლება ”.