ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანთან მოლაპარაკებები განახლდა


ფხენიანთან მოლაპარაკებები განახლდა
ფხენიანთან მოლაპარაკებები განახლდა

ამერიკისა და ჩრდილოეთ კორეის დიპლომატებმა ჟენევაში შეხვედრების ორ-დღიანი რაუნდი დაიწყეს, რომელზეც ფხენიანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ექვსმხრივი მოლაპარაკებების გაგრძელების დეტალები იქნება განხილული.

ამერიკულ დელეგაციას ჩრდილოეთ კორეის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი სტივენ ბოსვორთი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრია ასევე გლინ დევისი, რომელიც ცოტა ხანში ბოსვორთის თანამდებობას დაიკავებს.

ვაშინგტონი ფხენიანს სთხოვს შეწყვიტოს ურანის გამდიდრების პროგრამა და ქვეყანაში გაეროს დამკვირვებლები შეუშვას ბირთვული პროგრამის ელემენტების შესამოწმებლად.

ჩრდილოეთ კორეის დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კიმ კი კვანი ხელძღვანელობს. რუსული იტარ-ტასისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ექვსმხრივი მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს.

ამ ფონზე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში ვალერი ამოსი ჩრდილოეთ კორეას ეწვია. მისი თქმით, ქვეყანაში 6 მილიონი ადამიანი შიმშილობს და მათი საკვები ბადრიჯნითა და ბრინჯით შემოისაზღვრება. ამოსის თქმით:

„წლევანდელმა წყალდიდობამ სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. მოსავალი წელს შეიძლება იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე შარშან. მაგრამ მიუხედავად ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მილიონობით ადამიანი ცილებს და ორგანიზმისთვის აუცილებელ ბევრ სხვა ნივთიერებას ვერ იღებს.“

XS
SM
MD
LG