ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის დემოკრატიული ტრანზიციის მარტივი გზა ასადის გადადგომაა


სირიის დემოკრატიული ტრანზიციის მარტივი გზა ასადის გადადგომაა

მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა და სხვა სახელმწიფოებმა სირიის ლიდერს ბაშარ ალ-ასადს გადადგომისკენ მოუწოდეს, პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებთან შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დენ რობინსონი იკვლევდა.

როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, პრეზიდენტ ასადის წინააღმდეგ კოორდინირებული ქმედება სირიაში მოვლენების კულმინაციამ გამოიწვია. საერთაშორისო თანამეგობრობამ სირიის ლიდერს გადადგომისკენ და ძალადობრივი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა ობამამ ამ საკითხზე სასწრაფო მოლაპარაკებები გამართა გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან.

მანამდე 13 აგვისტოს ბატონი ობამა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი შეთანხმდნენ, რომ სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ უფრო აგრესიული ნაბიჯებია გადასადგმელი. ამავდროულად, ამერიკის ადმინისტრაციამ კონსულტაციები გამართა რეგიონის ხელმძღვანელებთან. კერძოდ, თურქეთის პრემიერ-მინისტრ ერდოღანთან და არაბული ქვეყნების ლიდერებთან. ადმინისტრაციის ჩინოსნების განცხადებით, თურქეთ-სირიის ხანგრძლივი ურთიერთობის გათვალისწინებით ვაშინგტონის და ანკარას პარტნიორობას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, პრეზიდენტ ობამას სტრატეგია სირიის ხელისუფლების საერთაშორისო იზოლაციას ისახავს მიზნად.

კონკრეტული ქმედების შესახებ კომენტარი სახლემწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გააკეთა:

„პრეზიდენტის ბრძანებით დაუყოვნებლივ იყინება სირიის მთავრობის ყველა ანგარიში, რომელიც ამერიკის იურისდიქციის ქვეშ იმყოფება. ასევე, ამერიკის მოქალაქეებს ეკრძალებათ სირიის მთავრობასთან ნებისმიერი ურთიერთობების წარმოება და სირიაში ინვესტიციების განხორციელება,“ - განაცხადა კლინტონმა.

ადმინისტრაციის ჩინოსნებმა პასუხი გასცეს ასევე შეკითხვას, თუ როგორ შეადარებენ ისინი ერთმანეთთან სირიის მიმართ პრეზიდენტის პოლიტიკას და ეგვიპტეში მუბარაქის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს თეთრი სახლის მიდგომას. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სირიის დემოკრატიული ტრანზიციის ყველაზე მარტივი გზა პრეზიდენტ ასადის გადადგომაა.

წარმომადგენლის თქმით, შეერთებული შტატებს მიდგომა ე.წ. არაბული გაზაფხულის მიმართ უცვლელია - ეს არის ძალადობის დაგმობა, პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმებისკენ მოწოდება და უნივრსლური ღირებულებების და უფლებების პატივისცემა. ამასთანავე, შეერთებული შტატები აღიარებს და აცხადებს, რომ ცვლილებები ყველა ქვეყანამ დამოუკიდებლად უნდა განახორციელოს.

თუ რა გავლენას მოახდენს ასადის გადადგომა ისრაელის და არაბული ქვეყნების სამშვიდობო პროცესზე, ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, პრეზიდენტ ასადის შესაძლებლობა, რომ ყველა დროის უცვლელ ფიგურად დარჩენილიყო, უკვე წარსულს ჩაბარდა.

XS
SM
MD
LG