ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები შუა აზიის რეგიონში


აშშს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები შუა აზიის რეგიონში

რობერტ ბლეიკმა შუა აზიის ქვეყნების მთავრობებთან ყოველწლიური ორმხრივი კონსულტაციები წამოიწყო.

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ყირგიზეთის სამხრეთ რეგიონში ტრაგიკული ამბები მოხდა. როგორც ყირგიზეთის ეროვნულმა ისე საერთაშორისო კომისიებმა მომხდარი ძალადობის ფაქტები გამოიძიეს, მაგრამ დამნაშავეები არ დასჯილან და ოფიციალური ბიშკეკი გამოძიების შედეგებზე არანაირ რეაქციას არ იძლევა. ამასთან დაკავშირებით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ სამხრეთ და შუა აზიის საკითხებში რობერტ ბლეიკმა აღნიშნა:

„უწინარეს ყოვლისა, მე მინდა აღვნიშნო, რომ ყირგიზეთის მთავრობა ქებას იმსახურებს იმის გამო, რომ მათ საერთაშორისო კომისიას გამოძიების ჩატარების უფლება მისცეს და დაუშვეს ის, რომ კომისიამ გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა და ყირგიზეთის საზოგადოებას გააცნო. დამეთანხმებით, რომ ეს საკმაოდ უჩვეულოა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გამოქვეყნებულ ანგარიშში ყირგიზეთის ამჟამინდელი მთავრობა მკაცრად არის გაკრიტიკებული. ამდენად ეს თავის თავად უკვე მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს. თუმცა, რაც შეეხება სასამართლო პროცესების დაწყებას, ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. აღსანიშნავია, რომ ჯერ-ჯერობით გასამართლებულთა უმრავლესობას ეთნიკური უზბეკები შეადგენენ, რაც გასაკვირია რადგან გასული წლის ივნისში მომხდარი ძალადობის მსხვერპლნი სწორედ უზბეკები იყვნენ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყირგიზეთის მთავრობამ ამ მხრივ უფრო მეტი ბალანსი უნდა გამოიჩინოს. ამას გარდა, ხელისუფლება სასამართლო პროცესების მართებულად წარმართვას სათანადო პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს. ყოველივე ეს არის ის მთავარი თემები, რომლებსაც ჩვენ ყირგიზელ მეგობრებთან ვიხილავთ.“

რობერტ ბლეიკმა აღნიშნა, რომ გასული წლის ეთნიკური დაძაბულობის შემდეგ, ყირგიზეთის მთავრობამ ბევრს მიაღწია. გასული წლის ივნისში ყირგიზეთის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს არსებობა, ხომ კითხვის ნიშნის ქვეშ მოექცა. ახლა კი ყირგიზეთში წარმომადგენლობითი საპარლამენტო დემოკრატია დამკვიდრა, რაც შუა აზიის რეგიონში პირველად მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ორი წლის წინ რობერტ ბლეიკმა შუა აზიის ქვეყნების მთავრობებთან ყოველწლიური ორმხრივი კონსულტაციები წამოიწყო. ამ ხნის მანძილზე მიღწეული პროგრესი მან ამგვარად შეაფასა:

„ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს ის, რომ თითოეული ქვეყნის ნდობა მოვიპოვეთ. ამას გარდა ჩვენ თითოეულ ქვეყანასთან თანამშრომლობის დონე და სიხშირე საგრძნობლად გავზარდეთ. შედეგად ჩვენ გარკვეული დივიდენდები მივიღეთ. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ უკლებლივ ყველა შუა აზიის სახელმწიფომ ავღანეთში საერთაშორისო ძალისხმევის მიმართ მხარდაჭერა გაზარდა. ამ ქვეყნების უმრავლესობა ჩრდილოეთის სადისტრიბუციო ქსელის მოქმედებას სხვადასხვა ხერხებით დახმარებას უწევს, ელექტროენერგიის მიწოდების ჩათვლით. ამას ემატება ისიც, რომ გარკვეული ქვეყნები ორმხრივ დახმარებას გვიწევენ. მაგალითად, ყაზახეთი ახალგაზრდა ავღანელ სამხედროებს ამზადებს. ამდენად ვფიქრობ ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. ამას გარდა, ჩვენ სულ უფრო ხშირად გულახდილად ვსაუბრობთ მტკივნეულ თემებზეც, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის შესახებაც, რაც თავისთავად მისასალმებელია.“

XS
SM
MD
LG