ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეკომენდაციები ატლანტიკური საბჭოსგან


რეკომენდაციები ატლანტიკური საბჭოსგან

სენატორი გრაამი: „დემოკრატია არ ემყარება პიროვნებებს, დემოკრატია ემყარება სისტემას“ სენატორი შაჰინი: „2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ქართული დემოკრატიის უნარიანობის უმთავრესი ინდიკატორი იქნება"

დღეს სენატში ატლანტიკური საბჭოს მიერ მომზადებული დოკუმენტის პრეზენტაცია შედგა. 37 გვერდიანი მოხსენების სახელწოდებაა „საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის პოლიტიკური საგზაო რუკა“. დოკუმენტი სარეკომენდაციო ანალიტიკური ხასიათისაა. სამუშაო ჯგუფს სენატორები ლინდსი გრაამი და ჯინ შაჰინი ხელმძღვანელობდნენ. დღევანდელი შეხვედრის ინტერესს ისიც განაპირობებდა, რომ სამუშაო ჯგუფი შეერთებული შტატების ორივე პარტიის რესპუბლიკელების და დემოკრატების მიერ შეიქმნა. შეხვედრის მონაწილეების წინაშე ორივე სენატორი წარსდგა.

„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა რომ ვუზრუნველყოთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ღრმად მწამს, რომ ჩვენ ქართველ ხალხს თავდაცვის შესაძლებლობას მივცემთ და ეს არის სტაბილიზაციის და არა დესტაბილიზაციის ფაქტორი. საფრთხეები რომლის წინაშეც დგას საქართველო რეალურია. თქვენ გაქვთ სასაზღვრო პრობლემები, ტერიტორიული პრობლემები, გაქვთ რუსეთთან ურთიერთობის პრობლემა და იმედი მაქვს რომ შეერთებული შტატები თქვენ მოგაწვდით სამხედრო დახმარებას. ეს არის ერთერთი საკითხი რაშიც ჩვენ შეგვიძლია თქვენი დახმარება,“ - განაცხადა ბატონმა გრაამმა.

რესპუბლიკელი სენატორის თქმით, შეერთებულ შტატებს ასევე აქვს შესაძლებლობა დაეხმაროს საქართველოს ეკონომიკის გაძლირების კუთხით და დადებული ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ამის დადასტურებაა. თავის მხრივ, საქართველომ უნდა გააძლიეროს პარლამენტის როლი, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ხელი შეუწყოს თავისუფალ მედიას, მხარი დაუჭიროს კონკურტენტუნარიანი საარჩევნო გარემოს შექმნას.

„დემოკრატია არ ემყარება პიროვნებებს, დემოკრატია ემყარება სისტემას,“ - დასძინა სენატორმა გრაამმა.

რესპუბლიკელი სენატორის შემდეგ დოკუმენტის ირგვლივ ისაუბრა დემოკრატმა სენატორმა შაჰინმა. მან თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე.

„2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ქართული დემოკრატიის უნარიანობის უმთავრესი ინდიკატორი იქნება. წარმატებით ჩატარების შემთხვევაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იქნება პირველი წარმოჩენა იმისა, თუ როგორ შეიძლება ძალაუფლების გადაცემა ერთი მშვიდობიანი დემოკრატიული რეჟიმიდან მეორეზე. ეს იქნება კრიტიკული ქვაკუთხედი დემოკრატიის გზაზე,“ - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.

შეხვედრის ბოლო ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს დეიმონ ვილსონს გავესაუბრეთ. შეკითხვაზე თუ როგორ უნდა დაეხმარება შეერთებულ შტატები საქართველოს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაში ბატონმა ვილსონმა განაცხადა:

„ვფიქრობ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების გაძლიერებისთვის, საარჩევნო პროცესის მონიტორინგისთვის, ხელი შევუწყოთ ოპოზიციის და ხელისუფლების დიალოგს საარჩევნო რეფორმისთვის,“ - განაცხადა ვილსონმა.

დოკუმენტის შესახებ კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს ელჩს შეერთებულ შტატებში ბატონ თემურ იაკობაშვილსაც.

„ვფიქრობ კრიტიკული რეკომენდაციები იმისთვის არის, რომ ჩვენ გავითვალისწინოთ ისინი და შესაბამისად მივიღოთ ყველა საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეფასებები მოდის ჩვენი მეგობრებისგან. დოკუმენტში არსებული ზოგიერთი შენიშნვნა არ არის რელევანტური, რადგან უკვე გადაიდგა ნაბიჯები. კერძოდ, მიღებულია კანონი მედიასთან, ასევე საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ ასეთი ტიპის დოკუმენტი უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვიდრე ისეთი, რომელიც ან მარტო შეგვაქებდა ან მარტო გაგვლანძღავდა,“ - განაცხადა ელჩმა.

თუ რამდენად გაითვალისწინებს საქართველო ატლანტიკური საბჭოს რეკომენდაციებს, ამას დრო გვიჩვენებს.

ვიდეო

XS
SM
MD
LG