ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკური დასაწყისი


რესპუბლიკური დასაწყისი
რესპუბლიკური დასაწყისი

კონსერვატორები პრეზიდენტ ობამას დასამარცხებლად ემზადებიან

შეერთებული შტატების ათასობით კონსერვატორმა აქტივისტმა ვაშინგტონში ყოველწლიური „პოლიტიკური ქმედებების კონფერენცია“ გამართა. ამ მოვლენას „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯიმ მელონი აშუქებდა. მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას აპირებს. კონფერენციაზე გამომსვლელთა დიდი ნაწილის მსგავსად, მისი უშუალო სამიზნეც პრეზიდენტი ბარაკ ობამა იყო.

„დღევანდელი მთავარი უბედურება არის რეალური უმუშევრობა, სახლების დაკარგვა და გაკოტრება. ეს არის ობამას უბედურების ინდექსი, რომელმაც უკვე რეკორდულ დონეს მიაღწია. ამერიკელებისთვის სამუშაოს დაბრუნებას, ლაპარაკზე უფრო ქმედება და ახალი პრეზიდენტი სჭირდება,“ - განაცხადა რომნიმ.

რესპუბლიკელებს წელს შესაძლოა ახალი შენაძენი ყავდეთ. ის მილიარდელი დონალდ ტრამპია. მან კონფერენციის მონაწილეებს განუცხადა, რომ შესაძლოა პრეზიდენტის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

„მიზეზი რატომაც ვფიქრობ ამ ნაბიჯზე, არის ის, რომ შეერთებული შტატები დანარჩენი მსოფლიოსთვის გასამათრახებელი ქვეყანა გახდა. მსოფლიო ჩვენ გვემუქრება უპატივცემულობით და არასათანადოდ გვეპყრობიან,“ - განაცხადა ტრამპმა.

მინესოტელი კონგრესმენი მიშელ ბაჩმანი „ჩაის სმის მოძრაობის“ ფავორიტია. როგორც ცნობილია, ეს არის სახალხო მოძრაობა, რომელიც კონსერვატორი და ლიბერტარიანელი აქტივისტებისგან შედგება.

ბაჩმანმა კონფერენციაზე შეკრებილ კონსერვატორებს განუცხადა, რომ მომავალ წელს პრეზიდენტ ობამას დამარცხება მათი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს და ამის შედეგად ობამა ერთვადიანი პრეზიდენტი უნდა გახდეს.

კონფერენციის მონაწილეებს წარმომადგენლთა პალატის ყოფილმა სპიკერმა ნიუტ გინგრიჩმაც მიმართა. მანაც განაცხადა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე დაფიქრდება. ხელისუფლებისადმი მისი კრიტიკის მთავარი თემები საგარეო პოლიტიკა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხები იყო.

„ობამას ადმინისტრაციას არასწორი მიდგომა აქვს ტერორიზმის, ირანის, მუსლიმთა საძმოს, ჰეზბოლას მიმართ და ასევე არასწორი მიდგომა აქვს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რაც უზომოდ სახიფათოა,“ - განაცხადა გინგრიჩმა.

როგორც საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგები მიუთითებს, რესპუბლიკელები უფრო მეტად ყოფილი გუბერნატორ მიტ რომნის კანდიდატურისკენ იხრებიან. თუმცა, როგორც ანალიტიკოსები მიუთითებენ, რესპუბლიკურ პარტიაში საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის საკმაოდ ბევრი იბრძოლებს.

„რესპუბლიკელებს შორის მარათონი საკმაოდ უწესრიგოდ მიდის. მე იმას ვგულისხმობ, რომ ჯერ გამოკვეთილი ფავორიტი არ არის და გასული საპრეზიდენტო არჩევნების დროს რესპუბლიკელებმა თავი იმით დაგვამახსოვრეს, რომ გამოკვეთილი მემკვიდრე ყავდათ,“ - ამბობს ანალიტიკოსი როდ კუკი.

ბევრი რესპუბლიკელი, ვისაც პრეზიდენტობის ამბიცია გააჩნია, თავის გამოსვლებში ხშირად ახსენებს რონალდ რეიგანს, რომელიც დღემდე ამერიკული კონსერვატიზმის გმირად ითვლება.

თუმცა ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ამჟამინდელი რესპუბლიკელები რეიგანისგან ძალიან შორს დგანან. როგორც მოსალოდნელია პრეზიდენტობის მსურველი რესპუბლიკელების ვინაობა წლის ბოლომდე გაირკვევა.

XS
SM
MD
LG