ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჭიდილი ზამთართან


ჭიდილი ზამთართან
ჭიდილი ზამთართან

ცხინვალისპირა სოფლებში ელემენტარული საკვებისა და გათბობის არარსებობის შესახებ საუბრობენ.

2008 წლის ომის შემდეგ ორნახევარი წელი გავიდა. ომით დაზარალებული მოსახლეობა ცხინვალისპირა სოფლებში კი დღემდე გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მოსაყოლი იმის შესახებ, რომ სახლი დაეწვათ, გაეძარცვათ, მოსავალი და შემოსავალი გაუნადგურდათ, აქ ყველა ოჯახში აქვთ.

2008 წლის ბოლოს, ზამთრის დადგომასთან ერთად დაიკარგა ხელისუფლების მხრიდან ომის შედეგებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირების იმედიც. ყველაფერი რომ ერთი ხელის მოსმით არ წესრიდგება, ომით დაზარალებულ სოფლებში ყველამ იცის, მაგრამ შეგუება ვითარებასთან, როდესაც ორნახევარი წლის მანძილზე ხელისუფლებისგან წამოსული დაპირებების შინაარსიც კი არ იცვლება, რთულია.

კონფლიქტის ზონის სოფლებში დღემდე ვერ დაიძლია წყლით უზრუნველყოფის პრობლემა, რაზეც სასიცოცხლო აუცილებლობის საკითხებია მიბმული. ამიტომაცაა, რომ იქ ყველაზე ხშირად ელემენტარული საკვებისა და გათბობის არარსებობის შესახებ საუბრობენ, იქაური ყოველდღიურობისთვის დამახასიათებელი სროლებისა და აფეთქებების ფონზე.

ერგნეთში მცხოვრები მაგული დოიჯაშვილი ამბობს, რომ სროლები ხშირად ისმის, მოსახლეობას კი გასაქცევი არსად აქვს.

იმ მიზნით, რომ ომით დაზარალებული მოსახლეობისთვის ზამთრის გაძლება გაიოლებულიყო, პრეზიდენტმა შიდა ქართლის გუბერნატორი დაიბარა და ამ საგანგებო შეხვედრაზე გამოსავლის გზების შესახებ ესაუბრა.

ეს ორი თვის წინ იყო. მას შემდეგ ცხინვალისპირა სოფლებში ყოველმა ოჯახმა ერთი ტომარა ფქვილი და 2 კუბური მეტრი შეშა მიიღო. შიდა ქართლის გუბერნატორმა ჩვენთან ინტერვიუს დროს ვერ დაასახელა პრობლემა, რაც ყველაზე მწვავედ დგას დღეს ომით დაზარალებული საზოგადოების წინაშე. იგი მხოლოდ იმის თქმით შემოიფარგლა, რომ „პრობლემები ბევრია და პრობლემები ყველგან არის“ და ამით საუბარი დაასრულა.

სიცივე და საკვების პრობლემა ცხინვალისპირა სოფლებში ყველგან ერთნაირი სიმწვავით დგას. ყელქცეულში ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, სახლში იქნებიან თუ გარეთ, რადგან ყველგან ერთნაირად ყინავს. ყელქცეულში მცხოვრები ქალბატონი ამბობს, რომ მათ ოჯახში ლობიოც კი სანატრელი აქვთ.

ტირძნისის თემის გამგებელი, თემურ ტეტუნაშვილი მძიმე სოციალური ფონის მიზეზად უწყლობას ასახელებს და იმედს გამოთქვამს, რომ ეს პრობლემა მიმდინარე წელს მაინც დაიძლევა.

XS
SM
MD
LG