ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიუსელიდან ლისაბონამდე


ბრიუსელიდან ლისაბონამდე

ალიანსი რუსეთზე და სარაკეტო თავდაცვაზე მსჯელობს

ხვალ ბრიუსელში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მინისტერიალი გაიხსნება, რომელსაც წევრი ქვეყნების თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან. უნდა ითქვას, რომ ნატოს მინისტერიალების ისტორიაში ასეთი შერეული შეხვედრები არც თუ ხშირად იმართება. ასეთი განსხვავებული ფორმატი კი ლისაბონში 19 ნოემბერს დაგეგმილ სამიტს უკავშირდება, რომელზეც ორი მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განიხილონ. პირველი ესაა ნატოს სარაკეტო თავდაცვის სისტემების განლაგება და ევროპის უსაფრთხოება და ასევე ნატოს ახალი სტრატეგიის მიღება, რომელზეც სპეციალურად შექმნილი ჯგუფი მუშაობდა. მინისტერიალამდე კი ლისაბონის სამიტზე და ალიანსის მომავალ გეგმებზე ვაშინგტონში თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწემ ევროპის და ნატოს საკითხებში ჯიმ თაუნსენდმა ისაუბრა. ის საერთაშორისო პრესკლუბში ჟურნალისტების წინაშე წარდგა.

„როგორც იცით, ნოემბერში დაგეგმილ სამიტზე ნატო უნდა შეთანხმდეს ალიანსის ახალ კონცეფციაზე. რასაც ჩვენ ყოველ ათ წელიწადში ერთხელ ვაკეთებთ, ის არის, რომ წარმოვადგენთ ხედვას თუ რას აპირებს ალიანსი, რის გაკეთებას შეეცდება ის უახლოეს მომავალში და რა ამბიციები გააჩნია მას,“ - განაცხადა თაუნსენდმა.

ნატოს ახალი კონცეფციის პროექტის მიხედვით კი, ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხი რუსეთთან ურთიერთობა და ანტისარაკეტო თავდაცვის საკითხში მოსკოვთან თანამშრომლობაა. როგორც ცნობილია, მას შემდეგ რაც შეერთებული შტატების სათავეში ბარაკ ობამას ადმინისტრცია მოვიდა, მისი წინამორბედის ჯორჯ ბუშის გეგმა ევროპაში, კერძოდ ჩეხეთსა და პოლონეთში ამერიკული ანტისარაკეტო ფარის განთავსების შესახებ შეიცვალა. ამის ძირითადი მიზეზი კი ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობის ახლებური ჩამოყალიბება და ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკა გახდა. ბარაკ ობამამ და მისმა რუსმა კოლეგამ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს და პრაღაში ბირთვული შეიარაღების შემცირების ახალი ხელშეკრულებაც გააფორმეს, რასაც ეპოქალური მნიშვნელობა ქონდა. ამ გადატვირთვის პოლიტიკის ჩარჩოებში მოიხაზა სწორედ თეთრი სახლის ანტისარაკეტო პოლიტიკაც, რომელშიც დასავლეთმა რუსეთის მონაწილეობაც განსაზღვრა. შესაბამისად, ალიანსს სურს, რომ ანტისარაკეტო გეგმა რუსეთთან თანამშრომლობით განხორციელდეს.

თუმცა, რუსეთს სურს, რომ თავიდანვე ჩართული იყოს ამ გეგმის განსაზღვრაში, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით. ამ საკითხზე ჯიმ თაუნსენდმა განაცხადა:

„რუსეთმაც და ნატომაც სამუშაო ჯგუფის დონეზე მრავალ საკითხზე იმუშავეს და ნატოს გადაწყვეტილება ჯერჯერობით საწყის ეტაპზეა სტატუსთან დაკავშირებით. ნატოს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული ტერიტორიულ სარაკეტო თავდაცვასთან დაკავშირებით. ამდენად, ვიდრე რუსეთი ნატოსთან დაიწყებს უფრო ფართო მოლაპარაკებას, ნატოში უნდა იყოს შეთანხმება მიღებული. უნდა ითქვას, რომ შეერთებული შტატების იდეა სწორედ ერთად მუშაობაში მდგომარეობს. “

გუშინ, ნატოს მომავალ გეგმებთან დაკავშირებით და ბრიუსელის მინისტერილის გახსნის წინ ვაშინგტონის ატლანტიკურ საბჭოში ალიანსის სარაკეტო თავდაცვის საკითხზე მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში ფრენკ როუზი, სარაკეტო თავდაცვის სააგენტოს დირექტორი გენერალ-ლეიტენანტი პატრიკ ორეილი, თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწე ჯიმ თაუნსენდი, ასევე ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი თანაშემწე პიტერ ფლორი. რუსეთისა და ნატოს ურთიერთობებზე სწორედ ამ უკანასკნელმა ისაუბრა. მისი თქმით, ეს ურთიერთობები არ არის მხოლოდ ერთ მხარეზე ანუ ნატოზე დამოკიდებული.

„ნატო და ასევე შეერთებული შტატები რამდენიმე წლის მანძილზე რუსეთს მკაფიოდ სთავაზობდა თანამშრომლობას და საფრთხეების შეფასების თანაბარ გაზიარებას, ხოლო რუსეთისგან შემხვედრი ნაბიჯი არ იყო,“ - განაცხადა პიტერ ფლორმა. მისი თქმით, როდესაც ნატოს წარმომადგენლები ესაუბრებიან რუსულ მხარეს, სადაც სხედან დასავლურ უნივერსიტეტებში განათლებამიღებული 30 წლის ადამიანები და არა 50-იანი წლების „კაგებეს“ ჩინოსნები. ძალზედ რთულია მათი დარწმუნებაც კი, იმაში რომ ნატოს სარაკეტო თავდაცვითი სისტემები არაა მიმართული რუსეთის წინააღმდეგ და პირიქით ესაა ერთობლივი საფრთხის აღსაკვეთად გამიზნული გეგმა. სხვა საკითხებთან ერთად რუსეთთან ურთიერთობაზე ხვალ ბრიუსელში ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ. ნოემბერში კი უკვე კონკრეტულ გადაწყეტილებას ალიანსის უმაღლესი პირები ლისაბონის სამიტზე მიიღებენ.

XS
SM
MD
LG