ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„დაისაჯონ ომის დამნაშავეები“


„დაისაჯონ ომის დამნაშავეები“
„დაისაჯონ ომის დამნაშავეები“

ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ გორში შეხვედრას მართავს

ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტმა“ გორში შეხვედრა გამართა, რომელზეც 2008 წლის ომით დაზარალებულთა სამართლებრივი მდგომარეობა შეაფასეს.

„ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ დღეისთვის აწარმოებს ომით დაზარალებული ოჯახების საქმეს სასამართლოში. საცხოვრებელი სახლების, სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთებისა და სხვა უძრავი და მოძრავი ქონების გარეშე დარჩენილ მოსახლეობას ორგანიზაცია ადვოკატირებას უწევს.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლია მუხაშავრია აცხადებს, ისინი ომამდე დევნილების საკითხზე არ მუშაობდნენ, ეს საჭიროება 2008 წლის სექტემბრიდან წარმოიშვა. მისივე თქმით, რაც უფრო და უფრო უღრმავდებოდნენ საკთხს, მით უფრო მეტი პრობლემა და დარღვევა იჩენდა თავს.

ორგანიზაცია დევნილების უფლებებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც დაიცავს. მუხაშავრიას განცხადებით, მისი ორგანიზაცია ერთადერთია ქართულ არასამთავრობოთა შორის, რომელმაც საჭიროდ მიიჩნია სარჩელების შეტანა ერთდროულად ორი სახელმწიფოს წინააღმდეგ:

„ის, რომ ომის შედეგად ზიანი მიადგა მშვიდობიან მოსახლეობას, რუსეთთან ერთად, გარკვეული წილი პასუხისმგებლობისა გააჩნია საქართველოს სახელმწიფოსაც, რადგან მან არ განახორციელა ყველა ის ქმედება, რაც საომარ და ომის წინა სიტუაციაში მის ვალდებულებას წარმოადგენდა,“– ამბობს ლია მუხაშავრია.

ნინო ბოლქვაძემ,რომელიც „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ შიდა სამართალწარმოების მიმართულების ხელმძღვანელია, შეხვედრაზე განაცხადა, რომ მთავრობა, რომლის კომპეტენციაც მთელი რიგი პრობლემების გადაწყვეტაა, არ განიხილავს საჩივრებს კანონით დადგენილი წესით, რის გამოც საქმეზე გადაწყვეტილებას იღებს არაუფლებამოსილი პირი. ამდენად, ხშირ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს არა მხოლოდ უარია უკანონო, არამედ გადაწყვეტილების მიღების პროცედურაც ეწინააღმდეგება კანონით განსაზღვრულ წესს.

კიდევ ერთი პრობლემური საკითხი, რაც შეხვედრაზე დაისვა, ეხებოდა დევნილი მოსახლეობისთვის ზარალის ანაზღაურების საკითხს. ამ დრომდე ომით მიყენებული ზარალის არათუ ანაზღაურებაზე საუბრობს სახელმწიფო, არამედ, ზარალი, როგორც ასეთი, არც დათვლილა:

„ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ადვოკატების კიდევ ერთი საქმე სასამართლოში სწორედ ამ საკითხს ეხება. საქმე იმაშია, რომ ომის შემდეგ გამოვიდა მთავრობის დადგენილება, რომლითაც ზარალის დამთვლელი კომისია უნდა შემდგარიყო, კომისია კიდეც ჩამოყალიბდა და კიდეც დაიშალა, როდესაც „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტმა“მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია მოითხოვა, მისი მიღება ვერ შეძლო. საქმე ამ ეტაპზე სასამართლოშია, რამდენიმე პროცესი შედგა კიდეც, თუმცა არ დასრულებულა."ამბობს ნინო ბოლქვაძე.

იგი ასევე აცხადებს, რომ ძალიან დაინტერესებულია გაიგოს ინფორმაცია ომის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობის შესახებ:

„ჩვენ ვიცით, რომ სოფლებში არავის დაუვლია და ინფორმაცია გადამწვარი და დანგრეული სახლების ფაქტობრივი ღირებულებების შესახებ არ შეგროვილა, ამიტომაც ჩვენი ინტერესი, იმის თაობაზე, როგორ დაითვალეს ზარალი თანდათან იზრდება“.

„ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ სექტემბერში თბილისში გამართავს კონფერენციას და უკვე ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე წარადგენს რეკომენდაციებს 2008 წლის ომით დაზარალებულთა პრობლემატიკიდან გამომდინარე.

XS
SM
MD
LG