ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეალური ყურადღება თუ ...


ექსპერტები ჰილარი კლინტონის ტურნეს აფასებენ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის აღმოსავლეთ ევროპულ და კავკასიური ტურნეს შეფასებები გრძელდება. ამასთან დაკავშირებით, „ამერიკის ხმა“ „ჯეიმსთაუნის ფონდის“ პრეზიდენტს ბატონ გლენ ჰოვარდს ესაუბრა. დამკვირვებლებში განსაკუთრებული ინტერესი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისადმი ქალბატონი კლინტონის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია. შეკითხვაზე, თუ კონკრეტულად რაზე უნდა ესაუბრა ქალბატონ კლინტონს აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტებთან დახურულ კარს მიღმა, ბატონი ჰოვარდი ამბობს:

„მე ვფიქრობ, ის ცდილობდა გამოეკვეთა იმ პროტოკოლის მნიშვნელობა, რომელსაც ხელი მოეწერა 2009 წლის ოქტომბერში. ვფიქრობ, ის კვლავ განაგრძობს გარკვეული ზეწოლის მცდელობას თურქეთსა და სომხეთს შორის საზღვრის გახსნის თაობაზე. თუმცა, კლინტონი ბაქოში ჩავიდა იმის გაცნობიერებით, რომ შეერთებული შტატების მცდელობა თურქეთ-სომხეთის საზღვრის გახსნის მიმართ ჯერჯერობით წარუმატებელი აღმოჩნდა,“ - აცხადებს ჰოვარდი.

მისი თქმით, ამჟამად აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორს მოლაპარაკების საგანია და არა თურქეთსა და სომხეთს შორის. ჰოვარდის განცხადებით, აქამდე შეერთებული შტატების პოლიტიკა არც თუ მნიშვნელოვნად იყო ფოკუსირებული სამხრეთ კავკასიაზე და ამას ადასტურებს, რომ ამ ხნის მანძილზე არ იყო დანიშნული ელჩი აზერბაიჯანში. თუმცა, ჰოვარდის თქმით, ჰილარი კლინტონის ვიზიტის დადასტურებაა, რომ ვაშინგტონმა დაიწყო ამ რეგიონში რაღაცის გაკეთების მცდელობაზე ფიქრი.

როგორც ცნობილია, აზერბაიჯანში ყოფნისას ჰილარი კლინტონმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება. მართალია, მან იქ დაკავებული ორი ბლოგერის გათავისუფლების აუცილებლობაზე გააკეთა მინიშნება, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში უზარმაზარი პროგრესი შესამჩნევია. ამან კი, აზერბაიჯანელი უფლებათადამცველების მხრიდან სკეპტიციზმი გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა თუ რას ფიქრობს გლენ ჰოვარდი:

„მე ვფიქრობ აზერაბიჯანის იგნორირება არ დაეხმარება აზერბაიჯანის დემოკრატიის გზაზე დაყენებას. აზერბაიჯანზე უფრო მეტი ყურადღების გამახვილება, იქ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ მონაცემებს გააუმჯობესებს და ჩვენ დავინახავთ უფრო მეტ პროგრესს,“ - განაცხადა ჰოვარდმა. ამასთანავე, მისი თქმით, აუცილებელია უფრო მეტი ყურადღების გამახვილება სამხრეთ კავკასიის რეგიონზე და მისი ჩართვა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში. ჰოვარდმა ამასთან დაკავშირებით რუსეთის მაგალითი მოიყვანა, როდესაც კრემლის ლიდერები მედვედევი და პუტინი ხშირად ჩადიან სამხრეთ კავკასიაში და კასპის ზღვის აუზის ქვეყნებში, ან რეგიონის ლიდერებს ესაუბრებიან ტელეფონით. ამდენად, მთავარია ყურადღების კონცენტრირება აზერბაიჯანსა და სამხრეთ კავკასიაზე, ხოლო ამის უგულვებელყოფით იქ ადამიანის უფლებების სფეროში ვითარების გაუმჯობესებაზე საუბარიც კი ზედმეტი იქნება.

დამკვირვებლების და ანალიტიკოსების მნიშვნელოვანი ყურადღება გამოიწვია ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტმა და თბილისში გაკეთებულმა განცხადებამ, რასაც უკვე მოყვა რუსეთის მხრიდან საპასუხო რეაქცია.

შეკითხვაზე შეცვალა თუ არა შეერთებულმა შტატებმა პოლიტიკური კურსი საქართველოსთან მიმართებაში ბატონმა ჰოვარდა განაცხადა:

„მე არ ვფიქრობ, რომ შეცვლა, უბრალოდ ერთწლიანი იგნორირების შემდეგ მოხდა გაცნობიერება ამ პოლიტიკის. ქალბატონმა კლინტონმა ერთგვარად გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოსთნ მიმართებაში, ეს გარკველწილად დაფუძნებულია სტრატეგიულ მოთმინებაზე და ამის მიზეზი იყო ამერიკა-რუსეთს შორის გადატვირთვის პოლიტიკა. თუმცა, შეერთებულმა შტატებმა დაიწყო საქართველოზე ხელახალი ფოკუსირება. კლინტონმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები არის ოკუპირებული და ეს არის ოკუპაცია. ეს არის ძალინ მნიშვნელოვანი განცხადება, თუმცა გაკეთებულია დაგვიანებით. კლინტონს ეს განცხადება უფრო ადრე უნდა გაკეთებინა. თუმცა, ობამას ადმინისტრაცია მთლიანად ჩაბმული იყო რუსეთთან ურთიერთობაში, რაც უკავშირდებოდა ბირთვულია არსენალის შემცირების ხელშკერულებას. და ახლა ისინი იწყებენ საქართველოზე ხელახლა ფოკუსირებას,“ - აღნიშნა ჰოვარდმა.

ამასთანავე, მან განაცხადა, რომ საქართველოს დაახლოებით 1500 ჯარისკაცი მონაწილეობს ავღანეთის ოპერაციაში ამერიკელი და კოალიციის სამხედროების მხარდამხარ, ხოლო შეერთებული შტატების მხრიდან კი საქართველოზე გრძელდება არაოფიციალური ემბარგო იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც რუსეთი ზრდის თავის სამხედრო პოტენციალს რეგიონში.

„ცხადია, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოს დასახმარებლად ბევრი რამ უნდა გაეკეთებინა, ხოლო რეალურად კი მან საქართველო თავისი სტრატეგიული პრიორიტეტების მიღმა დატოვა. ხოლო ამჟამად საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზი იყო ამერიკულ პრესის და ზოგადად მედიის მხრიდან ობამას ადმინისტრაციის კრიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. ასევე იყო კრიტიკა, რომ ადმინისტრაცია არ აქცევს ყურადღებას რუსეთის მეზობლებს, კონკრეტულად კი უკრაინას. მე ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს. ამასთანავე, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ შეერთებული შტატები საქართველოს დასახმარებლად განცხდებებზე მეტს გააკეთებს და ეს გათვლილი იქნება დასავლეთში საზოგადოების აზრზე, რათა საზოგადოებამ იფიქროს, რომ შეერთებული შტატები ახდენს საქართველოზე ხელახალ ფოკუსირებას. მაგრამ რეალურად არსებულზე უფრო მეტი არ გაკეთდება,“- აცხადებს ჰოვარდი.

XS
SM
MD
LG