ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას ემსხვერპლა გენერალი?


რას ემსხვერპლა გენერალი?

პრეზიდენტმა ობამამ ავღანეთში შეერთებული შტატების არმიის მთავარსარდალი გენერალი სტენლი მაკრისტალი გაანთავისუფლა თანამდებობიდან .

პრეზიდენტმა ობამამ ავღანეთში შეერთებული შტატების არმიის მთავარსარდალი გენერალი სტენლი მაკრისტალი გაანთავისუფლა თანამდებობიდან ჟურნალ "როლინგ სტოუნზისთვის"მიცემული ინტერვიუს გამო.

აღნიშნულ ინტერვიუში გენერალ მაკრისტალის ადიუტანტმა პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უშიშროების საკითხებში გენერალ ჯეიმს ჯონს კლოუნი უწოდა. უარყოფითად შეაფასეს ასევე ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის მოღვაწეობაც.

გენერალი მაკრისტალის აზრით, საკუთარ მოვალეობას თავს ვერ ართმევენ ავღანეთში შეერთებული შტატების ელჩი კარლ აიკენბერი და ვაშინგტონის სპეციალური წარმომადგენელი პაკისტანში რიჩარდ ჰოლბრუკი.

პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით, გენერალი მაკრისტალი და მისი თანაშემწეები პოლიტიკოსების მიმართ სამხედროების უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავენ. როგორც გადამდგარი გენერალი ბარი მაკაფერი აცხადებს:

“ მათ დაავიწყდათ რომ კომანდოსები კი არ არიან, რომლებიც საზღვაო ქვეითებზე ლაპარაკობენ, არამედ უმაღლესი სამხედრო პირები, რომლებიც საკუთარ ხელმძღვანელობას აკრიტიკებენ.“

2009 წელს ავღანეთში შეერთებული შტატების ხელმძღვანელობამ ახალი სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც დამატებით 30 000 ჯარისკაცის გაგზავნას ითვალისწინებდა. თუ ყველაფერი ამ გეგმის შესაბამისად წარიმართებოდა,მაშინ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა 2011 წლის ზაფხულში დაიწყებოდა. თუმცა პარტიზანების გააქტიურებამ ავღანეთში კიდევ უფრო გაზარდა შეერთებული შტატების და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის დანაკარგები.

ავღანეთის სამხრეთში ალიანსის მიერ მარჯაზე დაგეგმილი იერიში უშედეგოდ დამთავრდა, რამაც ყანდაარზე შეტევის გადადება გამოიწვია. მაშინ,როდესაც ავღანეთის მთავრობა კორუფციაშია ჩაფლული პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი თალიბებთან მოლაპარაკების დაწყებას ცდილობს, მაგრამ თალიბთა ბოლოდროინდელი წარმატებების ფონზე , ისინი არ არიან ამ მოლაპარაკებებით დაინტერესებულნი.

გენერალ სტენლი მაკრისტალს გენერალი დევიდ პეტრეუსი ჩაანაცვლებს. პრეზიდენტი ობამა იმედოვნებს, რომ მისი ახალი სტრატეგია ავღანეთში წარმატებული იქნება. მისი თქმით:

“ ჩვენ შევძლებთ თალიბების შეჩერებას და გავაძლიერებთ ალ-ყაიდასა და მის ლიდერებზე ზეწოლას. ამასვე მოვითხოვთ პაკისტანისა და ავღანეთის ხელმძღვანელობისგანაც.“

როგორც ამერიკელი სამხედრო ექსპერტი პროფესორი ლარი გორდონი აცხადებს, სინამდვილეში ობამას ახალი სტრატეგია, რამდენიმე სტრატეგიის გაერთიანებას ისახვას მიზნად. მისი თქმით:

“ კონტრტერორისტული ოპერაციები ამ სტრატეგიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, მეორეა ანტი-პარტიზანული ომი. ასევე ამ ომში ჩვეულებრივი შეიარაღების ეფექტური გამოყენება. თუმცა ეს ოპერაციები სხვადასხვა რესურსებს და დიდ დროს მოითხოვს.“

ბატონი გორდონის განცხადებით,ჟურნალ ''როლიგ სტოუნზში'' გამოქვეყნებულმა რეპორტაჟმა დაადასტურა, რომ ამერიკელთა სარდლობას ავღანეთში ახალი სტრატეგიის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გააჩნია.

გენერალმა პეტრეუსმა, ისევე როგორც გენერალმა მაკრისტალმა, არაერთხელ დაადასტურა საკუთარი პროფესიონალიზმი და სიმამაცე ბრძოლის ველზე, მაგრამ რაც შეეხება ბიუროკრატიულ ომებს,როგორც ჩანს ამ საქმეში გენერალ პეტრეუსს უფრო მეტი გამოცდილება აქვს, ვიდრე მის წინამორბედს ავღანეთში.

XS
SM
MD
LG