ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი სტარტი „სტარტის“შემდეგ


ახალი სტარტი „სტარტის“შემდეგ
ახალი სტარტი „სტარტის“შემდეგ

მოკლე რადიუსის რაკეტები - შეშფოთების საგანი

აშშ-რუსეთს გაფორმებული ახალი ბირთვული ხელშეკრულება, იგივე „სტარტი“ მხოლოდ შორი რადიუსის ბირთვულ იარაღს შეეხება. შეთანხმება ამ იარაღის რაოდენობის ლიმიტსაც აწესებს - 1550 ერთეული ბირთვული ქობინი. აქ შედის როგორც მიწის სიღრმეშია ჩამალული ინტერკონტინენტალური ბალისტიკური რაკეტები, ასევე მძიმე ბომდამშენების და წყალქვეშა ნავების ბირთვული არსენალიც. თუმცა, ხელშეკრულება არ შეეხება მოკლე რადიუსის ბირთვულ იარაღს, როგორსაც მიეკუთვნება „ხმელეთი-ჰაერის“ ტიპის რაკეტები, რომელთა მოქმედების მანძილი 500 კილომეტრზე ნაკლებია. მათ სხვაგვარად „საფრონტო იარაღსაც“ ეძახიან.

დერილ კიმბელი კერძო კვლევითი კომპანიის შეიარაღებაზე კონტროლის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორია. მისი თქმით, ამგვარი იარაღი მოსკოვს ვაშინგტონზე გაცილებით დიდი რაოდენობით გააჩნია.

„შეერთებულ შტატებს რამდენიმე ასეული მძიმე ბომბი ქონდა - ეს არის ჰაერიდან ჩამოსაგდები ბომბები. აქედან დაახლოებით 200 ერთეული ევროპის ტერიტორიაზე ნატოს ხუთ ბაზაზეა განაწილებული. რუსეთში, სხვადასხვა შეფასებებით ასეთი ტაქტიკური ბირთვული ბომბები 2-დან 4 ათას ერთეულამდეა. თუმცა, მათგან ყველა არ არის გამოსადეგი. მრავალი მათგანი დემონტაჟისთვის არის გამზადებული, ბევრი კი ღრმა შესანახ ბუნკერებშია განთავსებული. ასე რომ, ჯერ უცნობია, თუ რამდენი ერთეული ამგვარი იარაღი გააჩნია რუსეთს,“ - განაცხადა კიმბელმა.

ექსპერტების განცხადებით, ნატოს შეიარაღება ბელგიაში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, იტალიასა და თურქეთშია განლაგებული. რუსეთის რაკეტების უმრავლესობაც ქვეყნის დასავლეთის ნაწილში, ევროპის სიახლოვესაა თავმოყრილი.

დევიდ ჰოლოვეი სტენფორდის უნივერსიტეტში შეიარაღებაზე კონტროლის ექსპერტია. ის ცდილობს ახნსას, თუ რატომ გააჩნია რუსეთს ამდენად დიდი უპირატესობა.

„არგუმენტი ის არის, რომ რუსეთის კონვენციური შეიარაღებული ძალები საკმაოდ სუსტია და ამდენად მას ამის საკომპენსაციოდ ტაქტიკური ბირთვული იარაღი ესაჭიროება ნატოს ან სხვა ნებისმიერი ქვეყნის საპირწონედ, განსაკუთრებით კი ჩინეთის, რომელსაც საჯაროდ არ ასახელებენ ხოლმე,“ -აცხადებს ჰოლოვეი.

თუმცა, ფრენკ მილერი - პრეზიდენტ ბუშის დროს ეროვნული უშიშროების საბჭოს მაღალი თანამდებობის პირი, ამ ე.წ. რუსულ არგუმენტს არ ეთანხმება.

„როგორ შეუძლია რუსეთს ამ რაოდენობით მოკლე რადიუსის რაკეტების შენახვა და ამის გამართლება, საუბარია 3-დან 5 ათას ერთეულამდე. ეს ის საკითხია, რომელიც რუსეთმა უფრო უკეთ უნდა აუხსნას საერთაშორისო თანამეგობრობას. ამის მიზეზი არ არის მხოლოდ ნატოს კონვენციური სამხედრო ძალების შესაძლო მუქარა, რადგანაც თუ შეხედავთ ალიანსის კონვენციურ ძალებს ევროპაში, მათი რაოდენობა ძალიან მცირეა, ხოლო იმის წარმოდგენა, რომ ნატოს 28 ქვეყანა გაერთიანდება და რუსეთის წინაღმდეგ გაილაშქრებენ, აბსოლუტურად აბსურდულია,“ - აცხადებს მილერი.

ბევრი ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ ორივე მხარეს არსებული ტაქტიკური შეიარაღება ცივი ომის დროინდელია და ამჯერად მათ უმეტესობას სამხედრო ღირებულება აღარ გააჩნიათ. თუმცა, ამ მოსაზრბას არ ეთანხმება ფრენკ მილერი და ამბობს, რომ ამ შეიარაღებას გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია დაპირისპირების შემთხვევაში. დევიდ ჰოლოვეი აცხადებს, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს შორის უკვე დაწყებულია დებატები მოკლე რადიუსის ტაქტიკური ბირთვული იარაღის რაოდენობის შესახებაც. მის თქმით, ნატოს ზოგიერთ ქვეყანას ამგვარი იარაღის ევროპის კონტინეტზე არსებობა სულაც არ სურს.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის იარაღის შემცირების საკითხზე ახალი მოლაპარაკების დროს დიდი ალბათობით მოკლე რადიუსის რაკეტების თემაც იქნება განხილული. თუმცა, მანამდე აუცილებელია, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონში ჯერ იმ ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდეს საკანონმდებლო ორგანოების მიერ, რომელიც გრძელი რადიუსის ბირთვული იარაღის შემცირებას შეეხება. ამით კი, ახალი მოლაპარაკების დაწყებასაც მიეცემა იმპულსი.

XS
SM
MD
LG