ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზერბაიჯანში თავისუფალი პრესა იზღუდება


ბაქომ ევროპის სასამართლოს დადგენილება უნდა აღასრულოს

აზერბაიჯანის პრესის თავისუფლება სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, რაც ჟურნალისტთა დაპატიმრებებსაც მოიცავს. 6 ივლისს, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ეინულა ფათულაევს ნარკოტიკების შენახვისა და კრიმინალური საქმიანობის ბრალდებით ორწლინახევრიანი პატიმრობა მიესაჯა. ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში ფათულაევისადმი წაყენებულ კრიმინალურ ბრალდებას „მაღალი ალბათობით დაუჯერებელი“ უწოდა. ამის თაობაზე შეშფოთება უკვე გამოთქვეს შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, ნორვეგიამ და ასევე სხვა სახელმწიფოებმა. „საერთაშორისო ამნისტიის“ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფათულაევისადმი წაყენებულ ბრალდებას უკვე უწოდეს მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის გაჩუმების მცდელობა.

ეინულა ფათულაევს მანამდე რვაწლიანი პატიმრობა ქონდა მისჯილი. მას ბრალად ედებოდა ტერორიზმი, ცილისწამება, რასობრივი შუღლის გაღვივება, გადასახადებისთვის თავის არიდება.

ყველა ეს ბრალდება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ფათულაევს მოუხსნა. ასევე სასამართლომ დაადგინა, რომ 2007 წელს ფათულაევის სასამართლო პროცესით დაირღვა აზრის გამოხატვის უფლება და ასევე არ არსებობდა მისი დაპატიმრების არანაირი გამამართლებელი საფუძველი.

რამდენადაც აზერბაიჯანს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე ხელი აქვს მოწერილი, მან ევროპის სასამართლოს დადგენილება უნდა აღასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მის წინააღმდეგ ჯარიმების დაწესება შეეძლება.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამარბერგმა განაცხადა, რომ „ის ვინც თავის აზრის გამოხატვის გამოა დაპატიმრებული, ეინულა ფათულაევის ჩათვლით, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.“ იგივე მოითხოვა ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში დუნჯა მიატოვიჩმაც. შეერთებული შტატები მხარს უჭერს ამ მოწოდებას და ეს სახელმწიფო დეპარტამენტის 7 ივლისის განცხადებაშიც დაფიქსირდა.

შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა მთავრობას, აზერბაიჯანის მთავრობის ჩათვლით, რათა პატივი სცენ პრესის თავისუფლებას, გამოძიების და თავისუფლად გამოქვეყნების უფლების ჩათვლით, ისევე როგორც ტრადიციულ, ასევე ინტერნეტ მედიაშიც. ბაქოში ვიზიტისას სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა: „დემოკრატიები მაშინ ყვავის და საზოგადოება მაშინ ვითარდება, როდესაც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს პატივს სცემენ და მათ აქვთ მუშაობის უფლება დაშინების გარეშე. “

XS
SM
MD
LG