ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უფრო მეტი ვიდრე უსაფრთხოება


უფრო მეტი ვიდრე უსაფრთხოება
უფრო მეტი ვიდრე უსაფრთხოება

ვაშინგტონი პაკისტანის განვითარებაზე ზრუნავს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა პაკისტანისთვის განვითარების ახალი პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა. დახმარების პაკეტი წყალსადენის სისტემის, ენერგოსექტორის და ჯანდაცვის სექტორის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პაკისტანისთვის დახმარების მცდელობა ეს არის ვაშინგტონის მზადყოფნა, რომ პაკისტანს არა მარტო ტერორიზმთან და თალიბანთან ბრძოლაში დაეხმაროს, არამედ მკვეთრად შეიცვალოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაც. პაკისტანისთვის ახალი დახმარების პროექტი ხელს შეუწყობს პაკისტანელების აზრის შეცვლას ვაშინგტონის მიმართ, რომ შეერთებული შტატები მათი მდგომარეობის გაუმჯობესებით არის დაინტერესებული. პაკისტანში ვიზიტით მყოფმა ჰილარი კლინტონმა თავის პაკისტანელ კოლეგასთან ერთად მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ ვიცით, რომ ბევრი პაკისტანელის აღქმაში ამერიკის ვალდებულება მათ მიმართ მხოლოდ უსაფრთხოების სფეროთი იწყება და ამითვე სრულდება. მაგრამ სინამდვილეში ჩვენი და პაკისტანის პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროზე უფრო მეტია. ეს არის ეკონომიკური, პოლიტიკური, საგანმანათლებლო, კულტურული, ისტორიული და ოჯახურ ფესვებთან დაკავშირებული საკითხები,“ - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა შაჰ მეჰმოდ ქურეშმა კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის გაღრმავება გადამწყვეტია, რათა პაკისტანში შეერთებული შტატების შესახებ არსებული წარმოდგენები შეიცვალოს.

„ამ დიალოგის პროცესში ჩვენ ფოკუსირებული ვართ ყველა პროექტზე, ყველა სფეროზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვეულებრივი პაკისტანელების ცხოვრებაში, ასე რომ ისინი გააცნობიერებენ, რომ ეს თანამშრომლობა უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე მხოლოდ უსაფრთხოებას. ეს არის ურთიერთობა რათა გაუმჯობესდეს ჩვენი ცხოვრების დონე,“ - განაცხადა პაკსიტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეერთებული შტატები პაკისტანისგან ბრძოლის გამკაცრებას მოითხოვს მის ტერიტორიაზე მოქმედი ისლამისტი ამბოხებულების წინააღმდეგ. განსაკუთრებით ეს ეხება ავღანეთთან არსებულ სასაზღვრო რეგიონს, სადაც ხშირია საერთაშორისო კოალიციის სამხედრო ნაწილებზე თავდასხმის ფაქტები. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ იმ ავღანელ მეამბოხეებს ვისაც შერიგება სურს, იარაღის დაყრა, ალ-ყაიდასთან კავშირის გაწყვეტა და ავღანეთის კონსტიტუციის აღიარება მოუწევთ. ჰილარი კლინტონი ისლამაბადში კვირას ჩავიდა. ეს მისი სამხრეთ აზიური ტურნეს დასაწყისი იყო. დღეს კი ჰილარი კლინტონი ქაბულში საერთაშორისო კონფერენციას ესწრება. მის გარდა ავღანეთის მომავალზე 70-მდე ქვეყნის უმაღლესი პირები იმსჯელებენ.

XS
SM
MD
LG