ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უპატრონო ძაღლების საზღვარი და ცარიელი ხელებით გამოქცეული დევნილები

საქართველოში რუსეთის აგრესიის შემდეგ 3 წელი გავიდა. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტმა ჯეიმს ბრუკმა შიდა ქართლში კონფლიქტისპირა სოფლები მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. მას მეგზურობას ევროკავშირის სამხედრო მონიტორი ადამ ბარტნიცკი უწევდა. ეს უკანასკნელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას უწევს მეთვალყურეობას. მისი ბინოკლიდან კარგად ჩანს, თუ როგორ მიმდინარეობს ორი ახალი რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობა.

„ჩვენი პასუხისმგებლობის რაიონში უკვე 12 რუსული სასაზღვრო ბაზაა მოხვედრილი. ისინი სოკოებივით მრავლდებიან,“ - ამბობს ადამ ბარტნიცკი.

ბაზას მაღალი ღობე და უსაფრთხოებისთვის დაყენებული ძლიერი პროჟექტორები იცავს. ახალ ბაზებზე 5 ათასამდე რუსი სამხედრო იქნება განთავსებული, რაც ათჯერ აღემატება ომამდელ პერიოდში მათ რაოდენობას.

სასაზღვრო სოფელ ერგნეთში ცოტაოდენი მოსახლე თუ შემორჩენილი. ერთერთი მათგანი ლია ჩლაიძეა. მისი კარმიდამო ომის დროს დაიწვა. ლია ჩლაიძე „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტს რუსულ ენაზე ესაუბრა:

„ჩემი მშობლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან დაკრძალული. ვინ იცის როდის შევძლებ მათი საფლავების მონახულებას. ეს ადამიანთა ტრაგედიაა. ამაზე საუბარი ცრემლის გარეშე არ შემიძლია.“

ოკუპაციის სამი წელი
ოკუპაციის სამი წელი

ერგნეთში ერთ დროს დიდი ბაზრობა იყო, ახლა კი ის საქართველოს ბოლო სოფელია, სადაც მძიმედ შეიარაღებული პოლიის საკონტროლო პუნქტია. საზღვრის გადალახვა აქ მხოლოდ უპატრონო ძაღლებს შეუძლიათ. გორში კი დევნილთა ბანაკია. „ამერიკის ხმა“ ნანული ფერვაშვილს იმ დროს ესტუმრა, როცა ის ოთხსულიანი ოჯახისთვის პურს აცხობდა. როცა ბრძოლები დაიწყო, ნანულიმ ოჯახთან ერთად საკუთარი კარმიდამო დატოვა და დევნილად იქცა.

როგორც თავად ამბობს, ცარიელი ხელებით გამოვიდნენ. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი იქვე ახლოს მყოფ ქართველებსაც გაესაუბრა, რომლებიც ნარდის თამაშით იქცევდნენ თავს. შალვა ერბაქიძემაც რუსულად ისურვა საუბარი.

„უმუშევრები ვართ. ჩვენი დასაქმება არავის უნდა, რადგან დევნილები ვართ. “

ოკუპაციის სამი წელი
ოკუპაციის სამი წელი

ომის სამი წლისთავის მოახლოებასთან ერთად თბილისში ამ მოვლენის აღნიშვნის თაობაზე დებატები ძლიერდება. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ მთავრობა ომის წაგებას აღნიშნავს.

„შარშან მთავრობას მე დავუსვი შეკითხვა: როდესაც რვა აგვისტო აღნიშნეს კონცერტებით და ფოიერვერკებით. მე ვიკითხე - რას და რისთვის ვზეიმობთ? თუ ჩვენ მართლაც რაიმე მოვიგეთ, რატომ არავინ იცის ამის შესახებ საქართველოში, ჩემი ჩათვლით,“- განუცხადა ნინო ბურჯანაძემ „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე კი ამბობს, რომ მთავრობა აღნიშნავს კრემლის დამარცხებას, რომ რუსებმა საქართველოში ავტორიტარული და თავიანთი მეგობარი მთავრობის შექმნა ვერ შეძლეს.

„ჩვენ გადავრჩით. ეს იყო ძალინ სერიოზული მცდელობა ჩვენი სახელმწიფოებრიობის დანგრევისათვის. ამ ომის მთავარი მიზანი არ იყო მხოლოდ ამ ორი რეგიონის ოკუპაცია. მიზანი იყო ამჟამინდელი მთავრობის და ამჟამინდელი რეჟიმის დამარცხება, მიზანი საქართველოში რეჟიმის შეცვლა იყო,“ - ამბობს თორნიკე გორდაძე.

ამჟამად საქართველოში ამერიკელი საზღვაო ქვეითები იმყოფებიან და ქართველ ჯარისკაცებს წვრთნიან. როგორც ოფიციალურად არის დეკლარირებული, ქართველებს ავღანეთისთვის ამზადებენ. თუმცა, ბევრი ამას აღიქვამს, როგორც დასავლეთის გზავნილს რუსეთისთვის, რომ ისინი მათ არმიას ყურადღებით აკვირდებიან.

XS
SM
MD
LG