თურქეთის საგარეო პოლიტიკური ორიენტირები და ახალი სტრატეგია უკვე დიდი ხანია ანალიტიკოსთა განსჯის საგანია. ოფიციალური ანკარა ღიად აცხადებს, რომ რეგიონში წამყვანი ძალაა და თავისი ინტერესები გააჩნია. ეს რომ ასეა, თურქეთის და ირანის ურთიერთობების გააქტიურებამაც დაადასტურა, როდესაც ანკარამ მხარი არ დაუჭირა შეერთებული შტატების მიერ ინიცირებული სანქციების მეოთხე რაუნდს ირანის წინააღმდეგ.
ვაშინგტონში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმედ დავუთოღლუს ვიზიტი შედგა. თურქეთის ნომერ პირველ დიპლომატს ბრუკინგსის ინსტიტუტმაც უმასპინძლა.
„მე ერთერთ შეხვედრაზე ვთქვი, რომ ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით, თუკი ყველა ოფიციალური კავშირის არხი დაიხურებოდა. თურქეთი მართლაც ძალიან ბედნიერი იქნებოდა, რადგან ჩვენ პრინციპულ საგარეო პოლიტიკას მივდევთ. ჩვენ არ ვიყენებთ სხვადასხვა ენას. ჩვენ არ ვამბობთ ერთს ირანში და მეორეს ვაშინგტონში და კიდევ მესამეს ნიუ-იორკში ან სხვა ადგილას. ჩვენი საგარეო პოლიტიკა დაფუძნებულია, პატივისცემაზე, პატიოსნებაზე და გულახდილობაზე. სწორედ ეს სამი პრინციპი გვინდა რომ იყოს გამოყენებული რეგიონალური და გლობალური მშვიდობისათვის,“ - განაცხადა დავუთოღლუმ.
მან თავის გამოსვლაში ირანის საკითხზე გაამახვილა ყურადღება. დავუთოღლუს განცხადებით, ანკარა ნებისმიერი ბირთვული იარაღის გავრცელების წინააღმდეგი იყო, რომელ ქვეყანასთანაც არ უნდა ყოფილიყო ეს დაკავშირებული. თუმცა, ამის მიუხედავად, თურქეთი არ ეწინააღმდეგება მშვიდობიანი ბირთვული შესაძლებლობების განვითარებას. რაც შეეხება ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, დავუთოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთი ამ სანქციებს დაძაბულობის შექმნის ფაქტორად განიხილავდა.
დავუთოღლუმ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება, კერძოდ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილ ოქმზე.
„ათი წლის წინ თურქეთში სომხური საკითხის თავისუფლად განხილვა არავის შეეეძლო. დღეს კი ჩვენ ეს შეგვიძლია. გარდა ამისა, ხუთი წლის ორ ქვეყანას შორის წინ არ იყო არანაირი ოქმი. დღეს კი ეს ხელმოწერილია. დღეს ჩვენი ურთიერთობების თანდათანობითი გაუმჯობესება მიმდინარეობს. ჩვენ ამ პროცესს იმედიანად ვუყურებთ. ჩვენ შევძლებთ სომხეთთან ჩვენი ურთიერთობის გაუმჯობესებას და კავკასიაში ისეთი პოლიტიკური წესრიგის შექმნას, რომელიც შექმნის რეალურ მშვიდობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის,“ - განაცხადა დავუთოღლუმ.
მისი თქმით, თურქეთი და სომხეთი ერთად უკვე ათი საუკუნეა ცხოვრობენ და ისტორიული ანალიზის მიხედვით 9 საუკუნის მანძილზე მათ შორის არანირი დაძაბულობა არ ყოფილა, არც ანატოლიაში და არც სხვა რეგიონებში. დავუთოღლუმ აღნიშნა, რომ ანატოლიაში ისტორიულად უფრო ხშირი იყო შეტაკებები თავად თურქომან ტომებს შორის, ვიდრე თურქებსა და სომხებს შორის. ეს კი თვისობრივად განასხვავებს სომხების გენოციდის საკითხს ებრაელი ერის გენოციდისგან. დავუთოღლუს თქმით, ებრაელები ევროპაში ისტორიულად განიცდიდნენ ჩაგვრას და დევნას, ისინი ცხოვრობდნენ „გეტოებში“ და არ იყვნენ თანაბარ პირობებში ადგილობრივ მოსახლეობასთან. ასეთი ვითარება სომხებს თურქეთში არ ქონიათ.
1914 წლის შეტაკებამდე ერთი წლით ადრე ოტომანთა მთავრობაში რამდენიმე მინისტრი სომეხიც კი იყო, ასევე სომხები იყვნენ ოტომანთა იმპერის ელჩები ევროპის დედაქალაქებში. ამდენად დავუთოღლუს თქმით, გენოციდის საკითხის ასე ცალასახად დაყენება არ შეიძლება, რადგან ეს იყო ერთი მთლიანი ორგანიზმი და არავის შეუძლია იმ განვლილი 9 საუკუნის იგნორირება, როდესაც სომხები და თურქები ერთად და მშვიდობიანად ცხოვრობდნენ. დავუთოღლუმ განაცხადა რომ მას იმედი აქვს, რომ თურქეთის აქტიური მონაწილეობით შესაძლებელი გახდება კავკასიაში მშვიდობის მიღწევა და სომხებს შეეძლებათ მშვიდობიანი ცხოვრება როგორც თურქეთთან, ასევე აზერბაიჯანთან ერთად.