ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას წარმოადგენს ლიბიის ოპოზიცია?


რას წარმოადგენს ლიბიის ოპოზიცია?
რას წარმოადგენს ლიბიის ოპოზიცია?

ახლა როდესაც ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში ოპოზიცია გამარჯვებას ზეიმობს სულ უფრო მეტი ექსპერტი კითხვას სვამს იმის თაობაზე თუ ვინ შეადგენს ამ ოპოზიციას?

ამ კითხვაზე ასეთი პასუხი გაგვცა მაროკოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა მარკ გინზბერგმა:

-„რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი ლიბიის ოპოზიციას შეადგენენ პიროვნებები, რომლებსაც განსხვავებული იდეოლოგიური და რელიგიური მრწამსი გააჩნიათ. დროებითი ეროვნული საბჭო საკმაოდ დიდი ორგანიზაციაა, რომელშიც 130 წევრი შედის. კერძოდ მასში გაერთიანებულნი არიან ისლამისტები, სეკულარული ნაციონალისტები და კადაფის მთავრობისა და შეიარაღებული ძალების ყოფილი წევრები. „

თუმც გინზბერგის აზრით ეს საბჭო მთლიანად ვერ წარმოადგენს ლიბიელ ხალხს:

-„ლიბიაში 140 თემი და კლანია, რომელთა წინამძღვრები არ შედიან დროებით ეროვნულ საბჭოში. მათი უმეტესობა არ ერეოდა ამ კონფლიქტში და თვალყურს ადევნებდა იმას თუ ვინ გაიმარჯვებდა.“

მრავალმა ქვეყანამ აშშ-ს ჩათვლით სცნო დროებითი ეროვნულ საბჭო, როგორც ლიბიის კანონიერი მთავრობა. მიუხედავად ამისა მარკ გინზბერგს თავისი მოსაზრებები აქვს ამ მთავრობის შესახებ:

„ყველა მსგავს რევოლუციას უარყოფითი მხარეები აქვს, რაც აუცილებლად მალე იჩენს თავს. დაიწყება ბრძოლა ხელისუფლებისათვის. ამ შემთხვევაში გასათვალიისწინებელია ის, რომ ლიბიის ოპოზიციას არა ჰყავს ნელსონ მანდელას ტიპის ერთი ლიდერი და როდესაც ადგილი აქვს ასე ვთქვათ ულიდერო რევოლუციას პრაქტიკულად ყოველთვის იქმნება სახელისუფლო ვაკუუმი.“

ზოგ ექსპერტს, ბრიტანეთის ბრედფორდის უნივერსიტეტის თანამშრომელის პოლ როჯერსის ჩათვლით მიაჩნია, რომ ლიბიაში ადგილი ექნება პირად ანგარიშსწორებას სწორედ სახელისუფლო ვაკუუმის დროს.

-„ უკვე მოდის ინფორმაცია ლიბიიდან იმის თაობაზე, რომ პირად ანგარიშსწორებას აქვს ადგილი და ეს არა ერთი შემთხვევაა და ეს შემთხვევები არ შუქდება საინფორმაციო საშუალებებში. თუ ეს ასე გაგრძელდა უფრო ფართო მასშტაბებით ძალზე გართულდება შერიგება და ლიბიაში სტაბილობის დამყარება.“

მარკ გინზბერგს მიაჩნია, რომ სასწრაფოდ უნდა აღიკვეთოს ლიბიაში ძარცვა-გლეჯვა და პირადი ანგარიშსწორება. მსხვილ ქალაქებში დაცული უნდა იქნას კანონიერება და წესრიგი და რაც მთავარია უნდა შეიქმნას კონსტიტუცია, რომელსაც ლიბიელი ხალხი დაამტკიცებს. ექსპერტებს კი მიაჩნიათ, რომ ეს ძალზე რთულია, რადგანაც ჯერ-ჯერობით ლიბიის ოპოზიციაში ერთობა არ შეინიშნება.

XS
SM
MD
LG