ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიპლომატების თათბირი ლონდონში


დიპლომატების თათბირი ლონდონში
დიპლომატების თათბირი ლონდონში

დასავლეთი ლიბიის რეჟიმის წინააღმდეგ დამატებით ღონისძიებებს განიხილავს

მაშინ როდესაც ლიბიელი ამბოხებულები დიქტატორ კადაფის მშობლიურ ქალაქ სირტზე შეტევას აპირებდნენ, სამთავრობო ძალებმა ოპოზიციას ქალაქ ბინ ჯივადში შეუტიეს. ამბოხებულებმა ტანკებით და რაკეტებით აღჭურვილი კადაფის ძალების იერიშს ვერ გაუძლეს და აღმოსავლეთისკენ დაიხიეს უკან. კადაფის ჯარებსა და ამბოხებულებს შორის ბრძოლები სხვა ქალაქებთანაც გაიმართა. აფეთქების ხმა ისმოდა დედაქალაქ ტრიპოლიშიც. ლიბიაში მიმდინარე ბრძოლების პარალელურად, სამშაბათს ლონდონში 40 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი შეიკრიბა. ისინი ლიბიის მომავალს ლიბიის ხელისუფლების გარეშე განიხილავდნენ. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი რობერტ რაფაელი არკვევდა.

„ჩვენ შევთანხმდით მხარი დავუჭიროთ გაეროს და სხვა რეგიონალური ორგანიზაციების სანქციებს რეჟიმთან დაკავშირებული პიროვნებების და ორგანიზაციების წინააღმდეგ. შეხვედრის მონაწილეები სწორედ ამ ღონისძიებებს ვახორციელებთ, როგორც ნათელ გზავნილს კადაფისათვის, რომ მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდახმები დაუსჯელი არ დარჩება,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ამერიკის მონაწილეობას კადაფის საწინააღმდეგო საერთაშორისო კოალიციაში.

„ჩვენ ხელი შევუშალეთ ბენღაზიში ხოცვა-ჟლეტას, ჩვენ შევძელით სწრაფად შეგვეჩერებინა სამხედრო სვლა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის სახელით გარკვევით განვაცხადეთ, რომ განვახორციელებთ ლიბიაში არასაფრენ ზონას მოქალაქეების დასაცავდ და მათი ლიდერის ასეთი სასტიკი საქციელი საკუთარი ხალხის მიმართ უპასუხოდ არ დარჩება,“ - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

ვაშინგტონში, ადმირალმა სტავრიდისმა სენატორებს განუცხადა, რომ სადაზვერვო მონაცემების მიხედვით, ლიბიის ამბოხებულების კავშირი „ალ-ყაიდასა“ და „ჰესბოლასთან“ უმნიშვნელოა. ადმირალმა მათ შორის განსაკუთებული ურთიერთობა კატეგორიულად გამორიცხა. ჰილარი კლინტონის განცხადებით, ამბოხებულების შესახებ ინფორმაციას არა მარტო თეთრი სახლი, არამედ კოალიციის სხვა მთავრობებიც აგროვებენ და მათთან კონტაქტებს ამყარებენ.

კლინტონის განცხადებას წინ უძღვოდა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიმართვა ამერიკის მოქალაქეებისადმი. ორშაბათს ღამით, სატელევიზიო გამოსვლისას მან განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს მოქმედების გარდა სხვა არჩევანი არ ქონდა.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად კი, ამერიკელთა ნახევარი დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონს და მის მოკავშირეებს ლიბიაში ნათლად გარკვეული მიზნები არ გააჩნიათ. ბრუკინგსის ინსტიტუტის ანალიტიკოსი სტივენ ჰესი აცხადებს, რომ ამერიკელთა გულგრილობა ლიბიის ოპერაციის მიმართ გასაკვირი სულაც არ არის. მისი თქმით, მაშინ როდესაც კონგრესში ბიუჯეტის მასშტაბური შემცირების შესახებ მიდის პაექრობა, რაც გავლენას მოახდენს ყოველი ამერიკელის ჯანდაცვაზე და განათლებაზე, ყველა აცნობიერებს, რომ ლიბიის ოპერაციაში ვაშინგტონის მონაწილეობა ამერიკელი გადამხდელების თანხებით ხდება.

ჯერჯერობით, პენტაგონმა ამერიკის მონაწილეობა ლიბიის ოპერაციაში 550 მილიონი დოლარით შეაფასა. დასავლეთის ქვეყნებმა გაეროს რეზოლუციის შესრულება ლიბიაში არასაფრენი ზონის შექმნასთან დაკავშირებით 19 მარტს დაიწყეს.

XS
SM
MD
LG