ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას ფიქრობენ სუბელიანზე


რას ფიქრობენ სუბელიანზე

სუბელიანის აცხადებს, რომ 277 ობიექტი დედაქალაქში და 343 რეგიონში დევნილებს დაუკანონდა.

გუშინ პარლამენტში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს კობა სუბელიანს მოუსმინეს. მინისტრის გამოსვლის პარალელურად , პარლამენტთან „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ პროტესტის გამომხატველი აქცია მიმდინარეობდა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მინისტრი სუბელიანი, უმეტესწილად ტყუის და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის არაფერს აკეთებს. აქციაში დაახლოებით 40 დევნილი მონაწილეობდა,

რაც შეეხება თავად სუბელიანის გამოსვლას, მან განაცხადა, რომ 277 ობიექტი დედაქალაქში და 343 რეგიონში დევნილებს დაუკანონდა და მათი მდგომარეობა შესადარებელიც კი არ არის იმასთან, რაც 17 წლის წინ იყო. სუბელიანის განცხადებას პროტესტი მხოლოდ პარლამენტს გარეთ არ გამოუწვევია, მწვავე კამათი იქვე, მინისტრსა და ქრისტიან–დემოკრატიული პარტიის წარმომაგენლებსა და ქართულ დასს შორისაც გაიმართა, რომლებიც კამათს არ დასჯერდნენ და სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენეს. თუმცა ეს წინადადება ჩავარდა, რადგან მისი მომხრე მხოლოდ 11 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი 81.

თბილისში მცხოვრები დევნილებისგან განსხვავებით, კოტეჯებში ჩასახლებული დევნილები საქართველოს რეგიონებში მინისტრის ღიად გაკრიტიკებას ერიდებიან, რის შესახებაც, ხშირად ექსპერტებს უთქვამთ, რომ დევნილები საკუთარი აზრის ღიად გამოხატვის მხრივ შეზღუდულები არიან, რადგან შიშობენ, რომ პროტესტის გამოხატვის შემდეგ სხვადასხვა შესაძლო დახმარებას, ვთქვათ, ჰუმანიტარული პროგრამებით გათვალისწინებულს, ვეღარ მიიღებენ. მაგალითად, კარალეთის ჩასახლებაში მცხოვრები ქალბატონი ამბობს, რომ მათ ოჯახში ყველა უმუშევარია და ძირითადი პრობლემაც სწორედ დასაქმებას ეხება, რადგან შემოსავლის სხვა წყარო არ გააჩნიათ, პროდუქტებზე ფასებმა აიწია, მათთვის განკუთვნილი სოციალური შეღავათი კი თვეში 120 ლარს შეადგენს. აღნიშნავს იმასაც, რომ კოტეჯში, სადაც ცხოვრობს სინესტეა, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს მისი რეაბილიტაციისთვის სახელმწიფომ თანხა დამატებით გაიღო და შეარემონტა. თუმცა, როდესაც კითხვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმიანობის ეფექტურობას ეხება, ქალბატონი ამბობს: „არ შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ჩვენთვის არაფერს აკეთებენ“.

მერაბ გოგიძის ხუთსულიანი ოჯახიც დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობს. იგი ენერგოკომპანიაში იყო დასაქმებული, თუმცა ორი თვეა სამსახური დაკარგა და ახლა სოციალური დახმარების იმედადაა, რომელსაც დევნილის ოჯახი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მისი არც ერთი წევრი დასაქმებული არაა. მერაბ გოგიძეს ჯერა, რომ სამინისტრო მათთვის შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს.

XS
SM
MD
LG