ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის ჰუმანიტარული დახმარება


იაპონიის ჰუმანიტარული დახმარება

კატასტროფის პირველივე დღიდან იაპონიას საერთაშორისო დახმარება განუწყვეტლად მიეწოდება.

სამაშველო რაზმები დაუღალავად მუშაობენ იაპონიაში. ნანგრევებით და ოკეანის ნარჩენებით ჩახერგილ ქუჩებში და შენობებში ჯერ კიდევ პოულობენ ათასობით დაღუპულს. სახელდახელოდ გახსნილი თავშესაფრები გადატვირთულია ლტოლვილებით, რომელთაც ელემენტარული საარსებო საშუალებები არ ჰყოფნით. არ არის საკმარისი წყალი, საკვები და საწვავი.

“დღეში ერთ ჯამ წვნიანს და ერთ ნაჭერ პურს ვიღებთ, რომელიც სამმა კაცმა უნდა გავიყოთ. ძალიან იშვიათად გვაძლევენ თეთრ ბრინჯს და მეშინია, რომ ჩემი პატარა გოგონა საკმარის საზრდოს და ვიტამინებს არ იღებს. თუმცა, ვერ დავიწუწუნებთ. რაც გვაქვს ის შიმშილს ხომ მაინც სჯობია!“ - ამბობს იაპონელი ქალბატონი, რომელიც ოჯახთან ერთად თავშესაფარში ცხოვრობს.

კატასტროფის პირველივე დღიდან იაპონიას საერთაშორისო დახმარება განუწყვეტლად მიეწოდება. მაგრამ, ბევრი მიიჩნევს, რომ ამერიკის მხრიდან დახმარება არ არის ისეთი გრანდიოზული და სწრაფი, როგორც ეს შარშან ჰაიტის შემთხვევაში იყო.

„ყველაზე უფრო წყალი გვაკლია, შემდეგ ბოსტნეული და „ცე“ვიტამინი. კიდევ ერთი მოუგვარებელი პრობლემა საპირფარეშოებია“ -ამბობს იაპონელი მამაკაცი.

მერი კურიაში იაპონური წარმოშობის ამერიკელია და ვაშინგტონში ცხოვრობს. მისმა ორგანიზაციამ ერთი მილიონი დოლარი შეაგროვა ცუნამით დაზარალებულებისთვის. შეერთებული შტატების კერძო და სამთავრობო შეწირულობებმა მხოლოდ პირველი 5 დღის განმავლობაში 64 მილიონი დოლარი შეადგინა.

თუმცა, თავად ამერიკული პრესა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ჰაიტის დახმარებასთან შედარებით, ეს თანხა ძალზე ცოტაა. შეგახსენებთ, შარშან კუნძულზე მომხდარი მიწისძვრის გამო შეერთებული შტატების მიერ გაღებულმა თანხამ 210 მილიონს გადააჭარბა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი შედარება არასრულყოფილია და დასკვნებიც ნაადრევია, რადგან ამერიკის მიერ გაღებული თანხა იაპონიისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარების მხოლოდ დასაწყისია და დროთა განმავლობაში გაიზრდება. ამასთან, ყველა სახის დახმარება, როგორც წესი, ფულადი დახმარების სახით არ გაიცემა. მხოლოდ ერთი მაგალითიც საკმარისია ამისთვის: ერთ კვირაზე მეტია, რაც ამერიკული სატელეფონო კომპანიების უმრავლესობამ იაპონიაში საერთაშორისო ზარების საფასური მოუხსნა შეერთებული შტატების მოქალაქეებს.

იაპონიას დახმარებას მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან სთავაზობენ და აწვდიან. თუმცა ჯერჯერობით ეს საკმარისი არ არის. ასობით ათასი ადამიანი ითხოვს შველას სტიქიური უბედურებით სასტიკად დაზარალებული ამომავალი მზის ქვეყნიდან. დაუზუსტებელი მონაცემებით, ნახევარ მილიონამდე იაპონელი 11 მარტის შემდეგ უსახლკაროდ არის დარჩენილი.

XS
SM
MD
LG