ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლა ლიბიისთვის გრძელდება


ბრძოლა ლიბიისთვის გრძელდება
ბრძოლა ლიბიისთვის გრძელდება

ამბოხებულები კადაფის მშობლიური ქალაქის სირტის ასაღებად ემზადებიან.

ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მომხრე ძალებმა დღეს საჰაერო და სახმელეთო შეტევები განახორციელეს ამბოხებულთა პოზიციებზე. კადაფის ჯარების კონტრშეტევის შედეგად, მეამბოხეებმა დატოვეს ქალაქი ბინ ჯავადი.

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ბრძოლების შედეგად მსხვერპლი მაღალია. ამბოხებულები კადაფის მშობლიური ქალაქის სირტის ასაღებად ემზადებიან, რომელიც ბინ ჯავადიდან დაახლოებით 160 კილომეტრით არის დაშორებული. სირტზე კონტროლს ჯერჯერობით ისევ კადაფის ძალები ინარჩუნებენ. ამბოხებულები აცხადებენ, რომ სამთავრობო ძალები სირტის გამაგრებას იწყებენ. სირტიდან დასავლეთით და დედაქალაქ ტრიპოლიდან 200 კილომეტრის დაშორებით მეამბოხეები კვლავ ინარჩუნებენ პოზიციებს ქალაქ მისრატაში. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დღეს სამთავრობო ძალებმა მისრატა არტილერიით და ტანკებით დაბომბეს. მსხვერპლის რაოდენობა ჯერჯერობით დაუდგენელია.

ასევე ტრიპოლიში დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ისმოდა სროლის ხმა, რისი მიზეზიც გაურკვეველია. კადაფის მთავრობა ჯერჯერობით კონტროლს ინარჩუნებს დედაქალაქ ტრიპოლიზე, დღეს იქ კადაფის მომხრეებმა საზეიმო მიტინგი გამართეს ოპოზიციის ძალებზე გამარჯვების აღსანიშნავად. თუმცა, ოპოზიციურ ქალაქებში მედია ორგანიზატორის მუსტაფა გარინის განცხადებით, მთავრობა ვერ აკონტროლებს ტრიპოლის:

„გააჩნია რას ვეძახით კონტროლს. თუ ეს არის ხალხის სახლებში გამოკეტვა, ყველა შენობასთან საკონტროლო პუნქტის მოწყობას და ხალხის დატერორება, მაშინ ამ გაგებით ის აკონტროლებს, მაგრამ თუკი დავსვამთ კითხვას ემხრობა თუ არა მას ხალხი, მაშინ პასუხი უარყოფითი იქნება “ - განაცხადა მუსტაფა გარინმა.

XS
SM
MD
LG