ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატალი პორტმანი - ჰოლივუდის ინტელექტუალი


ნატალი პორტმანი - ჰოლივუდის ინტელექტუალი

ნატალი ჰერშლაგის ბრწყინვალე სამსახიობო კარიერა ფილმიდან "ლეონი" დაიწყო

ამერიკელი მსახიობი ნატალი პორტმანი ამერიკის კინოაკადემიამ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოსკარით დააჯილდოვა. მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსები უპირატესობას ოსკარზე ნომინირებული ფილმის “ ბავშვები კარგად არიან“ - მთავარი როლის შემსრულებელს ანეტ ბენინგს ანიჭებდნენ, კინოაკადემიის გადაწყვეტილება პორტმანის დაჯილოდოვებასთან დაკავშირებით - არავის გაკვირვებია.

ამის მიზეზი კი, ნატალი პორტმანის მსახიობური ოსტატობა გახლავთ, რომელიც მაყურებელს ფილმში "შავი გედი" ორი საათის განმავლობაში აჯადოებს:

"ბოროტება გმირის ხასიათის სიღრმეში იყო ჩაფლული და ერთი დანახვით ვერ აღმოაჩენდი. ის სრულყოფილ ლამაზ ნახატს მაგონებდა, რომლის მიღმაც ფარული გროტესკი და ვერაგობა იმალება“ -ამბობს პორტმანი.

ნატალი პორტმანი 29 წლისაა. კინოში ბავშვობიდან იღებენ. მან ცნობილ ამერიკულ ოდისეაში "ვარსკვლავთა ომები" ერთერთი მთავარი როლი შეასრულა. 2005 წელს კი ამერიკის კინოაკადემიამ ნატალი პორტმანი ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ფილმში "სიახლოვე“ ოსკარის ნომინაციაზე წარადგინა.

ნატალი პორტმანი დაიბადა იერუსალიმში. მისი ნამდვილი გვარია ჰერშლაგი .მამა ავნერ ჰერშლაგი ებრაელი ექიმია, დედა ამერიკელი შელი სტივენსი კი ნატალის პირადი აგენტია. ნატალი 4 წლიდან მშობლებს ცეკვაზე დაჰყავდათ და ამიტომაც სცენაზე პატარაობიდანვე იდგა . ცამეტი წლის ასაკში ნატალი ფრანგმა რეჟისორმა ლუკ ბესონმა ფილმში „ლეონი“ მთავარ როლში გადაიღო. ფილმმა ნატალის უდიდესი წარმატება მოუტანა, აქედან დაიწყო ნატალი ჰერშლაგის ბრწყინვალე სამსახიობო კარიერაც. ამ ფილმის მერე აიღო მან ფსევდონიმი პორტმანიც.

აღსანიშნავია, რომ წარმატებული აქტიორული კარიერის მიუხედავად, 1999 წელს ნატალი პორტმანი მსახიობობას 4 წლით ჩამოშორდა და ჰარვარდის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა.

დღეს ნატალი პორტმანი ფსიქოლოგიის დარგის ბაკალავრია და 29 წლის ასაკში ამ სფეროში საკმაოდ წარმატებულ მეცნიერად ითვლება. სამსახიობო კარიერის პარალელურად პორტმანს ჩატარებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო კვლევა, რომლის საფუძველზეც მისი ავტორობით არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომი გამოიცა. ნატალი პორტმანის ცხოვრების ეს მხარე მსახიობის დაუშრეტელი ენერგიისა და დისიციპილინისადმი ერთგულებასაც ადასტურებს.

ნატალი პორტმანი 8 წლიდან ვეგეტერიანელია. იგი ცხოველური წარმოშობის პროდუქტს არ მიირთმევს. პორტმანი ასევე ცხოველთა და გარემოს დაცვის აქტივისტიც გახლავთ და ტყავისა და ბეწვის სამოსს არ იცვამს.

2007 წლიდან ნატალი პორტმანმა ფეხსაცმელების კომპანია დაარსა, რომელიც ხელოვნური მასალისგან შექმნილ ფეხსაცმელებს დღემდე წარმატებით ჰყიდის.

ნატალი პორტმანი ზაფხულში ვაჟს ელოდება. ბავშვის მამა ქორეოგრაფი ბენჟამენ მილპიე გახლავთ. პორტმანმა საქმრო ფილმი "შავი გედის" გადაღებების დროს გაიცნო.

XS
SM
MD
LG