ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხინვალის ციხის ტყვეები


ცხინვალის ციხის ტყვეები
ცხინვალის ციხის ტყვეები

ოსური მხრიდან იყო დაპირება იმის თაობაზე, რომ ამ ორ ადამიანს ისინი გაათავისუფლებდნენ, თუმცა შედეგი დღემდე არ დამდგარა.

17 წლის გიორგი ელბაქიძე და 32 წლის ნიკოლოზ რაზმაძე ამჟამად ცხინვალის ციხეში იყოფებიან. ისინი ოქტომბერსა და ნოემბრის თვეში დააკავეს. ორივე მათგანს ბრალი მხოლოდ და მხოლოდ საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ედებათ. ამ ბრალდებით დაკავებული ადამიანები კი ევროკომისრის, თომას ჰამარბერგის მიერ მიღწეული შეთანხმების თანახმად, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. ამის მიუხედავად, ცხინვალის ციხიდან მათი დახსნა დღემდე ვერ მოხერხდა.

გიორგი ელბაქიძე დევნილია, მისი ოჯახი კოდას დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობს. მისი დედა, ფერიდე ელბაქიძე ამბობს, რომ გიორგის მშობლიური სოფელი ქურთა ძალიან ენატრებოდა და ამის შესახებ არა მარტო სახლში, სკოლაშიც, თანაკლასელებთანაც ბევრს საუბრობდა. ერთ დღესაც მან ოჯახის წინასწარი გაფრთხილების გარეშე საკუთარი სახლის მონახულება გადაწყვიტა, გორისკენ მარტო გამოემართა და საზღვარი გადაკვეთა. ეს 6 ნოემბერს მოხდა, მას შემდეგ გიორგი ცხინვალის ციხეშია. ფერიდე ელბაქიძე თბილისში ევროკომისრის, თომას ჰამარბერგის ჩამოსვლას ელოდება. „ყველაზე დიდი იმედი მისი მაქვს“- ამბობს იგი.

ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას ნიკოლოზ რაზმაძის ოჯახიც ტყვიავში. როგორც მისი მეღლე, გულიკო ოდიშვილი ამბობს, ნიკოლოზი 26 ოქტომბერს სოფელში მაღაზიის გახსნას აპირებდა. წინა დღეს კი, 25-ში მან მეგობრებთან ერთად ღვინო დალია, რის შემდეგაც ერგნეთში წასვლა გადაწყვიტა. ამის შემდეგ, ოჯახი მას ერთი კვირის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიკოლოზი ცხინვალის ციხეში მოხვდა, საერთაშორისო წითელი ჯვრის თანამშრომლებისგან შეიტყვეს. გულიკო ოდიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, ამავე ორგანიზაციის დახმარებით, მეუღლეს ტანსაცმელი, კარტოფილი და ლობიო მიაწოდა. რა მიზეზის გამო რჩება ნიკოლოზ რაზმაძე ცხინვალის ციხეში, მისთვის გაურკვეველია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსი შოთა უტიაშვილი ამბობს, რომ ქართველი ტყვეების განთავისუფლების შესახებ საკითხი, მან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გამართული სამუშაო შეხვედრის დროსაც დააყენა, რომელიც ერგნეთში 10 დეკემბერს გაიმართა.

შოთა უტიაშვილი აცხადებს, რომ ოსური მხრიდან იყო დაპირება იმის თაობაზე, რომ ამ ორ ადამიანს ისინი გაათავისუფლებდნენ, თუმცა შედეგი დღემდე არ დამდგარა. მისი თქმით, ოსური მხარე ასეთი ქმედებით ჰამარბერგის მიერ მიღწეულ შეთანხმებას არღვევს.

გიორგი ელბაქიძისა და ნიკოლოზ რაზმაძის საქმეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სწავლობს. საქმის დეტალურად გაცნობის მიზნით, ისინი დაკავებულთა შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციისგან ითხოვენ წერილობით, რომელიც, თავის მხრივ ანალოგიურ მოთხოვნას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წინაშე აყენებს. ასოციაციის იურისტი ნათია კაციტაძე ამბობს, რომ ცხინვალის ციხეში მყოფი ადამიანების დაკავების მიზეზების გასაცნობად, წერლი რუსეთის ფედერაციას მათ უკვე გაუგზავნეს, პასუხების მიღება კი ასეთ საქმეებზე, როგორ წესი ყოველთვის ჭიანურდება.

ამ დრომდე ცხინვალის ციხეში 11 ქართველი ტყვე იმყოფება.

XS
SM
MD
LG