ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარზაი თალიბანთან ზავის დადებას ცდილობს


კარზაი თალიბანთან ზავის დადებას ცდილობს

თალიბანისა და კარზაის წარმომადგენლების შეხვედრის თემები გასაიდუმლოებულია

ავღანეთში ხელისუფლებას და თალიბი ამბოხებულების ზოგიერთ წარმომადგენელს შორის საცდელი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა შეხვედრების დროს თუ რაზეა საუბარი, ეს ჯერჯერობით მკაცრად გასაიდუმლოებულია. გაეროში მოქმედი ალ-ყაიდას და თალიბანის მონიტორინგის ჯგუფის კოორდინატორმა რიჩარდ ბარეტმა ამერიკის ხმის კორესპონდენტთან გარი ტომასთან საუბარში განაცხადა, რომ წინასწარი მოლაპრაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც მხარეებმა პრობლემის იარაღის გზით გადაჭრის უპერსპექტივობა გაიაზრეს.

მე ვფიქრობ, ეს ხელსაყრელი დროა, რადგანაც ყველამ კარგად გააცნობიერა, რომ ომით ბევრს ვერაფერს მიაღწევენ. ყველამ კარგად იცის, რომ დრო არ ითმენს. თქვენც განიცდით შიდა ზეწოლას შეერთებულ შტატებში. ომი სულ უფრო ნაკლებად პოპულარული ხდება, ხალხი უფრო მეტ შეკითხვას სვამს ამ ომის შესახებ და იზრდება სურვილი, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ოპერაცია, - აცხადებს რიჩარდ ბარეტი.

მიუხედავად ამისა, თალიბანი კვლავ უარყოფს მოლაპარაკების ფაქტს და ისინი კვლავ დაჟინებით ითხოვენ, რომ ამერიკის არმიამ დატოვოს ავღანეთის ტერიტორია. მოლაპარაკებას ისინი სწორედ ამის შემდეგ დაიწყებენ. შეერთებული შტატები კი პირიქით, მოითხოვს, რომ ჯერ თალიბანმა დაყაროს იარაღი, გაწყვიტოს კავშირი ალ-ყაიდასთან და აღიაროს ავღანეთის კონსტიტუცია. ევროკავშირის ყოფილი დესპანი ავღანეთში ფრენსის ვენდრელი ამბობს, რომ სწორედ ეს საკითხებია მოლაპარაკების საგანი.

„მე ერთი წუთითაც არ მჯერა, რომ ეს საკითხები წინაპირობას წარმოადგენს. ეს ის საკითხებია, რომელიც მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაიჭრას და არ უნდა იყოს, როგორც წინაპირობა,“ - ამბობს ვენდრელი.

ჯერჯერობით არავის შეუძლია იმის წინასწარ თქმა, თუ როგორი იქნება ამ პრობლემის პოლიტიკური გადაწყვეტა. თუმცა, ვენდრელი არ ფიქრობს, რომ ეს შედეგი კოალიციური მთავრობა იქნება. ამავე დროს არ გამოირიცხება,რომ საუბარი იყოს ადგილობრივი დონის შერეულ მმართველობაზე.

„პირადად მე არ განვიხილავ კოალიციის საკითხს. მე არ ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია. ეს ხომ მხოლოდ რამდენიმე დღე გაძლებს. რაც შეეხება ადგილობრივ დონეზე ხელისუფლების განაწილებას, როდესაც თალიბანის ძალაუფლება იქნება სამხრეთის გარკვეულ პროვინციებში, ეს უკვე სხვა საკითხია და ვფიქრობ უფრო მისაღებიც,“ - დასძენს ვენდრელი. ობამას ადმინისტრაცია ავღანეთის საკითხს დეკემბერში გადახედავს. თუკი ვითარება ხელსაყრელი იქნება, პრეზიდენტი ობამა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის დაწყებას უკვე ივლისში გეგმავს.

თუმცა, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მოლაპარაკების შედაგად რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული, უცხოეთის ჯარების გარკვეული დანაყოფის იქ დარჩენა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი იქნება. რიჩარდ ბარეტის თქმით, ეს შესაძლოა თალიბანს არ მოწონდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში შესაძლებელი გახდება 1992 წლისმაგვარი მოვლენების თავიდან არიდება, როდესაც საბჭოთა კავშირზე გამაჯვებულმა მოჯაჰედებმა ერთმანეთის წინააღმდეგ დაიწყეს ბრძოლა, რაც სამოქალაქო ომში გადაიზარდა.

„იქ ამერიკული ან სხვა ქვეყნის ჯარების ყოფნა გარკვეული პერიოდის მანძილზე ხელს შეუწყობს სტაბილურობას,რომლის დროსაც შესაძლებელი იქნება პოლიტიკური პროცესის განვითარება. ამდენად ჩემი აზრით, თალიბანი გულში ფიქრობს, რომ მათ არ სურთ ომი, და არც უცხო ჯარების ყოფნა ქვეყანაში, მაგრამ ამ მომენტისთვის კარგად აცნობიერებს, რომ ეს სტაბილურობის მყარი გარანტია იქნება,“ - ამბობს ბარეტი. ავღანეთის საკითხში პაკისტანის ფაქტორი უდიდესია. ამდენად მოლაპარაკებით ისიც დაინტერესებულია, თუმცა ფრენსის ვენდრელი ამბობს, რომ პაკისტანის როლი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ისლამაბადს კი ავღანეთში ინდოეთის გავლენის ზრდა აშფოთებს.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სწორედ ამ შიშის გამო, პაკისტანის არმიის და დაზვერვის წარმომადგენლები ოფიციალურად თუ არაოფიციალურად შესაძლოა თალიბანს გარკვეულ მხარდაჭერასაც უცხადებდნენ, ინდოეთის გავლენის და კარზაის მთავრობის წინააღმდეგ. პარალელურად შეერთებული შტატებიც გარკვეულწილად შეშფოთებულია იმით, რომ პაკისტანი არცთუ ისე აქტიურად ებრძვის პაკისტანში მოქმედ თალიბანს და იქ არსებულ ალ-ყაიდას დაჯგუფებებს.

XS
SM
MD
LG