ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლის გამოწვევები


თეთრი სახლის გამოწვევები
თეთრი სახლის გამოწვევები

როგორ შეიცვლება ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკა არჩევნების შემდეგ

2 ნოემბერს ამერიკელები კონგრესის ახალ შემადგენლობას აირჩევენ. წინასაარჩევნო საზოგადოებრივი კვლევების თანახმად, გადამწყვეტი ფაქტორი ეკონომიკა იქნება. ექსპერტების განცხადებით, ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე საგარეო პოლიტიკური საკითხები გავლენას ვერ მოახდენენ. თუმცა, თავად არჩევნების შედეგები რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში, ნამდვილად მოახდენს გავლენას შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე მომავალი ორი წლის განმავლობაში. ამ თემაზე ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯიმ მელონი მუშაობდა. როგორც აღმოჩნდა, ამომრჩეველთა ყურადღება უფრო ნაკლებად არის კონცენტრირებული ავღანეთზე, სადაც პრეზიდენტი ბარაკ ობამა მომავალი წლის მეორე ნახევრიდან შეიარაღებული ძალების თანდათანობით შემცირებას გეგმავს.

„ჩვენი ჯარების შემცირების ნაბიჯები დამოკიდებულია ადგილზე შექმნილ ვითარებაზე და ავღანეთის მიმართ ჩვენი მხარდაჭერაზე. მაგრამ შეცდომა არ უნდა დავუშვათ. ტრანზიცია დაიწყება, რადგან დაუსრულებელი ომი არც ჩვენს და არც ავღანელი ხალხის ინტერესებში არ შედის,“ - განაცხადა ბარაკ ობამამ.

ავღანეთი პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მთავარ გამოწვევად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში შეერთებული შტატების არმიაში დანაკარგები იზრდება, საშინაო მხარდაჭერა ომისადმი კვლავ სტაბილურია. ამის შესახებ ქუინიპიაკის უნივერსიტეტის მკვლევარი პიტერ ბრაუნი საუბრობს.

„საინტერესოა, რომ პრეზიდენტის ომის პოლიტიკას ყველაზე მეტად რესპუბლიკელები და კონსერვატორები უჭერენ მხარს, სწორედ ისინი ვინც მისი გეგმის ყველა ნაწილს ეწინააღმდეგება,“ - ამბობს პიტერ ბრაუნი.

ნოემბრის არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვება ავღანეთის ომისადმი მხარდაჭერას კიდევ უფრო გაამყარებს. ამავე დროს, ამან შესაძლოა წარმოშვას კონფლიქტი კონგრესში, თუკი დემოკრატები ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანას დაუჭერენ მხარს. ამის თაობაზე, ამერიკული უნივერსიტეტის ექსპერტი ალან ლიხტმენი საუბრობს.
„ფაქტობრივად, თუკი რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ეს გარკვეულწილად ლიბერალების ხარჯზე იქნება, რაც ბარაკ ობამას გაუადვილებს ავღანეთში ომის გაგრძელების გადაწყვეტილებას. თუმცა, შესაძლოა უფრო მტკიცედ გადაწყვიტოს ჯარების გამოყვანის საკითხიც,“ - ამბობს ლიხტმენი.

ავღანეთის გარდა, აქტუალური ხდება ირანის საკითხიც. რესპუბლიკელების გამარჯვებამ კი შესაძლოა კონსერვატორებს ხელები გაუხსნას რათა პრეზიდენტი დაარწმუნონ, რომ ირანის მიმართ უფრო მკაცრად იმოქმედოს, რაც თავისთავად სამხედრო აქციებსაც შეიცავს. კონსერვატიული ძალების შესვლა კონგრესში ასევე ხელს შეუწყობს პრეზიდენტ ობამას პოლიტიკის გამკაცრებას რუსეთის, ჩინეთის და ჩრდილოეთ კორეის მიმართ. ლიხტმენის თქმით, მათი ხმა უფრო ძლიერი იქნება და ობამაზე მოახდენენ ზეწოლას, რათა მან ჯორჯ ბუშის მსგავსად მკვეთრად იმოქმედოს. რესპუბლიკელების გამარჯვება კი ყველაზე სწრაფად რუსეთთან დადებულ ბირთვული იარაღის შემცირების შეთანხმებაზე მოახდენს გავლენას. ხელშეკრულების რატიფიკაციას სენატის წევრთა ორი მესამედის თანხმობა სჭირდება. ამის პერსპექტივა კი, ჯერ ისევ ბუნდოვანია.

XS
SM
MD
LG