ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რობერტ გეითსი ავღანეთში ამერიკულ ბაზას ესტუმრა


ავღანეთში ახლახანს შვიდი ათასი უცხოელი ჯარისკაცი ჩავიდა.

ამერიკის თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი ავღანეთში აგრძელებს ვიზიტს. ამერიკელ ჯარისკაცებთან შეხვედრისას, მან განაცხადა, რომ თალიბებთან ბრძოლაში მათ წინ კიდევ არაერთი წინაღობა და სირთულე შეხვდებათ, განსაკუთრებით ყანდაარიდან, სადაც თალიბანია გამაგრებული.

პენტაგონის თავკაცი სწორედ ყანდაარის შორიახლოს განლაგებულ ამერიკულ ბაზაზე შეხვდა შეერთებული შტატების სამხედროებს, თქვა რა, რომ მათი წარმატება ამ რეგიონში ნატოს სტრატეგიის საწინდარი იქნება.

ერთერთმა ჯარისკაცმა გეითს ჰკითხა, შეეცდებოდა თუ არა ამერიკა პაკისტანში თალიბთა არსებული სამალავების ლიკვიდირებას, რაზეც გეითსმა უპასუხა, რომ ამერიკის პირდაპირი სამხედრო ჩართულობა პაკისტანში მიმდინარე პროცესებში ძალიან დაბალი იყო.

ამ ფონზე, გეითსმა ასევე აღნიშნა, რომ დამატებით ოცდაათი ათასი ამერიკელი ჯარისკაცის გარდა, ავღანეთში ახლახანს შვიდი ათასი უცხოელი ჯარისკაცი ჩავიდა, ისევე როგორც კიდევ უფრო მეტი ამერიკელი დიპლომატი და სადამხმარებლო ორგანიზაციის თანამშრომელი.

გეითსმა განაცხადა, რომ ამერიკამ ყველა ზომას უნდა მიმართოს, რათა დონორთა და ამერიკის დახმარების მიზნობრივი ათვისება მოხდეს. პენტაგონის ხელმძღვანელმა თქვა ისიც, რომ ამერიკის ელჩი კარლ აიკენბერი და გენერალი დევიდ პეტრეუსი ახალ მაკონტროლებელ პროცედურებზე მუშაობენ, რათა არ გაიფლანგოს ის ფინანსური დახმარება, რომელსაც ავღანეთის მთავრობა და ხალხი იღებს.

XS
SM
MD
LG