ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დავა ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის


დავა ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის

ოპოზიციური პარტიები მთავრობის გადაწყვეტილებას გმობენ ოპოზიციური პარტიები მთავრობის გადაწყვეტილებას გმობენ

იურისტები ამბობენ, რომ საკანონმდებლო ცვლილება, რომლის გასაპროტესტებლადაც დღეს საზოგადოების ნაწილი ქუჩაში გამოვიდა მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს. პარლამენტმა 5 ივლისს სამოქალაქო კოდექსში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც რელიგიურ გაერთიანებებს შეიძლება მიეკუთვნოთ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ პარლამენტმა საჭიროდ ჩათვალა კანონში დამატებითი მუხლის შეტანა იმის გამო, რომ საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებები შეუფერებლად მიიჩნევდნენ რეგისტრაციას სტატუსით, რომელიც გათანაბრებული იყო არასამთავრობო ორგანიზაციების სტატუსთან. „შინაარსობრივად ამ მუხლით რაიმე ცვლილებას ადგილი არ აქვს, თუმცა პრობლემა, ვფიქრობთ შეიქმნა იმის გამო, რომ პარლამენტმა საოცრად ჩქარი ტემპით მიიღო ცვლილება, ისე, რომ საქმის კურსში არავინ ჩაუყენებია და არც საჯარო განხილვა მოუწყვია,“– ამბობს თათული თოდუა.

მართლმადიდებლურ ეკლესიასთან შეუთანხმებლად კანონის მიღებას რელიგიური ორგანიზაციების შესახებ კონკორდატის დარღვევად მიიჩნევს საპატრიარქო. დღეს დილით წმინდა სინოდი სწორედ ამ საკთხზე მსჯელობისთვის შეიკრიბა. კომენტარი კრების დასრულების შემდეგ მეუფე სერაფიმემ გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლება, კონკრეტულად კი სხდომაზე მისული საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლაშა თორდია მათ დაპირდა კონკორდატის პირობების სრულ დაცვას.

სინოდის კრების პარალელურად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და მათ შორის გორშიც მრევლი ეკლესიებში შეიკრიბა კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გასაპროტესტებლად. გორის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში მრევლთან ერთად დღეს შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილიც იმყოფებოდა. ქადაგემაზე ითქვა, რომ დღევანდელი შეკრების მიზანი არა პროტესტი, არამედ აზრის დაფიქსირებაა.

ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადება თითქმის ყველა ოპპზიციურმა პარტიამ გააკეთა. ქართული პარტიის წარმომადგენელმა სოფო ხორგუანმა მას ქსენოფობიური უწოდა და მიიჩნია ხელისუფლების ეკლესიასთან ბრძოლის თვალნათელ ნიშანად.

ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ხელისუფლება ეკლესიაზე გავლენის მოხდენას ცდილობს და ამაზე წუხანდელი შემთხვევაც მეტყველებს, როდესაც სინოდის სხდომის წინ, მთელი ღამის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლები საპატრიარქოში იმყოფებოდნენ.

საგანგებო ბრიფინგი საკანონმდებლო ცვლილების შესახებ ლეიბორიტული პარტიის ლიდერმაც მოაწყო. შალვა ნათელაშვილმა დაგმო „ღვისმგმობი ხელისუფლება“.

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, რომ ეკლესიას სურვილი ჰქონდა კანონმდებლობაში შესატანი ცვლილება საზოგადოების მსჯელობის საგანი გამხდარიყო მანამ, სანამ იგი ძალაში შევიდოდა.

XS
SM
MD
LG