ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვიპროსის მოგვარების ბოლო მცდელობა


კვიპროსის მოგვარების ბოლო მცდელობა
კვიპროსის მოგვარების ბოლო მცდელობა

შეცვლილი ბალანსი ევროკავშირს და თურქეთს შორის

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ჟენევაში თურქეთის და კვიპროსელი ბერძნების გაერთიანებების ლიდერებს შეხვდება. გაერომ ასეთი სახის მცდელობები ერთხელ უკვე დაიწყო და დამკვირვებელთა აზრით მცირე პროგრესსაც მიაღწია. საკითხს, „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დორიან ჯონსი იკვლევდა

კარნეგის ფონდის მოწვეული მკვლევარი შინან ულგენი შიშობს, რომ კუნძულის გაერთიანებისთვის დრო იწურება.

„ეს იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის უკანასკნელი მცდელობა ამ საკითხის გადასაწყვეტად. 2004 წელს უკვე იყო ასეთი მცდელობა, რომელიც მარცხით დასრულდა და ახლა 2011-ში ჩვენ ახალ მცდელობას ვხედავთ. თუკი ესეც ჩავარდება, თურქეთის პოზიცია კვიპროსთან დაკავშირებით შეიცვლება ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის აღიარების მიზნით, რათა საბოლოოდ ბეჭედი დაუსვას კუნძულის გაყოფას,“ - აცხადებს შინან ულგენი.

საერთაშორისო დონეზე მხოლოდ კვიპროსის ბერძნული ნაწილია აღიარებული. კუნძული მას შემდეგ გაიყო, რაც ბერძნული შეთქმულების განეიტრალების მიზნით თურქეთმა 1974 წელს კუნძულზე ჯარები შეიყვანა. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაზე საერთაშორისო ემბარგო მოქმედებს. კვიპროსის ეს ნაწილი მხოლოდ თურქეთის მიერ არის აღიარებული.

გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის ბოლო მცდელობას პრობლემებიც ახლავს. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა გეორგიუ პაპანდრეუმ, რომელიც გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის კოფი ანანის მცდელობას კუნძულის გაერთიანების თაობაზე მხარს უჭერდა, ამჟამად მიდგომა შეცვალა. ამ ვითარებაზე თურქეთის ბილქენთის უნივერსიტეტის ბერძენი მკვლევარი ლოანის გრიგორიადისი საუბრობს.

„მართალია პაპანდრეუმ უზარმაზარი ძალისხმევა ჩადო კოფი ანანის გეგმაში, მე ამჟამად ვერ ვხედავ მისგან დიდ ინიციატივას ქვეყნის შიგნით არსებული ურთულესი ვითარების გამო. თუმცა, მე არ ვფიქრობ, რომ ის წინააღმდეგობას შეუქმნის საკითხის გადაწყვეტას, თუკი ეს შესაძლებელი გახდება. ძალიან რთული იქნება მისთვის მის პარტიაში და ქვეყნის შიგნით დამატებითი მოწინააღმდეგების შექმნა საკმაოდ ამბიციური კვიპროსის საკითხის დაყენებით,“ - განმარტავს ბერძენი მკვლევარი.

კოფი ანანის გეგმას ასევე მხარს უჭერდა თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი. 2004 წლის რეფერენდუმზე, კვიპროსის თურქულმა მოსახლეობამ ამ გეგმას მხარი დაუჭირა, ხოლო კვიპროსელმა ბერძნებმა კი არა. თურქი დიპლომატი სელიმ იენელი ამბობს, რომ დათმობა ყოველთვის თურქეთის ხარჯზე ხდებოდა და ეს უკვე საკმარისია.

მისი თქმით, რამდენჯერაც თურქეთი დათმობაზე წავიდა, ბერძნებმა უფრო მეტი მოითხოვეს და ისინი მუდამ ევროკავშირს ეყრდნობოდნენ. ამჯერად ეს ასე აღარ იქნება. დამკვირვებელთა განცხადებით, ანკარას ასეთი მყარი პოზიცია ევროკაშირს და თურქეთს შორის ძალთა ბალანსის შეცვლამ გამოიწვია. ევროკავშირი მუდმივად ეწინააღმდეგობდა თურქეთის მათ რიგებში გაწევრიანებას, განსაკუთრებით კი საფრანგეთი და გერმანია. ამჟამად კი, ევროკაშირი ურთულესი ეკონომიკური სიძნელეების წინაშე დგას, ხოლო თურქეთში პირიქით - ეკონომიკა სწრაფად იზრდება, ამიტომაც თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანებას ისე აქტიურად აღარ ითხოვს. ექსპერტები აცხადებენ, რომ თურქეთი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან კვიპროსის თურქული ნაწილის აღიარებას ახლა უფრო მტკიცედ მოითხოვს

XS
SM
MD
LG