ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას უნდა ელოდნენ დევნილები 2011 წელს


რას უნდა ელოდნენ დევნილები 2011 წელს

ამერიკის ხმამ მინისტრ კობა სუბელიანს რამდენიმე შეკითხვით მიმართა.

რა პოლიტიკა გატარდება დევნილების მიმართ 2011 წელს, შეიცვლება თუ არა მიდგომები იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ. გეგმავს თუ არა რაიმე სიახლეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. ამ კითხვებით ამერიკის ხმამ მინისტრ კობა სუბელიანს მიმართა.

ყველაზე დიდ პროექტს, რასაც სამინისტრო 2011 წელს განახორციელებს დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების შეკეთებას უკავშირდება. ტოტალური რემონტი 100–ზე მეტი ობიექტის რეაბილიტაციას ითვალიწინებს. მათგან 64 კომპაქტური ობიექტია, 54 კი ისეთი შენობა, რომელიც დღეს მხოლოდ კარკასის სახით არსებობს. ზოგიერთი შენობა საპრივატიზაციო ნუსხიდანაც ამოიღეს, თუმცა კონკრეტულად რამდენი იყო ასეთი, მინისტრი არ ასახელებს. სუბელიანი ამბობს, რომ თუ ყველა მის მიერ ხსენებული ფართის შერემონტება წელს ვერ მოხერხდება, სამუშაოები 2012 წელს გაგრძელდება.

სუბელიანი ამბობს, რომ 2011 წელს, მას შემდეგ, რაც 100–ზე მეტი შენობის რემონტი დასრულდება, კიდევ დარჩებიან დევნილები, რომელთა წინაშე საცხოვრებლის პრობლემა იდგება.

მინისტრი ხაზს უსვამს იმ მიღწევას, რომ გასულ წელს 22 ათას დევნილს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა. რაც შეეხება ჯანდაცვის პროგრამებს, 2011 წელს სიახლე არც ამ თვალსაზრისით იქნება. წელსაც, ისევე როგორც შარშან დევნილები სადაზღვევო პოლისებით გათვალიწინებული შეღავათებით ისარგებლებენ, რაც მედიკამენტებით უზრუნველყოფას არ ითვალისწინებს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა ჩვენთან საუბრისას კომენტარი გააკეთა იმ დევნილების შესახებ, ვინც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და აქციებით სცადეს მინისტრის ყურადღების მიქცევა. სუბელიანი ამბობს, რომ ეს თემის პოლიტიზაციაა, რაც მისთვის მიუღებელია. სამინისტრო წელს მთელი რიგი შენობების რეაბილიტაციას გეგმავს რეგიონებში, რომელთაც შემდგომ დევნილებს შესთავაზებენ საცხოვრებლად. რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ დევნილებმა უარი თქვეს რეგიოენბში შერემონტებული ფართის დაკავებაზე? სუბელია ამბობს, რომ იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს რეაბილიტირებულ საცხოვრებლებს თბილისში ფიზიკურად. ვერ შესთავაზებენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პოლიტიკა დევნილების მიმართ წელს შარშანდელის ანალოგიური იქნება.

XS
SM
MD
LG