ამერიკის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, კარიბის ზღვის დასავლეთ ნაწილში ტროპიკული ქარიშხალი ძლიერდება და მექსიკის, ბელიზისა და ჰობდურასის სანაპიროებს უახლოვდება.
მაიამიში მდებარე ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2010 წლის ტროპიკული ქარიშხლების სეზონის პირველი ტროპიკული შტორმი ალექსის სიჩქარე ამ ეტაპზე საათში 65 კილომეტრია.
ასევე ცენტრის განცხადებით, შტორმის გამო ბელიზსა და მექსიკის იუკატანის ნახევარკუნძულზე განგაშია გამოცხადებული. შტორმი ალექსი ბელიზის დედაქალაქისგან 350 კილომეტრითაა მოშორებული და სავარაუდოდ სანაპიროს დღეს გვიან ღამით ან ხვალ დილით ადრე მიაღწევს.
ალექსი მექსიკაში, ბელიზსა და ჰონდურასში სავარაუდოდ 10-დან 20 სანტიმეტრამდე ნალექს გამოიწვევს, ხოლო მთიან რეგიონებში კი მეწყერების საშიშროებას შექმნის.