ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს


ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კარლ ლამერსი თბილისს სტუმრობს. სამ დღიანი ვიზიტის ფარგლებში, იგი მონაწილეობას იღებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ როსის 76- ე სემინარში.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კარლ ლამერსი თბილისს სტუმრობს. სამ დღიანი ვიზიტის ფარგლებში, იგი მონაწილეობას იღებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ როსის 76- ე სემინარში. ამ თემაზე ჩვენი რესპონდენტი ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის უფროსი თენგო გოგოტიშვილი საუბრობს:

-"ეს არის ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყველაზე უფრო გამოჩენილი, ყველაზე უფრო ცნობადი ღონისძიება, რომელსაც ეს ასამბლეა რეგულარულად აწყობს. საქართველოში იგი ტარდება მესამედ. ბოლო სამი წლის განმალობაშიე კონფერენცია უკვე მეორედ ტარდება და შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს არის ჩვენი ძალიან სერიოზული წინსვლის ნიშანი. უპირველესად იმიტომ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეას აქვს ინტერესი ჩამოვიდეს ქვეყანაში, რომელიც დიდი და სწრაფი ნაბიჯებით მიდის დასავლეთისკენ, მიდის ევროინტეგრაციისკენ და მიდის კონკრეტულად ნატოსკენ. ის რომ ამ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტია ჩამოსული არის მხოლოდ ერთი მხარე ღონისძიების მნიშვნელობის. კონფერენციას ყოველდღიურად ესწრება ასი ან შეიძლება მეტი ადამიანი, ნატოს ყველა ქვეყნიდან, ყველა პარტნიორი ქვეყნიდან, ძალიან მნიშვნელოვანი და გავლენიანი პოლიტიკოსები, პარლამენტის წევრები და მათთან ერთად ანალიტიკოსები. სემინარის სახელწოდებაა ”კავკასია გლობალურ ჭრილში: საქართველოს პერსპექტივები და საერთაშორისო ფსონები”. როდესაც ფსონებს ახსენებენ, ცხადია ყველას ტოტალიზატორი ახსენდება. მაგრამ არ მინდა და მემგონი არც არავის არ უნდა, რომ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ბედით ვიღაც თამაშობს. ეს უბრალოდ ნატოს ანალიზის შედეგია, ნატოს ანალიზის აღმნიშვნელი ტერმინია, რომელიც განიხილავს რას წააგებს და რას მოიგებს იმით ნატო, თუ საქართველოს შეიერთებს და საქართველო შევა მის ზონაში. ამ პროცესს გაცილბით უფრო მეტი დადებითი აქვს ვიდრე უარყოფითი, როგორც საქართველოსთვის ისე ნატოსთვის. მთავარი, რაც მათ აწუხებთ და ეს ამ კონფერენციაზეც გამოჩნდა არის ის საფრთხე, რასაც რუსეთი ძალიან ხშირად იყენებს. კერძოდ ის, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება, ნატოშივე ამ ორგანიზაციის შიგნით შეიტანს დაპირისპირებას რუსეთთან და ნატოს მოუწევს როგორც მოთამაშეს თავის თავზე პასუხისმგებლობის აღება რუსეთთან ურთიერთობაში. ძალიან ბევრს ეს არ უნდა და გასაგებია, რომ არ უნდათ დალაგებული ცხოვრების არევდარევა. ეს ამ კონფერენციაზეც გამოჩნდა, ქართული მხარე ყოველთვის უსვავს ხაზს და დღესაც იყო ეს საგანგებოდ ხაზგასმული. კონკრეტულად ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ ილაპარაკა ამაზე , რომ საქართველოს ერთადერთი სურვილია, რომ მოაგვაროს თავისი ურთიერთობა რუსეთთან და პარალელურ რეჟიმში მიუახლოვდეს ნატოს, პარალელურ რეჟიმში გაწევრიანდეს ნატოსში. ჩვენ უბრალოდ ზუსტად ვიცით, რომ რუსეთთან დიალოგში მარტო ვერ დავრჩებით და არ უნდა დავრჩეთ, იმიტომ, რომ ჩვენი გავლენა, ჩვენი სიტყვის წონა რუსეთთან გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ამხელა დასავლეთის და ნატოს სიტყვის წონა, ამისთვის გვჭირდება ჩვენ ევროპელი პარტნიორები, ამისთვის გვჭირდება ატლანტიკელი პარტნიორები, ამისთვის გვჭირდება ნატოელი პარტნიორები, რომ მათ ზეწოლა რუსეთზე გაცილებით უფრო ძლიერი და გაცილებით უფრო ეფექტური გახადონ."

თენგომ ასევე ისაუბრა იმ სიტყვაზე, რომელიც კონფერენციაზე ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანს იორგ ჰაბერმა წარმოთქვა:

-"არა მხოლოდ გუშინ, ბოლო პერიოდია ბატონი ჰაბერი საუბრობს ცალმხრივ კონსტრუქციულობაზე. ეს ტერმინი მან დაამკვიდრა, როგორც ამღნიშვნელი საქართველოს ურთიერთობისა, საქართველოს დამოკიდებულებისა ამ სამშვიდობო ოპერაციისადმი თუ მონიტორინგის მისიისადმი, რომელიც ხორციელდება საქართველოში. ცალმხრივი ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის მისიის მონიტორინგი, რომელიც შეიქმნა რუსეთსა და საქართველოს შორის სამხედრო კონფლიქტის მოსაგვარებლად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გასაკონტროლებლად, ამ მისიასთან თანამშრომლობს მხოლოდ საქართველო და არანაირად არ თანამშრომლობს რუსეთი. საქართველომ შეასრულა ყველა პირობა, მეტიც ზედმეტი ვალდებულებები აიღო თავის თავზე, იმისათვის, რომ დაერწმუნებინა და ეჩვენებინა საერთაშორისო თანამეგობრობისათვის, რომ მისი ერთადერთი განზრახვაა მშვიდობა და პრობლემის მშვიდობიანი მოგვარებაა. ეს იყო ბატონი ჰაბერის გამოსვლის მთავარი გზავნილი, რაც მან არა მხოლოდ გუშინ გააკეთა ამ კონფერენციაზე, არამედ ბოლო რამოდენიმე თვეა ამ საკითხზე საუბრობს."

.

XS
SM
MD
LG