ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პორტ-ო-პრენსი - ნანგრევების ქალაქი


პორტ-ო-პრენსი - ნანგრევების ქალაქი
პორტ-ო-პრენსი - ნანგრევების ქალაქი

ჰაიტიში აღდგენითი სამუშაოები შეჩერებულია

ერთი წლის წინ ჰაიტიში მომხდარმა მიწისძვრამ ყველაზე მეტად დედაქალაქი პორტო-პრენსი დაანგრია. ქალაქი დღემდე არ არის აღდგენილი. როგორც „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯეფ სვიკორდი იუწყება, ჰაიტიში რეკონსტრუქციის ნიშნებიც კი არ არსებობს. ქალაქიდან ნანგრევების მხოლოდ ხუთი პროცენტი თუ იქნება გატანილი. დაახლოებით 800 ათასი ადამიანი კვლავ კარვებში ცხოვრობს. არსებული მონაცემებით, შეერთებული შტატებიდან ქველმოქმედებისთვის გადარიცხული 1,4 მილიარდი დოლარიდან მხოლოდ 38 პროცენტია დახარჯული.

ჯული შინდელი „ოქსფამ ინტერნეიშენალის“ წარმომადგენელია. „როდესაც ხალხი მეკითხება თუ რა ხდება ჰაიტიში და რატომ არ არის წინსვლა, არსებობს ერთი პასუხი - ეს არის ხელმძღვანელობა. ჩვენ გვჭირდება ხელმძღვანელობა და იმედი გვაქვს, რომ ჰაიტის მომდევნო ადმინისტრაცია ამას შეძლებს,“ - აცხადებს ჯული შინდელი. ეს საერთო პრობლემაა. ჰაიტის მთავრობამ ვერ შეძლო ვითარებასთან გამკლავება.

მთავრობის 15 სამინისტრო შენობიდან ცამეტი მთლიანად დაინგრა. სამთავრობო ადმინისტრაციის დაახლოებით 30 პროცენტი დაიღუპა. ასევე ჯერ არ არის გამოცხადებული ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგები, არსებობს დარღვევების და გაყალბების უამრავი ფაქტი. არასამთავრობო ორგანიზაციები თანხმდებიან რეკონსტრუქციებისთვის გამოყოფილი თანხების მიზნობრიობაზე. თუმცა, მათი თქმით, ქვეყანაში არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც მათ პარტნიორობას გაუწევს. ლეონარდ დოილი საერთაშორისო მიგრაციის ორგანიზაციას წარმოადგენს. ის ჰაიტიში მუშაობს.

„ფული მხოლოდ მაშინ იქნება გამოყოფილი როცა იარსებებს რეალური გეგმები, რადგანაც ჩვენ გვსურს, რომ ფული დანიშნულების ადგილზე წავიდეს. ჩვენ არ გვსურს, რომ ეს ფული შავ ხვრელებში გაუჩინარდეს,“ - ამბობს დოილი.

ჰუმანიტარული ორგანიზაციების განცხადებით, კატასტროფის სალიკვიდაციო სამუშაოების პირველი ფაზა, როგორიც არის ელემენტარული თავშესაფრებით, საკვებით და წყლით უზრუნველყოფა, საკმაოდ კარგად შესრულდა. თუმცა, მეორე ფაზის შესრულება, რომელიც მოსახლეობის დროებითი საცხოვრებლებით უზრუნველყოფას და აღდგენითი სამუშაოების დაწყებას გულისხმობდა, უკვე პრობლემურია.

მეთიუ კოშრანი საერთაშორისო წითელ ჯვარს წარმოადგენს, რომელიც პორტ-ო-პრენსში აღდგენითი სამუშაოებით არის დაკავებული. მისი თქმით, ქალაქში მშენებელობისთვის საჭირო ფართის შოვნა ძალიან გართულებულია. მიწის ფართების მონაცემები განადგურებულია, რაც კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას. თუმცა, კოშრანი მაინც იმედიანად არის განწყობილი.

„მე ვფიქრობ რომ ყველა სამართლებრივი დაბრკოლება გადაილახება და უკვე მომავალი თვიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება,“ - ამბობს კოშრანი. არასამთავროო ორგანიზაციები თანხმდებიან იმაზე, რომ ჰაიტიში აღდგენითი სამუშაოების დასრულებას წლები დასჭირდება. თუმცა, მათი თქმით უკვე დროა, რომ მათი ვალდებულებები გაორმაგდეს და ენერგიული მუშაობით ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს.

XS
SM
MD
LG