ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსმენები კონგრესში: „ ამერიკელ მუსლიმთა რადიკალიზაცია“


T

თავმჯდომარის ნიუ-იორკელი კონგრესმენის პიტერ კინგის ინიციატივით ხვალ კონგრესში დაიწყება, მისივე თქმით „ამერიკელ მუსლიმთა რადიკალიზაციის“ პრობლემასთან დაკავშირებული მოსმენები.

აშშ-ს კონგრესის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ნიუ-იორკელი კონგრესმენის პიტერ კინგის ინიციატივით ხვალ კონგრესში დაიწყება, მისივე თქმით „ამერიკელ მუსლიმთა რადიკალიზაციის“ პრობლემასთან დაკავშირებული მოსმენები. როგორც კინგი ამტკიცება, მისი მოვალეობაა გამოიძიოს ის ტერორისტული საფრთხე, რომელიც გამომდინარეობს ამერიკაში მცხოვრებ მუსლიმთა თემის გარკვეული ელემენტებისაგან. ოპონენტები კი თავის მხრივ ამტკიცებენ, რომ ამ მოსმენებს შეიძლება შედეგად მოჰყვეს მილიონობით კანონმორჩილი ამერიკელის უარყოფითად აღქმა, რომლებიც ისლამის მიმდევრები არიან. კინგის გადაწყვეტილებამ მწვავე რეაქცია გამოიწვია, რასაც მისი მომხრეებისა და ოპონენტების საპროტესტო აქციები მოჰყვა. აი რა თქვა ჩვენთან საუბარში ამ მოსმენების ჩატარების მომხრემ რიჩარდ ლაზევნიკმა:

-„ჩვენ ყველას უშვებთ ამერიკაში, მიუხედავად მათი სარწმუნოებისა და პოლიტიკური მრწამსის. თუ არ გჯერა ამერიკული ცხოვრების წესისა, ჩვენი მთავრობისა და სისტემისა შენი ადგილი არ არის აშშ-ში.“

დაუზუსტებელი მონაცემების თანახმად დღეს აშშ-ში 7 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს. ამ მრწამსს თითქმის ყველა პროფესიის ადამიანი მისდევს, მათ შორის არის ქით ელისონი, რომელიც კონგრესის პირველი მუსლიმი წევრია. მან ხვალ ჩვენება უნდა მისცეს მოსმენებში.

როგორც პიტერ კინგი ამტკიცებს 2004 წელს მან სიენენს განუცხადა, რომ ამერიკულ მეჩეთთა 80 პროცენტს ექსტრემისტები აკონტროლებენ. ამ აზრს როგორც სიცრუეს ისე უარყოფს ნიუ-იორკის ისლამური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი ზაჰირ უდინი. მისი თქმით:

-„შეიძლება ამგვარი რამოდენიმე მეჩეთი იყოს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ არც კი გაგვიგია რაიმე მსგავსი მეჩეთების შესახებ. თუ პიტერ კინგმა ნამდვილად იცის ამგვარი მეჩეთების შესახებ რამე, მაშინ მან კონკრეტულად უნდა დაასახელოს რომელ მეჩეთებზეა საუბარი.“

უდინი ამტკიცებს, რომ აშშ-ს ტერიტორიაზე მომხდარი ტერაქტების მხოლოდ 5 პროცენტი იყო მუსლიმების მიერ ჩადენილი. იგი იქვე აღნიშნავს, რომ მისი ორგანიზაცია ჰგმობს ტერაქტებს. დიუკის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკვლევიდან ცხადი ხდება ის, რომ 2001 წლიდან მუსლიმთა მიერ ჩაფიქრებული 120 ტერორისტული აქტიდან ძალოვანებმა 48 გახსნეს მუსლიმთა თემიდან მოსული ოპერატიული ინფორმაციის წყალობით.

კვირას ნიუ-იორკის ტაიმ სკვერზე საპრტოტესტო აქცია გაიმართა ხვალ დაგეგმილ მოსმენებთან დაკავშირებით. იმამი ფაიზალ აბდულ რაუფი, რომელიც მანჰეტენში ისლამური ცენტრის აგებას ცდილობს კრიტიკულად არის განწყობილი ამ მოსმენებისადმი:

-„ ექსტრემიზმი ყველა სარწმუნოებრივი ტრადიციიდან მოდის. არიან როგორც ამერიკელი ექსტრემისტები და რადიკალები, ასევე მუსლიმი ექსტრემისტები და რადიკალები. სწორედ რადიკალიზაციის ეს ციკლია, რასაც ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით უნდა დავუსვათ წერტილი.“

ფედერალური გამოძიების ბიუროს მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად აშშ-ში ტერორიზმის საფრთხე მომდინარეობს როგორც თეთრკანიანი რასისტებისაგან და ეკოტერორისტებისაგან, ასევე მთავრობის მიმართ ექსტრემისტულად განწყობილი ცალკეული ჯგუფებისა და სეპარატისტებისაგან. მიუხედავად ამისა პიტერ კინგი მაინც დაჟინებით მოითხოვს ხვალინდელ მოსმენებზე განხილულ იქნას მხოლოდ ის ტერორისტული საფრთხე, რომელიც ისლამისტებისაგან გამომდინარებოს. როგორც იგი ამტკიცებს ამ მოსმენების მიზანია, რომ ყველას უჩვენონ ის, რომ მთლიანობაში მუსლიმები კანონმორჩილი ამერიკელები არიან, მაგრამ მუსლიმთა თემის ხელმძღვანელობა საკმარის ძალისხმევას არ მიმართავს ისლამური რადიკალიზაციის შესაჩერებლად.

XS
SM
MD
LG