"ფული ჩაიდება სამხედრო ინდუსტრიაში, სწავლაში!
ჩვენ გვყავს ბევრი კარგი ოფიცერი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ბევრად მეტი!
ყველა სოფელს უნდა შეეძლოს თავისი დაცვა,რადგანაც რუსეთს თავის ამოცანაზე მთელი საქართველოს ოკუპაცია მოახდინოს, ხელი არ აუღია!"
ასეთი განცხადებები გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა 28 ივლისს თავდაცვის სამინისტროში შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ეკონომიკური კრიზისის გამო მთავრობას წელს თავდაცვის ბიუჯეტის შემცირება მოუხდა, მაგრამ მისივე თქმით, ხელისუფლება პროცესს უკან მოაბრუნებს იმიტომ, რომ ”ქვეყანას ჩვენ დაცვის გარეშე ვერ დავტოვებთ”.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ძალიან დიდ ყურადრებას იმსახურებს:
”ტოტალური თავდაცვითი ინიციატივა არის ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ რეგულარულ არმიას ჰყავდეს მნიშვნელოვანი საყრდენი იმ შემთხვევაში, თუ მტერი კვლავ შემოიჭრება საქართველოს ტერიტორიაზე. ეს საფრთხე არსებობს, არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები დგანან საარტილერიო ცეცხლის მანძილზე თბილისიდან”-აღნიშნავს ბატონი ლორთქიფანიძე.
კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის ძირითადი მოტივაცია არა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაა, არამედ სპეკულირება საგარეო საფრთხეებით იმისათვის, რომ მუდმივად იყოს ხელისუფლებაში:
”სამწუხაროდ ავტორიტარული მართველები ხშირად იმაზე კი არ ზრუნავენ, რომ ქვეყანა რეალურად დაიცვან, არამედ ცდილობენ ეს საფრთხე რაღაც დოზით შეინარჩუნონ საიმისოდ, რომ საკუთარი პოლიტიკური მმართველობა იყოს ან უვადო, ან რაც შეიძლება ხანგრძლივი ვადით შეინარჩუნონ”-ამბობს ბატონი ჩხარტიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი დადებითად აფასებს "თბილავიამშენის" თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლას და შეცდომას უწოდებს კადეტთა კორპუსის გაუქმებას, რომელიც 4 წლის წინ, ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობის დროს გაუქმდა.