ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პეტრეუსი ავღანეთში ქართული ძალების თავდადებაზე საუბრობს


პეტრეუსი ავღანეთში ქართული ძალების თავდადებაზე საუბრობს

გენერალმა პეტრეუსმა განაცხადა, რომ ავღანეთში დისლოცირებულმა ქართულმა ძალებმა ნიმრუზისა და ჰელმანდის პროვინციების უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს.

ავღანეთში დისლოცირებულმა ქართულმა ძალებმა ნიმრუზისა და ჰელმანდიის პროვინციების უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს. ასეთია წერილის შინაარსი, რომელიც ავღანეთში ა.შ.შ-სა და ნატოს ძალების მეთაურმა გენერალმა დევიდ პეტრეუსმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას მიწერა. ამის თაობაზე ჩვენი რესპონდენტი პოლიტიკური აკადემიის პროფესორი, ბატონი ზურაბ ბრაგვაძე საუბრობს.

-„ პირველ რიგში ეს არის განცდა იმისა, რომ ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობენ გამოირჩევიან განსაკუთრებული დისციპლინით, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით და ბუნებრივია, რომ ეს ძალიან უწყობს ხელს საქართველოს ავტორიტეტის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით. თუ ჩვენ გავიხსენებთ ისტორიულ რეალიებს, ქართველები ყოველთვის გამოირჩეოდნენ აი ესეთი საერთაშორისო სამხედრო ოპერაციების დროს განსაკუთრებული თავდადებითა და განსაკუთრებული მონდომებით. ასე იყო ისტორიულად, ასე არის დღესაც. ეს არის გარკვეულწილად ისტორიული ტრადიციის გაგრძელება და მითუმეტეს ქართველი კაცისთვის ავღანეთი უცხო ნამდვილად არ არის სამხედრო თვალსაზრისით. შორს, რომ არ წავიდეთ თუ გავიხსენებთ ქართლის მეფე გიორგი XI-ემ მთელი თავისი ცხოვრება პრაქტიკულად ავღანეთში გაატარა და ირანის ჯარების მთავარსარდალი იყო ავღანეთში. ეს ფაქტიც დასტურია იმისა, რომ ქართველებისთვის ყოველთვის აქტუალური იყო ის თუ რა ხდება ავღანეთში. მართალია ავღანეთი არ არის საქართველოს უშუალო მეზობელი ქვეყანა, მაგრამ ავღანეთი მდებარეობს საკმაოდ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ტერიტორიაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ავღანეთი როგორც ევროპისთვის ასევე აზიისთვის. გენერალმა პეტრეუსმა ასევე თავის წერილში ხაზი გაუსვა იმას, რომ ქართული ძალები არიან მოტივირებულები, დისციპლინირებულები და შესანიშნავად ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მისიას. „ქართველი სამხედრო მოსამსახურეების თავდადების, კარგი რეპუტაციის, სიმამაცის, სისხარტისა და პროფესიონალიზმის შესახებ ყველა სამეთაურო დონეზეა საქართველოსათვის“- აღნიშნა გენერალმა. ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ამის თქმა, იმიტომ რომ ეს არ არის რომელიმე რიგითი პოლიტიკოსი ან რომელიმე რიგითი სამხედრო პირის შეფასება ეს არის ჯარების სარდალი, პრაქტიკულად უდიდესი ფიგურა ამერიკის სამხედრო საქმეში. და მეორე - მოგეხსენებათ, რომ ყველასათვის ცნობილი და გაცხადებული იდეა საქართველოსი არის მისი სურვილი, რომ გახდეს ევროატლანტიკური ალიანსის ღირსეული წევრი. სწორედ გენერალის ასეთი განცხადებები ყოველშემთხვევაში თუ ვერ დააჩქარებს ამ პროცესს, ხელს მაინც არ შეუშლის. ეს არის მთავარი ჩვენთვის, იმიტომ, რომ თუ ჩვენ გვინდა მართლა ვიყოთ ევროატლანტიკური სივრცის განუყოფელი ნაწილი, ბუნებრივა, რომ სხვა კომპონენტებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჰყავდეს კარგად დისციპლინირებული, კაგად გაწვრთვნილი, კარგად აღჭურვილი, თავისი საქმის მცოდნე პროფესიონალური სამხედრო ძალები. ამერიკელი სარდლის ეს განცხადებაც, ჩავთვალოთ, რომ ამ გზაზე ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და ვფიქრობ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილის გაგზავნა ესეთ სამშვიდობო ოპერაციებში, ამითაც არის ნაკარნახები, რომ მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველო არაფრით არ ჩამოუვარდება თავისი დისციპლინით, თავისი პატიოსნებით, თუ საქმისადმი პროფესიული დამოკიდებულებით თუნდაც ნატოს წევრი ქვეყნების ჯარისკაცებს.“

XS
SM
MD
LG