ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი გმობს ვებ-გვერდ „ვიკილიქსის“ ქმედებას


ვაშინგტონი გმობს ვებ-გვერდ „ვიკილიქსის“ ქმედებას

პრეზიდენტი ბარაკ ობამა ემხრობა იმ ზომების მიღებას, რომელიც სახელმწიფო ინფორმაციას უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

გუშინ შეერთებული შტატების მთავრობამ ვებ გვერდ „ვიკილიქსის“ მიერ დაახლოებით 250,000-ზე მეტი გასაიდუმლოებული დიპლომატიური დოკუმენტების გამოქვეყნება დაგმო.

დოკუმენტების უმრავლესობა წარმოადგენს გასაიდუმლოებულ მიმოწერას ვაშინგტონსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში განლაგებულ შეერთებული შტატების საელჩოებს შორის.

ამერიკის მთავრობის განცხადებაში აგრეთვე ნახსენებია ის ზომები, რომლებიც გასაიდუმლოებული ინფორმაციის შემდგომი გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით იგეგმება.

როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ვილიამ აიდი ვაშინგტონიდან იუწყება, თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა ემხრობა იმ ზომების მიღებას, რომელიც სახელმწიფო ინფორმაციას უფრო ხელმისაწვდომს გახდის. მაგრამ იმავდროულად, პრეზიდენტმა ინტერნეტში „ვიკილიქსის“ მიერ გასაიდუმლოებული დიპლომატიური დოკუმენტების განთავსებას „უგუნური“ ნაბიჯი უწოდა.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მოპარული და გასაიდუმლოებული დოკუმენტების გამოქვეყნება საფრთხეს უქმნის, არა მხოლოდ ამერიკელ დიპლომატებსა თუ სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლებს, არამედ მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვასაც.

მართალია „ვიკილიქსის“ მიერ გამოქვეყნებული ზოგიერთი დიპლომატიური დოკუმენტის შინაარსი თეთრი სახლის განცხადებაში არ იყო ნახსენები, განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ დიპლომატიურ სფეროში გასაიდუმლოებული მოხსენებების მიწოდებას ხშირად გულწრფელი, მაგრამ არასრული დაკვირვებები ახასიათებს. ამდენად ამგვარი მოხსენებები საგარეო პოლიტიკის საბოლოო გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდეს, ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

გუშინ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუს დროს, რესპუბლიკელმა სენატორმა სამხრეთ კაროლინას შტატიდან ლინდსი გრეჰემმა აღნიშნა, რომ გასაიდუმლოებული ინფორმაციის მასობრივი გამოქვეყნება, მსოფლიოში შეერთებული შტატების დიპლომატიურ საქმიანობას უდავოდ დააზიანებს.

„გასაიდუმლოებული მასალების გაჟონვა ყოვლად მიუღებელია. მე ვიზიარებ პენტაგონის შეფასებას, რომ "ვიკილიქსის" წარმომადგენლებმა სისხლში გასვარეს ხელები “ -აღნიშნა სენატორმა გრეჰემმა.

თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შემდგომში მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, ზომების მიღება უკვე დაიწყო.

მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია „ვიკილიქსმა“ მიმდინარე წლის დასაწყისში ავღანეთის ომის ამსახველი 75,000 გასაიდუმლოებული დოკუმენტი გამოაქვეყნა, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა ორი ანგარიშის მომზადების ბრძანება გასცა. ხსენებული ანგარიშების მიზანი იყო იმ პოლიტიკური, პროცედურული და ტექნოლოგიური ნაკლოვანებების ამოცნობა, რომლებმაც ხსენებულ უკანონო გაჟონვას შეუწყეს ხელი.

ორგანიზაცია „ვიკილიქსმა“ დოკუმენტების წყარო არ დაასახელა, მაგრამ გავრცელებული ცნობების თანახმად არსებობს ეჭვი, რომ დოკუმენტები შეერთებული შტატების არმიის სადაზვერვო სამსახურის ანალიტიკოსმა ბრედლი მენინგმა გაამხილა. მენინგი ამჟამად პატიმრობაშია და სამხედრო სასამართლოს ელოდება. იგი მიმდინარე წლის დასაწყისში დააპატიმრეს. მას ორგანიზაცია „ვიკილიქსისთვის“ ერაყში 2007 წელს შვეულმფრენიდან საჰაერო დარტყმის ამსახველი ვიდეო ჩანაწერისა და გასაიდუმლოებული დიპლომატიური დოკუმენტების მიწოდება ედება ბრალად.

პენტაგონის ცნობით, 2001 წლის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, თავდაცვის სამინისტრომ და სხვა სამთავრობო სამსახურებმა მიიღეს ზომები მთავრობაში ინფორმაციის გავრცელების გასაუმჯობესებლად.

მართალია, ხსენებული ზომების გამო სამხედრო, დიპლომატიურ, სამართალდამცავ და სადაზვერვო სფეროებში დასაქმებულ სპეციალისტებს ინფორმაციის გაზიარება გაუადვილდათ, პენტაგონის ცნობით, შედეგად გასაიდუმლოებული ინფორმაცია უფრო დაუცველი აღმოჩნდა.

XS
SM
MD
LG