ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა


თბილისში ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა

ფორუმის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული მეცნიერების განვითარებას

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, თბილისში ამ დღეებში საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ფორუმი ჩატარდა.

თბილისში ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ ქართველი მეცნიერები თითქმის მთელი მსოფლიოდან: საფრანგეთიდან, ნანტის უნივერსიტეტიდან გასტონ ბუაჩიძე; გერმანიიდან, იენის უნივერსიტეტიდან ქეთევან მჭედლიშვილი; ავსტრალიიდან, მოლეკულარული ნეირობიოლოგიის უნივერსიტეტიდან გიორგი გეგელაშვილი; იაპონიიდან, იოკოჰამას ინსტიტუტიდან ალექსანდრე ლეჟავა, ქართლოს ყაჭიაშვილი პაკისტანიდან და სხვა.

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის სულხან სისაურის თქმით, ფორუმის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული მეცნიერების განვითარებას :

” ეს არის პრეზიდენტის ინიციატივა, რომ უცხოეთში მოღვაწე ქართველებმა არ გაწყვიტონ კავშირი საკუთარ ქვეყანასთან, სამშობლოსთან. ერთ-ერთი მიმართულება ამის არის უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერები, რომლებსაც უცხოეთში აქვთ სახელი განთქმული. ჩვენ გვინდა მათი ცოდნა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, ჩვენი, ქართული მეცნიერების კიდევ უფრო წინ წასაწევად, საერთაშორისო ასპარესზე გასატანად...ვგეგმავთ ახალი პროექტების, ახალი გრანტების გამოცხადებას. ორ მაგალითს მოვიყვან.. ეს არის უცხოეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერებთან ერთობლივი კვლევები და ქართველი დოქტორანტების სადოქტორო ნაშრომზე უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერების თანახელმძღვანელობა”.

მეცნიერები, რომლებიც საკმაოდ წარმატებით მოღვაწეობენ საზღვარგარეთ, ჩვენი სამშობლოს საგანძურია ! - ამბობს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ნიკა ავალიანი. ნიკა ავალიანის თქმით, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერები ეძებენ გზებს, თუ როგორ შეიძლება ქართველი სტუდენტების გაგზავნა იმ უნივერსიტეტებში, სადაც ისინი მოღვაწეობენ.

23 წელია ცხოვრობს და მოღვაწეობს გერმანიაში ქეთევან მჭედლიშვილი. ქეთევან მჭედლიშვილის თქმით, იენის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელს ან პროფესორს აქვს შესაძლებლობა 3 თვით თბილისიდან სტუდენტი ან დოქტორანტი მიიწვიოს :

” ასეთი შესაძლებლობა მაქვს მეც, როგორც მეცნიერ-თანამშრომელს. 2008-2009 -2010 წლებში მოვიწვიე ყოველ წელს 3 დოქტორანტი, აქცენტი იმ დოქტორანტებზე გავაკეთე, რომლებსაც გერმანულ სამართალზე აქვთ ორიენტაცია არებული. იენის უნივერსიტეტში სტუდენტებს აქვთ განათლების მიღების საუკეთესო შესაძლებლობა”...

ფორუმის დასრულების შემდეგ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერები თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში საჯარო ლექციებს წაიკითხავენ.

XS
SM
MD
LG