ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფიცრული ხეივანი, სამჯერადი კვება და ჰოკეი


ცხოვრება ყანდაჰარის სამხედრო ბაზაზე

ყანდაჰარის აეროპორტი ავღანეთში საერთაშორისო კოალიციის მეორე მსხვილი სამხედრო ბაზაა, სადაც 25 ათასზე მეტი სამხედრო და კონტრაქტორი იმყოფება. ბაზა დაახლოებით პატარა ამერიკული ქალაქის ტოლია. საომარი მოქმედებების ზონასთან სიახლოვის მიუხედავად, აქ ყოვედღიური ცხოვრება მიმდინარeობს.

საკვირაო დილის წირვას ყანდაჰარის სამხედრო ბაზაზე საკმაო რაოდენობის ხალხი ესწრება. აქაურ სამლოცველოშიც მსოფლიოში სხვა ეკლესიების მსგავსად, ხის მერხები დგას, მინებიც მუქად არის შეფერილი. თუმცა, ერთი განსხვავება აშკარად თვალში საცემია - აქ ყველა შეიარაღებულია. ეკლესიის მღვდელმსახურიc სამხედროა. ის კანადის საჰაერო ძალების კაპიტანი ჯიმ მაკქეია. ის კათოლიკეა. ჯიმი ამბობს, რომ სამლოცველო ყოველ საკვირაო მესაზე ხალხით ივსება და მათ თავინათ კოლეგებთან და ღმერთთან ურთიერთობა სურთ.

„ბაზაზე მყოფი ძალიან ბევრი ადამიანისთვის სამლოცველო შეიძლება ითქვას უმთავრესი შეკრების ადგილია, რომელიც აქ ყოველდღიურ ცხოვრებას რეალურს ხდის. ჩვენ ხელოვნურ გარემოში გვიწევს ცხოვრება, რომელიც დღითიდღე სამხედრო კონსტრუქციებით ხდება გარშემორტყმული. სამლოცველოში მოსვლით კი ადამიანებს რეალური ურთიერთობა აქვთ სახლთან და ღმერთთან. აქ ისინი უბრუნდებიან იმ გრძნობას თუ რისთვის არსებობს ადამიანი,“ - ამბობს ჯიმ მაკქეი.

ის ამბობს, რომ აქ ძალიან ბევრი ხალხი ცხოვრობს და ეს სამლოცველო სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანებისთვის გამოიყენება, მუსლიმი მლოცველების ჩათვლით.

სამლოცველოს გარდა, აქ კიდევ სასეირნო ადგილია, სადაც ბაზაზე მცხოვრები ხალხი ერთმანეთს ხვდება, ამ ფიცრებით დაგებული ბილიკით ისინი მტვრიან მოედანზე ხვდებიან, რომელიც ფეხბურთის მინდვრის ზომის თუ იქნება. აქვე მოწყობილია პატარა მაღაზიები, ბაზის მოსამსახურეებს ამერიკულ სავაჭრო ცენტრს ახსენებს. ამერიკის არმიის კაპიტანი ნატალი მაკბერნი სამხედრო ბაზის მოსამსახურეთა კეთილდღეობაზე და მორალის ამაღლებაზე ზრუნავს. ის ამბობს, რომ ეს სასეირნო ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია ბაზაზე მყოფი ადამიანების განწყობის ასამაღლებად. ამ ხეივნის მოსაწყობად 650 ათასი დოლარი დაიხარჯა.

სპორტი აქ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ჯარისკაცები ღამის დადგომისთანვე იწყებენ კალათბურთის და ფრენბურთის თამაშს. ზოგჯერ ჰოკეისაც კი თამაშობენ ხოლმე. ყანდაჰარის ბაზაზე მარტო ამერიკელი სამხედროები არ არიან. აქ სხვა ქვეყნის ჯარისკაცებიც იმყოფებიან.

კევინ ბოისი კანადის საზღვაო ფლოტის წარმომადგენელია. ის ამბობს, რომ სპორტი აუცილებელია აქ მყოფი ჯარისკაცებისთვის, როგორც გასართობად, ასევე მეგობრების შესაძენად.

„როდესაც პირველად ჩამოვედი, მათ მაშინვე მითხრეს, რომ ჰოკეის თამაშობდნენ და მეც შემექმნა გუნდი. მეც მაშინვე დავთანხმდი,“ - იხსენებს კევინი.

სპორტის და გართობის გარდა, ბაზაზე ცხოვრების საკმაოდ საინტერესო ნაწილია კვება. ბევრი ჯარისკაცი დღის გატარებას სწორედ ამ დროს გეგმავს. ბაზაზე სამჯერ აჭმევენ. საუზმე, ლანჩი და სადილი. აქ კვება შუაღამესაც შეიძლება, მათთვის, ვინც დღის მანძილზე დავალებაზეა გასული. კვების გარდა აქ საყიდლებზეც დადიან. ბაზაზე ბევრი რამის შეძენა შეიძლება, სასუსნავიდან დაწყებული, კომპიუტერული ტექნიკით და ტელევიზორებით დამთავრებული.

ეს ყველაფერი კი ავღანეთის ურთულეს რეგიონში - ყანდაჰარში განლაგებულ ბაზაზე ხდება. ავღანეთი მსოფლიოს ერთერთი უღარიბესი ქვეყანაა, სადაც უკვე ცხრა წელია თალიბ ამბოხებულებთან სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ჯარისკაცების დიდი ნაწილი აქ 6 დან 12 თვემდე ვადით იგზავნება. ეს ოჯახებიდან მოწყვეტისთვის საკმაოდ დიდი და მძიმე დროა. თუმცა, ბაზის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რომ ჯარისკაცებს აქ ყოფნა გაუადვილდეთ.

XS
SM
MD
LG