ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი“


მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი“

უილიამ კორტნი: „კორუფცია საქართველოსთვის კვლავ დიდ გამოწვევად რჩება“

გუშინ ვაშინგტონში ბრუკინგსის ინსტიტუტმა საქართველოს პრეზიდენტს უმასპინძლა. მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის თემა იყო: „პოპულარული რევოლუციებიდან ეფექტურ რეფორმებამდე: საქართველოს გამოცდილება.“ პრეზიდენტი დამსწრე საზოგადოებას ბრუკინგსის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა მარტინ ინდიკმა წარუდგინა. მოდერატორი კი ბრუკინგსის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ფიონა ჰილი იყო.

პრეზიდენტმა თავის გამოსვლის დასაწყისში არაბულ სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე და მომხდარ რევოლუციებზე გაამახვილა ყურადღება:

„ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებით პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები მიმომხილველები ყველანი უკიდურესად გაკვირვებულნი არიან. რევოლუციებმა ტუნისში და ეგვიპტეში ჩვენ ყველანი გაგვაკვირვა და ახლაც ვაკვირდებით, თუ რა ხდება იქ, რათა გავიგოთ რა მოხდა და რაც მთავარია, თუ რა მოხდება ამის შემდეგ. რევოლუციებს აქვთ გასაოცარი შესაძლებლობა მოახდინონ არა მხოლოდ იმ ქვეყნების ტრანსფორმაცია, სადაც მათ ადგილი აქვთ, არამედ გვაიძულოს ყველანი დავფიქრდეთ და გადავაფასოთ ჩვენი ხედვა სამყაროს მიმართ,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამის შემდეგ მან მოიყვანა საქართელოს მაგალითი, თუ როგორი წარუმატებელი ქვეყანა იყო 2003 წლის ვარდების რევოლუციამდე. ერთერთ უპირველეს რეფორმად მიხეილ სააკაშვილმა სამართალდამცავ ორგანოებში მომხდარი გარდაქმნები და საპატრულო პოლიციის შექმნა დაასახელა. ასევე იყო საუბარი, რასაკვირველია, ბიზნესის გამარტივებაზე, ტრანსპარანტულობაზე და ეკონომიკურ აღმავლობაზე

შეხვედრის ბოლოს დასმული შეკითხვებიდან საკმაოდ საინტერესო იყო საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის უილიამ კორტნის შეკითხვა. ელჩი დაინტერესდა თუ რა კომენტარს გააკეთებდა პრეზიდენტი „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაზე, რომ საქართველში ნახევრად დემოკრატიაა.

„ეს მოხსენება ფრიდომ ჰაუსმა გასულ წელს გამოაქვეყნა სამოალაქო თავისუფლების კუთხით.მე იმედი მაქვს რომ 2012 წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ეს შეფასება უფრო გაუმჯობესდება. უნდა ითქვას, ეს არის სამმხრივი შეფასება, ხელისუფლების, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიცემულ ინფორმაციებზე დაფუძნებით. იცით, ჩვენ მიჩვეული ვართ მაღალი სტანდარტებით შეფასებას ვიდრე საშუალო სტანდარტებით და არის ხალხი ვინც დიდი სათვალეებით გვიყურებს და ელოდება რა შეცდომებს დავუშვებთ. ეს კარგია. ჩვენ არ ვართ იდეალურები და კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი,“ -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეხვედრის ბოლოს ჩვენთან საუბარში ბატონმა უილიამ კორტნიმ განაცხადა:

„საქართველოში სამაუწყებლო მედიაზე მთავრობის მხრიდან დიდი კონტროლია და ეს პრობლემატური საკითხია. სამაუწყებლო მედიის გათავისუფლება სწრაფად გადასადგმელი ნაბიჯია“

შეკითხვაზე, არის თუ არა საქართველოში ელიტარული კორუფცია ბატონმა კორტნიმ განაცხადა:

„ჩემი საქართველში ყოფნის შემდეგ, კორუფცია შემცირებულია. თუმცა, კორუფცია საქართველოსთვის კვლავ დიდ გამოწვევად რჩება. ამის შესამცირებლად კი აუცილებელია კონკურენტუნარიანი ინსტიტუტების და დამოუკიდებელი საზოგადოების არსებობა, რეალურად დამოუკიდებელი პროკორატურის და სასამართლოს, არასამთვრობო სექტორის და დამოუკიდებელი მედიის არსებობა. ყველა ამ ინსტიტუტის ერთობლივი მუშაობა, ერთმანეთის კონტროლი და ბალანსი კორუფციის შემცირების გარანტია იქნება.“- დასძინა ბატონმა კორტნიმ.

XS
SM
MD
LG